საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

"დათო, მადლობა, რომ იყავი" - უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:13 - 18 მარტი 2022 hits 5871
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი
ახალი ამბები
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი

დღეს ცნობილი გახდა უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის შესახებ. ისინი, კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენთან ბრძოლაში 17 მარტს დაიღუპნენ. 

ქართველი მოხალისეების უკანასკნელ ბრძოლაზე უკრაინელმა ჟურნალისტმა ალექსეი ბობროვნიკოვმა თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა. 

ჟურნალისტი ჰყვება, რომ ამ ბრძოლის დროს, ის ბერიაშვილთან და რატიანთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ქართველი მოხალისეების დაღუპვის შესახებ მანამდე არ დაწერა, ვიდრე ეს ამბავი და მათი ვინაობა მედიაში არ გახმაურდა.

ალექსეი ბობროვნიკოვი საქართველოში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის სამშობლოში 7 მარტს გაემგზავრა. 

„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი.
ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლაში. 
უკვე დაღუპული ბერო გამოგვყავდა.
ბოლომდე იბრძოლა ბერომ სიცოცხლისთვის, ბოლო წუთამდე.
დათო რატიანი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა. 
სწორედ მან გადამარჩინა, უკვე სიკვდილის შემდეგ, ამაზე მანამდე მოვყევი, თუმცა მაშინ მისი ვინაობა არ დამისახელებია.
სიკვდილამდე მან რამდენიმე ოკუპანტი გაიყოლა თან. 
ის მეტყვიამფრქვევე იყო.
დათომ გმირულად იცხოვრა და გმირულად დაიღუპა: ფეხში დაჭრილ ფრანგჯარისკაცს ეხმარებოდა.
დათო იყო ძლიერი, ჩუმი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი.
დათო რატიანი - სვანი მესტიიდან, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და რომელმაც კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა ავღანეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის ომში. 
მე ვწერ ამაზე მშრალად და მხოლოდ ის ფაქტები მომყავს, რომელთა მოყოლის უფლებაც მაქვს.
შეიძლება დათოზე მერე მეტი დავწერო, ადამიანზე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა ჩვენი ნაცნობობის რამდენიმე თვისა და ფრონტზე ერთად გასვლების განმავლობაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.
რატიანი...
ყოველ წუთს მინდა მესმოდეს შენი ხმა: „ალექს, გაწმინდე ავტომატი?“ „ალექს, წაიკითხე იმ დაღუპულ ქალზე, შვიდი შვილის დედაზე?“ „ალექს, არის სიახლე, როდის გავდივართ“.
გუშინ დილის ხუთ საათზე დათო უკანასკნელად გავიდა საბრძოლველად.
უკანასკნელ წუთამდე ერთად ვიყავით.
ნაღმმა, რომელმაც ის იმსხვერპლა, როდესაც მტერი ჩვენს აყვანას ცდილობდა, მსუბუქად შეარყია მებრძოლი, რომელიც დათოს ზურგით მიჰყავდა, თუმცა მე არ შემხებია.
ნაღმების წვიმაში, იმ საზარელი ღამით, როდესაც დაღუპულები გამოგვყავდა, ჩვენი ყველას განადგურებასცადეს.
მაგრამ ბედისწერამ მანამდე დათო გამოგვაცალა.
იმ ღამით, მე დათოს სათვალის საკიდმა გადამარჩინა.
წვრილმა შავმა საკიდმა.
ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა გამოვიყვანეთ ისინი ტყიდან, სადაც დაეცნენ.
ვიცი, ცეცხლის ქვეშაც რომ ვყოფილიყავით, აუცილებალდ მეტყოდა დათო, - „ალექს, ხომ მითქვამს, ნუ მიაბამ მჭიდს ეგრე, შეიძლება გაიჭედოს“.
დათო.
მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი.
მადლობა, რომ იყავი“.

მანამდე ალექსეი ბობროვნიკოვმა სათვალის საკიდის შესახებ დაწერა.  

„გუშინ ერთმა ქართველმა მებრძოლმა გადამარჩინა.
მე ხომ "აჩკარიკი" ვარ.
სათვალე ჩემი თერმოსკოპია, ჩემი სანათი, ჩემი დრონი.
ბრძოლამდე სამი დღით ადრე, ამ მებრძოლმა ტაქტიკური სათვალისთვის თავისი რეზინის საკიდი მომცა.
იდეალურად მოერგო ჩემს სათვალეს.
როდესაც ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ ერთი საკმაოდ მძიმე მებრძოლი გამოგყავდა, სანგარზე გადახტომისას, სათვალე ცხვირიდან ჩამომივარდა.
უსათვალოდ ღამით ტყიდან ვერ გამოვიდოდი, თანაც სხვა გვყავდა გამოსაყვანი.
თუმცა საკიდის წყალობით, სათვალე არ დამიკარგავს, გავისწორე და სამშვიდობოს გამოვედი.
თვითონაც რომ არ იცოდა, ისე იხსნა ჩემი სიცოცხლე ჩემმა მეგობარმა“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დაღუპული მოხალისეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და რომ საქართველოს ელჩს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და მოთხოვნა, უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. რუსეთის საოკუპაციო ძალები, სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, ინტენსიურად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს. გაეროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში