53 წლის გენადი ბესტაევი, რომელიც რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 2021 წლის 16 ნოემბერს გაათავისუფლა. ამ დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. 15 ნოემბერს გენადი ბესტაევს ციხეში ინსულტი განუვითარდა, ცხინვალში საავადმყოფოში კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. გადაწყვეტილება, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცათ, დე-ფაქტო ხელისუფლებამ სწორედ ამის შემდეგ მიიღო. ბესტაევი თბილისში 16 ნოემბრის ღამით კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა პალიატიურ კლინიკა „რედში".
გენადი ბესტავი, საოკუპაციო ძალებმა ზარდიაანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მას ცხინვალის სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მარიხუანას გადატანის ბრალდება წაუყენა და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე-ფაქტო ხელისუფლება ხაზს უსვამდა, რომ სასჯელი გაამკაცრეს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო და გენადი ბესტაევი მანამდეც ბევრჯერ დაუკავებიათ.
ბესტაევი, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ 2018 წელს, უკვე ოთხჯერ იყო დაკავებული. ზარდიაანთკარში გენადის სახლი გამყოფ ხაზზე დგას და მოქცეულია ე.წ. უკონტროლო ზონაში, რომელიც ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მდებარეობს.
ცხინვალში ცხოვრობენ გენადის ოჯახის წევრები - ყოფილი მეუღლე და შვილები. წარსულში, გენადი ბესტაევი რამდენჯერმე სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ცხინვალში შვილების სანახავად გადასვლას ცდილობდა.
გენადი ბესტაევის საკითხი მუდმივად იყო ერგნეთის შეხვედრების თემა, მათ შორის 2019 წელს მისი გატაცების შემდეგაც. გენადი ბესტაევის და, ნაირა ბესტაევი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი ძმის გასათავისუფლებლად საკმარისი ძალისხმევა არ გაუწევია. „საოკუპაციო რეჟიმმა მიიყვანა აქამდე მდგომარეობა, რა რეალობაც გვაქვს. ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იყო გამოყენებული. პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, - უპასუხა ჟურნალისტებს 2021 წლის 18 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზვიად ზვიადაძემ, როდესაც მას მსგავსი შეკითხვა დაუსვეს. ამ დროს, გენადი ბესტაევი უკვე თბილისში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"გენადი ბესტაევის სიკვდილი, პირველ რიგში, ოკუპანტების პასუხისმგებლობაა. ის შეიძლება ითქვას, რომ მეხუთე ადამიანია, რომელიც ბოლო წლებში საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, ვგულისხმობ ბაშარულს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილსა და კვარაცხელიას"
"სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში, ვერც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მის ხელთ არსებული ეფექტური ბერკეტები გამოეყენებინა და გენადი ბესტაევი დაეხსნა, მით უმეტეს, რომ მისი „დანაშაული“ უფრო მსუბუქი და მარტივი იყო, სხვების საქმეებთან შედარებით. ამიტომ პასუხისმგებლობის ნაწილი ჩვენს ხელისუფლებაზეც არის და მეტიც, საზოგადოებაზეც, რადგან ვერც ჩვენ მოვახერხეთ, გვეიძულებინა ხელისუფლება, რომ უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად ემოქმედა“, - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელი.
მოძრაობის ინფორმაციით, ამჟამად, უკანონოდ დაკავებული 6 საქართველოს მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში, ერთი კი სოხუმში. მათ უმრავლესობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის და ნარკოტიკების ან კონტრაბანდის გადატანის ბრალდება აქვს წაყენებული.