საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ისე განვიცდით, როგორც რიგითი უკრაინელი“ - მეუფე ზენონის წერილი უკრაინის მიტროპოლიტებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:26 - 02 მარტი 2022 hits 3615

მთავარეპისკოპოსი ზენონი უკრაინის რამდენიმე მიტროპოლიტს სოლიდარობის წერილებს უგზავნის. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი წერილში უკრაინაში ჩასვლის სურვილსაც გამოთქვამს, უკრაინაში მიმდინარე ომს კი „რუსეთის საშინელ და უსამართლო თავდასხმას უწოდებს“.

მის უნეტარესობას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ეპიფანეს

თქვენო უნეტარესობავ,

უკრაინა უმკლავდება რა გამანადგურებელ სიბოროტეს, რომლის მსხვერპლი ჩვენი სამშობლოც არის უკვე მრავალი წელია, ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენკენ არის მომართული.

ჩემი დიდი სურვილია გამოვემგზავრო ლონდონიდან კიევში, თანაგრძნობის გამოსახატავად, მაგრამ რადგან არ ვიცი რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ამიტომ გიგზავნით სოლიდარობის ამ წერილს, მაშინ, როდესაც თქვენზედ რწმუნებული ეკლესია და ხალხი განიცდის მოწამეობას იმ ვანდალიზმის გამო, რომელიც რუსეთმა მოაწია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო საშინელი და უსამართლო თავდასხმა მშვიდობისმოყვარე უკრაინაზე, მისი სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით, თავისუფლების წინააღმდეგ, ყოველივეს ისე განვიცდით, როგორც ერთი თქვენთაგანი, როგორც რიგითი უკრაინელი, რადგან 2008 წელს ჩვენ უკვე ვიგემეთ ამ უსამართლობის ეშმაკეული ხელი.

გვწამს, რომ ხსნა იქნება ზეციდან, რომ მშვიდობის ღმერთი საკუთარი წყალობით გადმოხედავს ჩვენს ქვეყნებს, რომლებიც წლებია  შეჰყურებენ გაუგონარ უსამართლობას, მაგრამ, ღრმად სწამთ აღდგომისა და გამარჯვების!

აღფრთოვანებას იწვევს უკრაინის მამაცი არმია,

ძალას გვმატებს მსხვერპლი ქვეყნის შეუდრეკელი სული!

უკრაინამ შეძლო ცივილიზირებული სამყაროს გაერთიანება ბოროტების წინააღმდეგ!

ღმერთმა დაგილოცოთ ჩვილები,

ღმერთმა დაგილოცოთ ყრმები,

ღმერთმა დაგილოცოთ ახალგაზრდები,

ღმერთმა დაგილოცოთ მათი მშობლები.

ღმერთმა დაგილოცოთ მოხუცები!

საუკუნო ხსენება სამშობლოსათვის შეწირულებს!

ღმერთმა გვაკმაროს ომი!

მშვიდობა უკრაინას!

მშვიდობა საქართველოს!

მშვიდობა მსოფლიოს, ამინ!

+ ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

1/03.2022, ლონდონი

P.S. ჩვენი თანაგრძნობის წერილი გაეგზავნა ასევე, მის უნეტარესობას, მიტროპოლიტებს ონუფრეს და სვიატოსლავს.

ამ წერილის ადრესატი, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, მიტროპოლიტი ონუფრე  - მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, მიტროპოლიტი სვიატოსლავი კი უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიას ხელმძღვანელობს.

მეუფე ზენონმა, 22 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, სოლიდარობის წერილი ბრიტანეთში უკრაინის ელჩს გაუგზავნა. ამ წერილში იმედს გამოთქვამდა, რომ ჯერ კიდევ მოხერხდებოდა სისხლისღვრის თავიდან არიდება და უკრაინის ელჩს ლონდონის ქართულ კათედრალში საღვთო ლიტურგიაზე იწვევდა.

მთავარეპისკოპოსი ზენონი 26 თებერვალს, ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობდა.

უკრაინაში საომარი მოქმედებები მეშვიდე დღეა გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება.

დღეს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233-მა სასულიერო პირმა უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები და დიაკვნები, ჩვენი სახელით მივმართავთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა უკრაინაში, შერიგებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი, რომელმაც ომის მესამე დღეს, რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის გარანტად მართლმადიდებელი ეკლესია დაასახელა. „ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ახლობელ მოძმე უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიემართოს იმისკენ, რომ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ, უპირატესობა მოიპოვონ,“ – თქვა კირილმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თავისი შეშფოთების გამოსახატად რუსეთის საელჩოში მივიდა რომის პაპი ფრანცისკე, შემდეგ კი მოლაპარაკებებში შუამავლობის სურვილიც გამოთქვა. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას 24 თებერვალს ტვიტერზე გამოეხმაურა.

"საომარი მოქმედებები უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, უნდა შეწყდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად!" - წერია ილია მეორის ტვიტერის გვერდზე.

ამ პოსტიდან ცოტა ხანში, იმავე დღეს, პატრიარქის გვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადებაც, რომელშიც, ნათქვამია, რომ ეკლესია გულისტკივილით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, და რომ ჯერ კიდევ არის ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში