„მთის ამბების“ სარედაქციო პოლიტიკა და ეთიკის კოდექსი
პრეამბულა
შპს „საქართველოს ამბები“ არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ორ ონლაინგამოცემას: „მთის ამბებსა“ და „საქართველოს ამბებს“. ორგანიზაციისა და მისი მედიაპლატფორმების მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, მოქალაქეებისთვის ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაა.
წინამდებარე კოდექსი წარმოადგენს რედაქციის დამოუკიდებლობის, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მთავარ დოკუმენტს. მისი დაცვა სავალდებულოა ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის, „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ყველა ჟურნალისტისთვის, რედაქტორისა და კონტრიბუტორისთვის, მიუხედავად მათი შრომითი კონტრაქტის ფორმისა.
1. სიზუსტე და სიმართლის პატივისცემა
- ფაქტების გადამოწმება: ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ნებისმიერი ფაქტი, ვიდრე ის გამოქვეყნდება, უნდა გადამოწმდეს მინიმუმ ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და სანდო წყაროსთან.
- კონტექსტი: ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს კონტექსტი. დაუშვებელია ციტატების დამახინჯება ან ფაქტების ისეთი ინტერპრეტაცია, რაც მანიპულაციურ ხასიათს ატარებს.
- ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა: მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ახალი ამბავი (ფაქტები) ავტორის მოსაზრებისგან (სვეტი, ბლოგი, ანალიტიკა)
2. მიუკერძოებლობა და ბალანსი
- მრავალმხრივობა: სადავო ან კონფლიქტურ თემებზე მუშაობისას, რედაქცია ვალდებულია ასახოს ყველა მხარის პოზიცია. თუ რომელიმე მხარე უარს ამბობს კომენტარზე, ეს მკითხველისთვის ცნობილი უნდა გახდეს.
- დამოუკიდებლობა: „საქართველოს ამბები“ თავისუფალია პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ჯგუფების გავლენისგან. სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
3. დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მრავალფეროვნება
- სიძულვილის ენის პრევენცია: ჩვენ გვესმის მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. რედაქცია ყველაფერს აკეთებს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
- სტერეოტიპების თავიდან არიდება: ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ ნეგატიური სტერეოტიპების ტირაჟირებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენასთან (მაგალითად, დანაშაულის მოტივის ჩვენებისას).
4. ბავშვთა უფლებების დაცვა
- ბავშვის საუკეთესო ინტერესები: პროფესიული საქმიანობისას უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ბავშვის (არასრულწლოვნის) ინტერესებსა და კეთილდღეობას.
- იდენტიფიცირების აკრძალვა: დაუშვებელია არასრულწლოვნის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, ფოტო, საცხოვრებელი ადგილი), თუ იგი არის სექსუალური, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, მოწმე ან ბრალდებული, მიუხედავად მშობლის/მეურვის თანხმობისა, თუ ეს ზიანს აყენებს ბავშვის ინტერესებს.
5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
- პირადი სივრცე: პატივს ვცემთ ადამიანის პირად ცხოვრებას და არ ვიჭრებით მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
- საჯარო ფიგურები: საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფარგლები უფრო ვიწროა, თუმცა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევაც უნდა იყოს დასაბუთებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით (მაგ. კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი).
- ტრაგედიები და გლოვა: უბედური შემთხვევებისა და ტრაგედიების გაშუქებისას ჟურნალისტებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური ტაქტი და თავი აარიდონ ადამიანების მწუხარების უსაფუძვლო ვიზუალიზაციას.
6. პროფესიული კეთილსინდისიერება და ინტერესთა კონფლიქტი
- მძიმე დანაშაულები: უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიგვაჩნია:
- ფაქტის განზრახ დამახინჯება;
- პლაგიატი (სხვისი ინტელექტუალური შრომის მითვისება წყაროს მითითების გარეშე);
- ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის, ფასიანი მომსახურების ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ.
- საჩუქრები: ჟურნალისტებს ეკრძალებათ ისეთი საჩუქრების ან შემოთავაზებების მიღება (სარეკლამო ტურები, უფასო ბილეთები და ა.შ.), რომლებმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ მათი ობიექტურობა. კრიტიკულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი.
7. შესწორების სტანდარტი
- შეცდომის აღიარება: ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ოპერატიულად შევასწოროთ არაზუსტი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
- გამჭვირვალობა: მასალაში არსებითი შეცდომის გასწორებისას, ტექსტს უნდა დაემატოს მკაფიო შენიშვნა (მაგ: „შესწორება: სტატიის პირველ ვერსიაში ეწერა... ფაქტი გასწორდა ამ დროს“), რათა მკითხველისთვის პროცესი იყოს გამჭვირვალე.
8. წყაროების დაცვა
- კონფიდენციალურობა: რედაქცია უპირობოდ იცავს ანონიმური წყაროს საიდუმლოებას, თუ მას მიეცა კონფიდენციალურობის გარანტია.
- ანონიმურობის პირობა: ანონიმური წყარო გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფორმაციის სხვაგვარად მოპოვება შეუძლებელია და ინფორმაციას აქვს მაღალი საზოგადოებრივი ღირებულება.
9.ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება
- ადამიანური კონტროლი და პასუხისმგებლობა: რედაქცია პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანურ განხილვას და შემოქმედებით პროცესს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი (ტექსტის რედაქტირება, თარგმნა, ტრანსკრიფცია). AI ვერ ანაცვლებს ჟურნალისტურ პასუხისმგებლობას, ეთიკურ შეფასებას ან სარედაქციო ზედამხედველობას.
- გამჭვირვალობა და ეტიკეტირება: სავალდებულოა მკითხველის ინფორმირება ნებისმიერი ვიზუალური ან ტექსტური მასალის შესახებ, რომელიც არსებითად არის გენერირებული AI-ის მიერ. მითითება უნდა იყოს მკაფიო და თვალსაჩინო (მაგ: „ეს ფოტო/ტექსტი გენერირებულია AI-ის მიერ“).
- დაუშვებელი პრაქტიკა: კატეგორიულად იკრძალება AI-ის გამოყენება ისეთი მასალის შესაქმნელად, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, მათ შორის:
- რეალური მოვლენების დამახინჯება ან ფაბრიკაცია.
- Deepfake-ტექნოლოგიების ან მანიპულაციური ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც რეალური პიროვნებების იდენტობას ან მოქმედებებს ბაძავს.
- ფაქტების გადამოწმება (Fact-Checking): AI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ მიიჩნევა გადამოწმებულ წყაროდ. ჟურნალისტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა AI-ის მიერ დამუშავებული ინფორმაციის ფაქტობრივ სიზუსტეზე. ნებისმიერი ფაქტი, სტატისტიკა თუ ციტატა, რომელიც მიღებულია AI-ის დახმარებით, უნდა გადამოწმდეს დამოუკიდებელ, სანდო წყაროებთან, სარედაქციო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად.
- პირადი მონაცემების დაცვა: ჟურნალისტებს ეკრძალებათ კონფიდენციალური, პერსონალური ან წყაროსგან მიღებული მგრძნობიარე ინფორმაციის შეყვანა საჯარო AI-ინსტრუმენტებში (მაგ. ChatGPT, Gemini და ა.შ.), რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის გაჟონვა და წყაროს იდენტიფიცირება.
10. საჩივრების განხილვა და თვითრეგულირება
- მომართვის უფლება: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ „მთის ამბების“ ან „საქართველოს ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა წინამდებარე კოდექსის პრინციპები ან მისი უფლებები, აქვს უფლება, საჩივრით მიმართოს ორგანიზაციას.
- საჩივრის ფორმა: საჩივარი მიიღება წერილობითი ფორმით რედაქციის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.]. საჩივარში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული სადავო მასალა (ბმული) და კოდექსის ის პუნქტი, რომელიც მომჩივნის აზრით დაირღვა.
- სარედაქციო საბჭო: საჩივრებს განიხილავს ორგანიზაციის სარედაქციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მთავარი რედაქტორი, რედაქტორები და წამყვანი ჟურნალისტები.
- განხილვის ვადები: სარედაქციო საბჭო ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს საჩივრის მიღებიდან ერთი თვეში) განიხილოს მომართვა და წერილობითი პასუხი აცნობოს დაინტერესებულ პირს.
- გადაწყვეტილება: თუ სარედაქციო საბჭო დაადგენს კოდექსის დარღვევას, გამოცემა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს შეცდომა, გამოაქვეყნოს შესწორება/ბოდიში ან, უკიდურეს შემთხვევაში, მასალიდან წაშალოს არაზუსტი/სადავო ინფორმაცია.
წინამდებარე კოდექსი ეფუძნება საერთაშორისო მედიასტანდარტებს.