საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურის „გადასახედიდან“ მოზაიკა არ მოიხსნება

16:33 - 25 იანვარი 2017 hits 3694

გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის ფარგლებში „ხალხთა მეგობრობის თაღზე“ არსებული მოზაიკა არ მოიხსნება და მისი აღდგენაც მოხდება. ამის შესახებ „მთის ამბებს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ სუჯაშვილმა განუცხადა.

სუჯაშვილმა განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც 24 იანვარს, „მთის ამბებმა“ მასზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, დიდი ალბათობით, ე.წ. „ხალხთა მეგობრობის თაღიდან“ მოზაიკის ფერადი ორნამენტები მოიხსნებოდა.

„ტენდერი გამოცხადებულია გადასახედის ნაგებობის რეაბილიტაციის და ტერიტორიის დაგეგმარებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ტენდერიც და მშენებლობა-რეაბილიტაციაც ცოცხალი პროცესია და იქ მუდმივად შეიძლება რაიმე იცვლებოდეს. ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტებში „ხალხთა მეგობრობის თაღზე“ არსებული მოზაიკის მოხსნის შესახებ არაფერია ნათქვამი. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს მსგავსი მოსაზრება. მინდა განვაცხადო, რომ გადასახედიდან მოზაიკა არ მოიხსნება. თქვენს მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე ადგილზე მოზაიკა დაზიანებულია და  რეაბილიტაციის პროცესში ის აუცილებლად აღდგება“, - აღნიშნავს სუჯაშვილი.

„ხალხთა მეგობრობის თაღი“ ჯვრის უღელტეხილის ქვემოთ, კურორტ გუდაურთან მდებარეობს. არქიტექტურული ნაგებობა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად 1982 წელს აშენდა.

ყაზბეგის გამგეობამ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული „გადასახედის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი 2017 წლის 20 იანვარს გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას კომპლექსური ტურისტული გასაჩერებელი ადგილი, სადაც ვიზიტორებსა და მგზავრებს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება შეეძლებათ. ტურისტული გასაჩერებელი ადგილი უნდა მოიცავდეს: გადასახედ ნაგებობას, საპირფარეშოს (2-2 კაბინა მამაკაცებისა და ქალებისათვის, ასევე 1 კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის), სუვენირების მაღაზიას, კაფე-სასაუზმეს, ღამის განათების მოწყობას და პარკირების ადგილს (ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილებისა და ველოსიპედების სადგომით).

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გადასახედის ნაგებობის გამაგრება და რეაბილიტაცია. ქვედა ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული იქნება დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედ ნაგებობამდე სამანქანე ასასვლელი გზა ჩაიკეტება და გახდება საფეხმავლო.

გადასახედთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სკამები, ნაგებობის მიმდებარედ არსებულ ბორცვებზე მისასვლელად კი მცირე ბილიკები. ასევე მოხდება კომუნიკაციების გაყვანა (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობა). ამასთან, ტერიტორიაზე განთავსდება მცირე და დიდი ზომის სანაგვე ურნები.

შესასრულებელი საპროექტო სამუშაოს ღირებულება 25 000 ლარია. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა წინადადებები 2017 წლის 24-დან 26 იანვრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ტენდერში გამარჯვებულმა კანდიდატმა საპროექტო სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში