საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩხუბი მესტიაში „ალტ-ინფოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის - ნაცემია 10-მდე ადამიანი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:02 - 03 მარტი 2022 hits 8394

მესტიაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და მოძრაობის წევრებს შორის, ერთ დღეში ორი დაპირისპირება მოხდა.

როგორც „მთის ამბებს“ მესტიელები უყვებიან, დაბის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სუ-ის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი რატიანი, დილიდან 30-მდე უცხო ადამიანთან ერთად გამოჩნდა. მესტიელების ინფორმაციით, ისინი „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები და მომხრეები იყვნენ და პარტიამ ოფისის დასაცლელად მიიყვანა.

პირველი კონფლიქტი დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა. ნატა ჯაფარიძე, უკრაინის მხარდასაჭერად და„ალტ-ინფოს“ პარტიის გასაპროტესტებლად გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გვიყვება, რომ მოძრაობის წევრები ორ მესტიელ ახალგაზრდას დაუპირისპირდნენ.

„ოფისის სიახლოვეს მოხდა ეს ყველაფერი. ქალაქის ცენტრია, ყველა იქ ტრიალებს. ეს ხალხი დმანისიდან და ჯანდარიდან იყო, მაგრამ გიორგი რატიანი მესტიელია და აქ ყველა ყველას იცნობს, შესაბამისად, კარგად იცოდნენ ეს ორი ადამიანი, აქციებზეც იყვნენ ისინი და მანამდეც, ბევრჯერ გვქონია ამ თემაზე კამათი. ომი რომ დაიწყო, იმ დღესაც და მერეც მოგვივიდა შელაპარაკება გიორგი რატიანთან. მისი პასუხისმგებლობაა, რაც მოხდა. დაგეგმილი იყო, იცოდნენ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები არიან, იცოდნენ ისიც, რომ აქციაზე გვახლდნენ“.

ნატა ჯაფარიძე ჰყვება, რომ პირველ ჩხუბს ცოტა მოგვიანებით შეესწრო, თუმცა დაახლოებით ორ საათში, უფრო დიდი თავდასხმის მოწმე გახდა, - „მომხდარის მერე იქვე, ცენტრში ვტრიალებდით ყველა, მეც, ჩემი მეგობრებიც.

ასე 20 კაცი მოვიდა, ჩვენთან მყოფ რამდენიმე ბიჭს ჰკითხეს, თქვენც იყავით აქციაზე? კიო, უპასუხეს და დაესივნენ ამათ. სხვებიც ჩაერთნენ ჩხუბში.

სამ ადამიანს სცემეს, ერთი შედარებით მეტად იყო ნაცემი, გასისხლიანებული. მოტეხილობა არ ჰქონია არცერთს, საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაგვჭირვებია“.

ნატა ჯაფარიძის მონათხრობი ადასტურებს მესტიელი ანი ჩართოლანიც, რომელიც მეორე, 3  საათისთვის მომხდარ ჩხუბს შეესწრო.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები იყვნენ, ისინიც წარმოშობით სვანები, მაგრამ არა აქაურები. ომი გააჩაღეს, ტანკიღა აკლდათ. გაშველებას ვერ ვასწრებდით. იყო აგრესიული შემოტევა, გინება, ჩხუბი. აგრესიულები იყვნენ მათ მიმართ, ვისზეც იცოდნენ, რომ აქციებზეც იყო და ამ პარტიის არსებობას აპროტესტებდა მესტიაში. აქეთ გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს ჩვენ მათი ოფისისთვის კვერცხების სროლით, მათ ბანერზე დახატულ ჯვარს მივაყენეთ შეურაცხყოფა, ჯვარს არ შეგარცხვენინებთო და ჩვენი ოფისები მთელ საქართველოში იარსებებს ვიდრე სამაჩაბლოს და აფხაზეთს არ დავიბრუნებთო, ასე დაგვძახოდნენ“, - იხსენებს ანა ჩართოლანი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებდნენ მესტიის პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ჩხუბის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა იქვე არავინ დაუკავებიათ. „მთის ამბები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებისგან ველოდებით ინფორმაციას ცემისა და საზოგადოებრივ სივრცეში ხულიგნობის ფაქტებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

მესტიელების ინფორმაციით, "კონსერვატიული მოძრაობის" რამდენიმე მომხრეც დაშავდა. „მთის ამბები“ „კონსერვატიული მოძრაობის“ მესტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი რატიანსაც დაუკავშირდა:

 - ბატონო გიორგი, როგორია თქვენი კომენტარი დღეს მესტიაში მომხდარზე?

 - მე არ მცალია, ბოდიში

 - თქვენ გაკისრებენ პასუხისმგებლობას

 - არ მცალია

 - და როგორც ვიცით, ოფისს ცლით, მართალია?
 - ... 

გიორგი რატიანმა ბოლო კითხვაზე ტელეფონი გათიშა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სუს-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მესტიის მერობაზე იყრიდა კენჭს.

მესტიაში მომხდარ ინციდენტებს წინ „ალტ-ინფოს“ პრორუსული პარტიის მიმართ ადგილობრივი ახალგაზრდების პროტესტი უძღოდა.

1-ელ თებერვალს მათ აქცია გამართეს უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად რუსული პროპაგანდაც გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა სეტის მოედნიდან „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს და აქცია იქ განაგრძეს.

„არა რუსეთს“, „არა რუსულ პროპაგანდას“, „პუტინ ხუილო“, „დიდება უკრაინას“, - ამ შეძახილებით ახალგაზრდებმა პარტიის ბანერს კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი მოძრაობის შესასვლელთან უკრაინული დროშა დაკიდეს. აქციის მონაწილეებმა „მთის ამბებს“ დღესაც დაუდასტურეს, რომ როგორც ფართის მეპატრონე „დაჰპირდა, ოფისი უმოკლეს ხანში დაიცლება და სჯერათ, რომ ეს ნათქვამი შესრულდება“.

მესტიის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩა N16-ში მდებარე შენობა, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაა განთავსებული, იური (ხუტა) რატიანს ეკუთვნის. 2018-2019 წლებში იური რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებშიც იყრიდა, ამავე პარტიიდან სიის მეოთხე ნომრად, მაგრამ საკრებულოს წევრი ვეღარ გახდა. ამავე შენობაშია მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიაც.

მესტიის გარდა, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ მოძრაობას საქართველოს რეგიონებში 40-მდე ოფისი აქვს და სულ 77 ოფისის გახსნას გეგმავს. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 18 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 36 675 ლარი იყო.

ამ თემაზე:

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში