საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

31 აგვისტოს არხოტში მთის ფესტივალი გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:44 - 19 აგვისტო 2019 hits 27283

31 აგვისტოს, შაბათს, ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.

ამღა ხევსურეთის მენაპირე სოფელია. გამორჩეულია თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და ისტორიით.

ფესტივალში მონაწილეობენ:

  • ლელა თათარაიძე
  • დები გოგოჭურები
  • თორნიკე სხიერელი
  • ანსამბლი „რიჰო“
  • ლეილა აჭიშვილი
  • ხასო ხანგოშვილი

ფესტივალის ფარგლებში, ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის, ძმად გაფიცვის უძველესი რიტუალი შესრულდება, რომელიც სულ მცირე 50 წელია აღარ ჩატარებულა.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ინგუში მწერალი ისა კაძოევი, რომელიც საქართველოში „მთის ამბების“ მოწვევით ჩამოდის. იგი ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების შესახებ სიტყვით მიმართავს.

ფესტივალს გაუძღვებიან ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ღონისძიებაზე მოხდება ამირან არაბულის ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც არხოტის ხეობისა და არხოტიონების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 15:00 საათზე არხოტში დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეებიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან - ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ და მთის სათემო ქსელი (ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია), რომლის უშუალო ძალისხმევითაც, რამდენიმე დღის წინ, არხოტის ხეობაში პირველად შევიდა ინტერნეტი და კომუნიკაციის საშუალება გაჩნდა.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან TV პირველი და რადიო თავისუფლება.

მთის ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.

თბილისიდან არხოტამდე 140 კილომეტრია. სამანქანო გზა არხოტის უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. მგზავრობას 5 საათი სჭირდება. გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით დღის საათებშია რეკომენდებული. არხოტში ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25 გრადუსია, ღამით 15-17. ხეობაში ორი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროა, სადაც თავისუფალი ადგილები აღარ არის. ღამისთევისთვის კარვების განთავსებას საფესტივალოდ გამოყოფილ საკემპინგე ადგილებზე შეძლებთ. არხოტის ხეობაში არ არის მობილური კავშირი. კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი. სპეციალურად ფესტივალისთვის, ამღაში უფასო Wi-Fi იქნება ხელმისაწვდომი. ტრადიციული ხევსურული კერძები შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

არხოტის ხეობა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია, სადაც ვიზიტორთა ქცევის წესები უნდა დაიცვათ. აკრძალულია: ნადირობა, ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს; გარემოს დაბინძურება; ხეებსა და კლდეებზე ასვლა, კლდის კიდესთან მიახლოება ნახევარ მეტრზე ახლოს; შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება; ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა); ჯვარ-ხატის ტერიტორიაზე შესვლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ „მთის ამბების“ ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში