საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ავარიებში, ერთ წელში, 449 ადამიანი დაიღუპა და 7 705 დაშავდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:49 - 21 თებერვალი 2022 hits 3070

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს 5 863 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია საპირისპირო ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა.  

წლის განმავლობაში დაშავდა 7 705 ადამიანი, მათ შორის 754 ბავშვი. 944-ჯერ დაეჯახნენ ფეხით მოსიარულეებს, რის შედეგადაც 77 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი თბილისში ხდება, თუმცა მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონებს შორის, ყველა მეტი ადამიანი იმერეთი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა.

„მთის ამბები“ არაერთხელ წერდა საქართველოს მთიან რეგიონებში უსაფრთხო გზების პრობლემაზე, განსაკუთრებით კი თუშეთის გზაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა. 

2021 წლის 18 ოქტომბერს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 31-ე კილომეტრზე, თორღვას აბანოს ზემოთ, მეორე მოსახვევთან „ტოიოტა ფორანერის“ მარკის ავტომობილი დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. დაშავდა 2 ადამიანი.

2021 წლის 4 აგვისტოს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 35-ე კილომეტრზე, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან, ჯიპის მარკის მანქანა ხევში გადავარდა. მძღოლი და ერთი მგზავრი ომალოდან ალვანში ბრუნდებოდნენ.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მძღოლი, სოფელ ზემო ალვანის მკვიდრი 70 წლამდე მამაკაცი. მგზავრი, 21 წლის გერმანიის მოქალაქე დაშავდა. 

2020 წლის 23 აგვისტოს, 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარიის ადგილას მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, გამოძახებიდან 1.5 - 2 საათის შემდეგ მივიდნენ.

2019 წლის 27 ივლისს, 26 წლის ზაურ გიგოიძე, 48 წლის თამაზ ზურაბაშვილი, 69 წლის ნათელა ალდამიძე, 35 წლის შოთა მჭედლიშვილი, 50 წლის შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი - 13 წლის გარსევან შაბალაიძე და 18 წლის ლევან შაბალაიძე - 27 ივლისს, თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

2019 წლის 14 ივნისს, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, ე.წ. აბანოს ხიდთან „პიკაპის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. მანქანაში მჯდომი მგზავრი 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი 40 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, „პიკაპი“ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2018 წლის 29 ივლისს, თუშეთში, წოვათის ხეობაში ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. იმ დღეს სოფელ ინდურთაში დღეობა (დადალობა) ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა. მანქანაში მსხდომი ახალგაზრდებიდან, 22 წლის დიტო ლაგაზიძე დაიღუპა, 18, 23 და 25 წლის ბიჭები კი დაშავდნენ. გამოძიება ამ საქმეზეც 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. პოლიციას პასუხისგებაში არავინ მიუცია.

2018 წლის 27 მაისს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, სადაც მეწყერის გამო მდინარე ალაზანი იყო დაგუბებული, 56 წლის ტარიელ სახოკია სატვირთო მანქანით წყალში გადავარდა და დაიხრჩო. სახოკია თუშეთის გზის აღდგენით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. შემთხვევის დროს მას სატვირთო მანქანით ხრეში შეჰქონდა მდინარეში ხელოვნური მიწაყრილის გასაკეთებლად, რა დროსაც მიწაყრილი ჩაინგრა და სატვირთო წყალში გადავარდა. მანქანა დაახლოებით 10 მეტრამდე სიღრმის ტბაში მთლიანად ჩაიძირა.

2017 წლის 10 აგვისტოს, თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, 56-ე კილომეტრზე მთიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

2017 წლის 24 ივლისს, სოფელ ბოჭორნასთან „ტოიოტას“ მარკის ჯიპი გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხევში გადავარდა. 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე ადგილზე დაიღუპა. მძღოლი ავტომობილს ნასვამი მართავდა. ის ათნიგენობიდან, რომელსაც გომეწრის ხეობაში აღნიშნავდნენ, შენაქოში, სახლში ბრუნდებოდა.

2017 წლის 14 მაისს, თუშეთის გზის 43-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილთან ახლოს, ზვავი ჩამოწვა და 52 წლის პაატა ბუჟაიძე ქვეშ მოიყოლა. ბუჟაიძე სოფელ ლალისყურში ცხოვრობდა, კომპანია „გერალის“ თანამშრომელი იყო და გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ტექნიკას საწვავით ამარაგებდა. ზვავის ჩამოწოლის დროს ის და კიდევ ერთი პირი გზაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. 

2016 წლის 10 ოქტომბერს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი გზიდან დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. მანქანით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, დაშავდნენ მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები, რომლებიც გადარჩნენ.

2016 წლის 12 სექტემბერს, თუშეთში, პირიქითის ხეობაში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა.

2016 წლის 9 მაისს, თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილთან ახლოს ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტერტერაშვილი ადგილზე დაიღუპა, მეორე მამაკაცი დაშავდა.

2014 წლის 26 სექტემბერს, თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყალთან „ტოიოტას“ მარკის მანქანა ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხივე ადამიანი: 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე. 

თუშეთის გზა ევროპაში ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალშია. ფშაველიდან ომალომდე გზის სიგრძე 72 კილომეტრია და გავლას 4 საათი სჭირდება. მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. ბევრ ადგილას ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. ავტოსაგზაო შემთხვევები თუშეთის გზაზე თითქმის ყოველ წელს ხდება და უმეტესად, მსხვერპლით სრულდება. ავარიების გამომწვევი მიზეზები ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, მანევრირების წესების დარღვევა და მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაა.

ამავე თემაზე: სიკვდილის გზა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში