საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოხელა მოხუცი ფიცრულში ცხოვრობს - მერმა ხელფასი გაიზარდა და ახალ მანქანებს ყიდულობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:56 - 17 თებერვალი 2022 hits 9294

ამბროლაურის სოფელ ბეთლევში მცხოვრები 80 წლის ბონდო ბუხრაშვილის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, რაჭის სათემო ორგანიზაციამ მოგვიყვა. მარტოხელა მოხუცი წლებია, თავს სოფლის ამბულატორიის ყოფილ შენობას აფარებს - ფიცრულს, რომლის სახურავიც დიდთოვლობისგან ჩაქცევაზეა და სადაც ადამიანის ცხოვრება საშიშია. ზამთარში განსაკუთრებით სახიფათოა იქ ყოფნა - რომ არ გაიყინოს, ბონდო ბუხრაშვილი ცეცხლს მთელი ღამე არ აქრობს.

რაჭის სათემო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გამოხმაურება - ფეისბუკ ჯგუფში „რაჭველები“, მოხუცის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.

მეორე დღესვე, ბეთლევში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ავიდა. მერმა ადგილზე სოფლის რწმუნებული და ბონდო ბუხრაშვილის ნათესავებიც მიიყვანა.

„ჩვენ ამ პრობლემის შესახებ ვიცოდით. 2014 წელს მთავრობა დაეხმარა 7 ათასი ლარით. 1200 ლარად იყიდეს საცხოვრებელი ვაგონი. მისი მეუღლე აქ იყო რეგისტრირებული და გარდაცვალებამდე სარგებლობდა ყველა არსებული პროგრამით, შეშის პროგრამაა თუ სხვა. მერის წარმომადგენელი და დეპუტატიც ყურადღებას აქცევდნენ, ნათესავებიც, თანასოფლელებიც, თუმცა ეს არ პიარდებოდა და არ ვუყვებოდით ყველას“, - განაცხადა მერმა.

სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბონდო ბუხრაშვილი ტყიბულშია რეგისტრირებული. ბეთლევიდან იყო მისი მეუღლე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მანამდე კი სახლი დაეწვათ, რის შემდეგაც ამბულატორიის ყოფილ შენობაში ცხოვრობდნენ: „ეგ შენობაც ჩვენია, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, შევუშვით. მას ტყიბულში ერთოთახიანი ბინა აქვს, მეშახტეების კორპუსში, მაგრამ იქ არ ცხოვრობს. რაც შეგვიძლია ვეხმარებით, პროდუქტი იქნება ეს თუ ტკბილეული“.

- ბონდო, ტყიბულში ბინა ხომ გაქვს? - ეკითხებიან კამერის წინ მოხუცს სოფელში მერის წარმომადგენელი და მერი.

ბონდო ბუხრაშვილს ბინის შესახებ ჩვენც ვკითხეთ. დაადასტურა, რომ მეშახტეების კორპუსში ერთ ოთახი მართლაც აქვს, ოღონდ ამბობს, რომ იქ არ იცხოვრება და 30 წელია არ ყოფილა.

ამბროლაურის მერმა პირობა დადო, რომ ბონდო ბუხრაშვილს ამბროლაურში დაარეგისტრირებენ, რის შემდეგაც ის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა პროგრამით ისარგებლებს. მერს არ დაუკონკრეტებია, რით დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ხანდაზმულთა სოციალური დაცვისთვის მხოლოდ 500 ლარია გათვალისწინებული, საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის ჯამურად 40 ათასი ლარი.

ამბროლაურის 2022 წლის ბიუჯეტი 13 767 800 ლარია. აქედან 3 411 000 ლარი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და ხარჯებზე მიდის.

ახალარჩეული საკრებულოს პირველივე სხდომაზე მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი გაიზარდეს - მერმა 5000 ლარამდე, პირველმა მოადგილემ 4000 ლარამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ 4500 ლარამდე, მოადგილემ 3000 ლარამდე.

საკრებულოს დადგენილებაში განმარტებულია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ხელფასი კონკურენციას ვერ უწევდა კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებას.

საკრებულოს მომდევნო სხდომაზე, რამდენიმე დღის წინ, 130 ათასი ლარი ორი ახალი ავტომობილის შესაძენად გამოყვეს, რომელიც მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მოემსახურება.

მერიას და საკრებულოს რამდენიმე ავტომობილი აქვს, მათ შორის, მაღალი გამავლობის. ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ უარი გვითხრა კომენტარზე, განემარტა, რატომ ყიდულობს ახალ მანქანებს. „მთის ამბებმა“ შესყიდვის დასაბუთება წერილობით გამოითხოვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში