საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი“ - „ალტ-ინფოს“ მუქარის გამო სამირა ბაირამოვამ პოლიციას მიმართა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:48 - 15 მარტი 2022 hits 5746

სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ სამართალდამცველებს დღეს სიძულვილის ენით, უცენზურო სიტყვებითა და მუქარებით სავსე ის კომენტარები წარუდგინა, რომლებიც სოციალურ ქსელში მიიღო. აქტივისტზე თავდასხმა ფეისბუკში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვა მოითხოვა, შემდეგ კი ოფისის ფანჯრები უკრაინის დროშის ფერებში შეღება. 

„დაიწყეს გამოკითხვა და ვნახოთ, რას გააკეთებენ. მე მივუტანე ყველაფერი, ვაჩვენე სქრინები, სახელებით, გვარებით. ძალიან ბევრია, ფეიჯებზე, შეტყობინებებში, ყველაფერი ღიად არ დამიდია“, - უთხრა პოლიციიდან გამოსულმა სამირა ბაირამოვამ „მთის ამბებს“.

სამოქალაქო აქტივისტმა განყოფილებაში ისიც შეიტყო, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ მას ქონების დაზიანების გამო უჩივის და ზიანის 1200 ლარით ანაზღაურებას ითხოვს.

„მივმართე მთავრობას და სუსს, დახურეთ ეს პროვაკატორებისა და მოღალატეების ოფისი, არ მომისმინეს! „ალტ-ინფოს“ ოფისი ასე გავაპროტესტე ყველა მარნეულელისა და ქვეყნის პატრიოტის სახელით, ამით სოლიდარობას გამოვუცხადე უკრაინას, „ალტ-ინფოს“ ხალხისთვის კი მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ჩვენი გზა დიდი ხანია არჩეულია და ჩვენ ევროპელები ვართ!“, - დაწერა პოლიციაში წასვლამდე სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში და იმ შეტყობინებების სქრინებიც გამოაქვეყნა, რომლებშიც მას ღიად ემუქრებიან.

„შენ დედას **** რო გნახავ, ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი“, „მიწიდან ამოგთხრით, სად წახვალ“  -  შეტყობინებები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტმა მიიღო მუქარისა და უცენზურობის გარდა სიძულვილის ენითაცაა სავსე. მუქარის ავტორები, რომელთა ფეისბუკ გვერდებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი „ალტ-ინფოსა“ და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები არიან, განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს მის ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიურ კუთვნილებას.

ათობით სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი კომენტარი დაიწერა ვიდეოზე, რომელშიც ჩანს თუ როგორ ღებავს „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებს სამირა ბაირამოვა. ვიდეო მარნეულის სათემო რადიომ გამოაქვეყნა.

სამოქალაქო აქტივისტი ჰყვება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები ემუქრებიან.

სამირა ბაირამოვამ პროტესტის ნიშნად პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი, გუშინ 14 მარტს, მისი გახსნის დღესვე შეღება. მარნეულის გარდა, ქვემო ქართლში „ალტ-ინფოს“ პარტიას უკვე აქვს ოფისები დმანისში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, რუსთავსა და გარდაბანში. 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნას პროტესტი უკვე საქართველოს არაერთ ქალაქში მოჰყვა. მესტიაში ადგილობრივ ახალგაზრდებსა და მოძრაობის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ახალციხესა და გორში პარტიის ოფისის კედლებს წითელი საღებავი შეასხეს და წარწერები გააკეთეს. აქციები მოეწყო საგარეჯოში, ქობულეთსა და ოზურგეთში. ხულოსა და შუახევში კი „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისები დაატოვებინეს.

„ალტ-ინფოს“ ლიდერები, ბოლო დღეებში, განსაკუთრებული აგრესიით სწორედ აჭარის მცხოვრებთა მისამართით გამოირჩეოდნენ. საკუთარი ტელევიზიის ეთერით მათ არაერთი ისლამოფობიური კომენტარი გააკეთეს და ღიად დაემუქრნენ იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი ოფისების გახსნას პროტესტით შეხვდა.

პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" კიდევ სამი ახალი ოფისი 10 მარტს საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში გაიხსნა. 11 მარტს გახსნეს ოფისები ხარაგაულში, თიანეთსა და მცხეთაში, 12 მარტს კი - ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ქობულეთში. 13 მარტს პარტიამ ოფისები გახსნა ქედასა და ხელვაჩაურში.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დააანონსა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, აპრილის ბოლოს 77 ოფისი ექნებოდათ.  

პარტია გასული 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა და ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. მოძრაობის გაცხადებული მიზანი საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაა. ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგისა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირების გზით.

„ალტ-ინფო“ იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, თუმცა დაზარალებულთა ჩვენებებისა და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პოლიციას „ალტ-ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი არ დაუკავებია.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ალტ-ინფოს“ პარტია რუსეთში სრული შემადგენლობით ვიზიტს გეგმავს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში