საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„დედე“ - პირველი ქართული ფილმი, რომლითაც ფრანგული ავიაკომპანია დაინტერესდა

18:56 - 27 თებერვალი 2018 hits 13475

მარიამ ხაჭვანის ფილმით „დედე“ უმსხვილესი ფრანგული ავიაკომპანია „Air France“ დაინტერესდა. კომპანიას სურს ქართული ფილმი მგზავრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფრენისას აჩვენოს. 2017 წელს „Air France“-მა 328 მიმართულებით 98 მილიონ 700 ათასი მგზავრი გადაიყვანა.

„დედე“ სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა და რეჟისორთან ერთად ყველა მსახიობი სვანია. მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.

„ფილმის ჩვენება „Air France“ ავიახაზების თვითმფრინავებში ნიშნავს 98.7 მილიონ შესაძლებლობას, 98.7 მილიონ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ვაჩვენოთ ჩვენი პატარა სამოთხე. ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობა. ეს დიდი წარმატებაა. გვიხარია, რომ ქართულ კინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია“, - ამბობს მარიამ ხაჭვანი.

მარიამ ხაჭვანის „დედე“ საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გადის. „დედეს" მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - მის შექმნაში საქართველოს, ირლანდიის, ყატარის და ჰოლანდიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში