საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბების“ კამპანიის შემდეგ, გუბერნატორი აცხადებს, რომ ჭიკაიძეებს სახლს თვითონ აუშენებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:42 - 17 თებერვალი 2022 hits 11561

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ჭიკაიძეების უსახლკარო ოჯახს ხის ახალი სახლის აშენებას დაპირდა. დავით ნოზაძე ფშავში, სოფელ ხომში, გუშინ, 16 თებერვალს ავიდა, ერთი კვირის შემდეგ, რაც „მთის ამბებმა“ ამ მრავალშვილიანი ოჯახისთვის ხის სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა „მთის ამბების“ კამპანია, რომლის შედეგადაც ჭიკაიძეების ოჯახისთვის 40 ათასი ლარი შეგროვდა.

მანამდე, გასული წლის აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, მაღალმთიან რეგიონებში უსახლკარო ადამიანების ადვოკატირების პროექტს ახორციელებდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართა და ჭიკაიძეების ოჯახის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილება სთხოვა. მერიამ უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 3 ათასი ლარი გამოყო. დუშეთის მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დღემდე არ მიუღია.

„მთის ამბებმა“ ჭიკაიძეების ოჯახის დასახმარებლად იანვარში კამპანია მეორედ წამოიწყო და 37 ათასი ლარი შეაგროვა. მერიის სამიათასლარიანი დახმარების ჩათვლით, ჯამში სულ 40 ათასი ლარი გამოვიდა. 9 თებერვალს ჭიკაიძეებისთვის ხის სამოთახიანი სახლის ასაშენებლად „მთის ამბებმა“ ტენდერი გამოაცხადა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ნოზაძე ხომში ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მან ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა და ინფორმაცია მიაწოდა სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების ახალ პროგრამაზე, რომელიც 1-ელი მარტიდან უნდა დაიწყოს. „გუბერნატორთან ერთად მყოფმა ბიზნესმენებმა ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით, ჭიკაიძეების ოჯახს უახლოეს კვირებში ხის ახალ კომფორტულ სახლს აუშენებენ“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მრავალშვილიანმა დედამ, შორენა ჭიკაიძემ, „მთის ამბებს“ უთხრა, რომ გუბერნატორის დაპირების თანახმად, მათთვის ოროთახიანი ხის სახლის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება და მარტში დასრულდება.

„მთის ამბები“ ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დაპირებას. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვახმაროთ ბავშვებს ჩვენი მკითხველის მიერ სახლის ასაშენებლად შეგროვებული 37 ათასი ლარი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში