საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მანიპულირება „მწვანე ენერგიის“ სახელით: რა იმალება გოგნის ქარის სადგურის პროექტის მიღმა?

23:54 - 17 აგვისტო 2026 hits 274
არჩილ გაჩეჩილაძე, ირაკლი კობახიძე, დავით სონღულაშვილი
ახალი ამბები
არჩილ გაჩეჩილაძე, ირაკლი კობახიძე, დავით სონღულაშვილი

„მთის ამბების“ რეპორტაჟს, სადაც გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხური ტყეების, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული 10 ათასამდე წაბლის, ბზისა და უთხოვარის ძვირფასი ხის გაჩეხვაზე გიამბობთ, პროექტის მფლობელი ჰოლდინგი AG Energy „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BM.ge) ვებგვერდზე დაფინანსებული განცხადებით გამოეხმაურა:

ტყის ზონაში მნიშვნელოვანი ქარის პროექტები ხორციელდება მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში ხდება გზის გაყვანისთვის და ტურბინებისთვის პლატფორმის ადგილებში ტერიტორიის მომზადება. კონკრეტულად, ამ პროექტისთვის, ასეთი ზემოქმედება მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 3%-ს არ აჭარბებს, ანუ ტყის 97% ხელუხლებელი რჩება.

გოგნის ქარის ელექტროსადგური საქართველოს სრული ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზამთრის დეფიციტის დასაბალანსებლად. ამ პროექტის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ეკოსისტემის შენარჩუნების, აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, კერძოდ:

მცენარეების ამოღება, მათ შორის ნაწილობრივ, დაავადებული ხეების ჩანაცვლებას უკავშირდება. შესაბამის ტერიტორიაზე კი მინიმუმ, იმავე რაოდენობით ახალი, ჯანსაღი ხემცენარეები დაირგვება. ასეთი ტიპის მოთხოვნა, არ არის კანონით გათვალისწინებული და გარემოს ეროვნული სააგენტოს დამატებითი მოთხოვნაა, რომელსაც კომპანია პირნათლად შეასრულებს.

კომპანიის მიერ აღებული ვალდებულება ასევე ითვალისწინებს ხემცენარეების ამოღების უპრეცედენტო საკომპენსაციო საფასურის, 5,604,000 ლარის დაფარვას რომელსაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მიმართავს დამატებით ტყეების გასაშენებლად.

გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება დაახლოებით 400 ადამიანი, პროცესში ჩართული ადამიანების 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

გოგნის ქარის ელექტროსადგური ყოველწლიურად ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში შეიტანს 5 მილიონ ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა დამატებით საშუალებას მისცემს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დაგეგმოს და განახორციელოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.

დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ გოგნის ქარის ელექტროსადგური 100%-ით მოემსახურება ქვეყნის შიდა ენერგეტიკულ საჭიროებებს და გვჯერა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.

„მთის ამბებმა“ „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან გოგნის ქარის ელექტროსადგურთან დაკავშირებით საქმის წარმოების მასალები გასულ კვირას წერილობით გამოითხოვა. დოკუმენტები ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ განცხადებაში მოხმობილი ზოგიერთი მასალის განხილვისას ღია წყაროებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვეყრდნობით.

 

ტერიტორიის მასშტაბი - რა არის რეალურად 3%

კომპანია წერს, რომ პროექტისთვის ასეთი ზემოქმედება (ტყის ჩეხვა, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების განადგურება) მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 3%-ს არ აჭარბებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის თანახმად, „გოგნის ქარის კომპანიას“ გამოეყო ტერიტორია, რომლის ფართობიც დაახლოებით 2800 ჰექტარს შეადგენს. ამ ტერიტორიის 3% ზუსტად 84 ჰექტარია - ეს არის უნიკალური ტყის მასივის უზარმაზარი ფართობი.

 

ენერგოდამოუკიდებლობის მითი და რეალური დეფიციტი

როდესაც კომპანია პროექტს „საქართველოს სრული ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს“ უწოდებს, ეს რეალურ ენერგეტიკულ ბალანსსა და ციფრებს ბოლომდე არ ეფუძნება და ძირითადად მარკეტინგული რიტორიკაა.

საქართველოს ელექტროენერგიის 2025 წლის ბალანსის თანახმად, მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილი მხოლოდ 10.86% იყო.

რუსეთიდან შემოტანილი ენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს (მაგალითად, იანვარ-თებერვალში რუსული იმპორტის 99%-ზე მეტი სწორედ იქ წავიდა), რაშიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ფულს არ იხდის.

თუ იმპორტიდან ოკუპირებული აფხაზეთის წილს გამოვაკლებთ, ირკვევა, რომ საქართველოს რეალური დეფიციტი 2025 წელს სულ რაღაც 5.81% იყო.

თუ ქვეყნის მთლიანი წლიური დეფიციტი (განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთის გარეშე) რამდენიმე პროცენტის ფარგლებშია, მის აღმოსაფხვრელად რატომ ვანადგურებთ ჰექტრობით უნიკალურ კოლხურ ტყეს, წითელი ნუსხის ასწლოვან ხეებს? ენერგიის წარმოების გაზრდა შეუძლებელია ალტერნატიულ, ნაკლებად მგრძნობიარე ადგილებზე ან უკვე დეგრადირებულ მიწებზე მსგავსი პროექტების განხორციელებით?

 

ალტერნატივების არარსებობა

გზშ-ის ანგარიშის თანახმად, „გოგნის ქარის კომპანიამ“ მხოლოდ სამ ალტერნატივაზე იმუშავა და სამივე ვარიანტი ერთი და იმავე ტერიტორიაზე, ტყიბულისა და თერჯოლის კოლხურ ტყეებში მდებარეობდა, განსხვავდებოდა მხოლოდ ტურბინების რაოდენობით.

კომპანიას საერთოდ არ განუხილავს პროექტისთვის ისეთი ადგილი, სადაც უარყოფითი გარემოსდაცვითი ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა.

  • ალტერნატივა 1: ითვალისწინებს 28 ტურბინა-გენერატორის განთავსებას, რათა მაქსიმალურად ათვისებულ იქნას საკვლევი ტერიტორია და ოპტიმიზირებულ იქნას მისასვლელი გზები.
  • ალტერნატივა 2: ითვალისწინებს 21 ტურბინის განთავსებას დასავლეთ ნაწილში, გოგნის ქედის გასწვრივ. დადგმული სიმძლავრე მცირდება 224-დან 168 მეგავატამდე.
  • ალტერნატივა 3: ითვალისწინებს 9 ტურბინას სამხრეთ ნაწილში და 8-ს აღმოსავლეთ უბანზე (ჯამში 17 ტურბინა, დადგმული სიმძლავრე - 144 მეგავატი). საჭირო იქნება დაახლოებით 15 კმ შიდა გზების გაყვანა, ხოლო ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ფართობი 226 ჰექტარს შეადგენს.

საბოლოოდ, კომპანიამ უპირატესობა ყველაზე მასშტაბურ, 1-ელ ალტერნატივას მიანიჭა.

 

საერთაშორისო პრაქტიკა

კომპანია აცხადებს, რომ „ტყის ზონაში მნიშვნელოვანი ქარის პროექტები ხორციელდება მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში“, თუმცა არ აკონკრეტებს არცერთ სახელმწიფოს.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში, ტყის ზონებში ქარის ენერგეტიკული პროექტები ნამდვილად ხორციელდება, მაგრამ ამ პრაქტიკას უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტები და მკაცრი შეზღუდვები არეგულირებს:

გერმანიაში ტყიან ტერიტორიებზე (მაგალითად, ჰესენის და რაინლანდ-პფალცის რეგიონებში) ქარის სადგურები არსებობს, თუმცა უპირატესობა ენიჭება უკვე დაზიანებულ, კლიმატური პირობებისგან ან მავნებლებისგან განადგურებულ ტერიტორიებს და არსებულ ინფრასტრუქტურას (გზებს), რათა ჯანსაღი ეკოსისტემები გადარჩეს.

ევროპაში პროექტებს წინ უძღვის საჯარო გარემოსდაცვითი შეფასებები. კანონმდებლობით სავალდებულოა მკაცრი საკომპენსაციო ზომები, ხოლო უძველესი და წითელი ნუსხის ტყეები უმკაცრესი დაცვის ქვეშაა.

გოგნის ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში საუბარია არა ზოგადად ტყის ჩეხვაზე, არამედ წითელ ნუსხაში შესული ასწლოვანი ხეების განადგურებაზე. პრობლემურია პროცესის გამჭვირვალობაც, როდესაც კოლხური ტყეების გაჩეხვაზე გადაწყვეტილების მიღება „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით (პირდაპირი წესით), საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის გარეშე მოხდა.

ევროკავშირის კანონმდებლობით, ფინანსური კომპენსაცია არასდროს არის პირველი გამოსავალი. კომპანიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ პროექტის სხვა ადგილას განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია. თუ ზიანის აცილება ვერ ხერხდება, ის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ფინანსური ან მატერიალური კომპენსაცია გამოიყენება მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც სხვა გზა აღარ არსებობს.

გადაშენების პირას მყოფი და იშვიათი ენდემური სახეობები (როგორიცაა წაბლი, ბზა და უთხოვარი) მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელთა კომერციული მიზნებით განადგურება ევროპული სტანდარტებით თითქმის გამორიცხულია.

 

ფორმალური საჯარო განხილვები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის საჯარო განხილვები შემდეგი გრაფიკით გაიმართა:

  • მუხურის სკოლა - 18 თებერვალი;
  • თერჯოლა - 19 თებერვალი, 12:00 სთ;
  • სოფელი ახალითერჯოლა - 19 თებერვალი, 15:00 სთ;
  • სოფელი ჩხარი - 20 თებერვალი, 11:00 სთ;
  • სოფელი გოგნი - 20 თებერვალი, 14:00 სთ.

„მთის ამბებმა“ მუხურასა და გოგნში მუდმივად მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქე გამოკითხა. მათთვის არც საჯარო განხილვის შესახებ უცნობებია ვინმეს და არც შეხვედრაში მიუღიათ მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ძირითადად სკოლების პედაგოგები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ჯანსაღი ხეების ჩეხვა დაავადებულის ნაცვლად

კომპანია აცხადებს, რომ მცენარეების ამოღება დაავადებული ხეების ჩანაცვლებას უკავშირდება. თუმცა, „მთის ამბების“ მიერ გადაღებულმა და გავრცელებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ გოგნის ტყეში სრულიად ჯანმრთელ და ასწლოვან ხეებს ჩეხავენ.

 

ადგილობრივი ბიუჯეტის სარგებელი

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ოპერირების პერიოდში ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 2 246 400 აშშ დოლარი უნდა შევიდეს, მაშინ, როდესაც კომპანია თავის განცხადებაში მის ორმაგ ოდენობაზე მიუთითებს.

გარანტირებული შესყიდვის ფასები

რაც შეეხება კომპანიის განცხადებას იმის შესახებ, რომ პროექტი ქვეყნის შიდა ენერგეტიკულ საჭიროებებს მოემსახურება, რადგან ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის „გოგნის ქარის კომპანიასთან“ დადებული ხელშეკრულება, ზუსტად არ ვიცით, რა ტარიფით უნდა შეისყიდოს სახელმწიფომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

განსაკუთრებით მწვავეა იმ პერიოდის საკითხი (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით), როდესაც უკვე არსებული ჰიდრო, მზის და ქარის სადგურები ქვეყნისთვის საჭიროზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ამ დროს სიჭარბის გამო წყალსაცავიანი, მარეგულირებელი ჰესებიდან წყლის დაღვრა ხდება, რადგან ჭარბი ენერგიის მოხმარება არც ადგილზეა შესაძლებელი და არც მეზობელ ქვეყნებში იყიდება იმ ფასად, რა ფასსაც სახელმწიფო ახალაშენებულ სადგურებს უხდის.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 1.2 თეთრი ღირს, ხოლო ახალაშენებულ სადგურებს (რომელთა მფლობელებიც გავლენიანი პირები - ყოფილი და მოქმედი მინისტრები და მათი ოჯახის წევრები, დეპუტატები, ბანკირები არიან) გარანტირებული შესყიდვის ვალდებულების გამო სულ მცირე 6-7.5 ცენტს ვუხდით 1 კვტ.სთ-ში.

გოგნის ქარის ელექტროსადგურის პროექტს, რომელიც ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის ხარჯზე ხორციელდება, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის კუთვნილი კომპანია ახორციელებს - კომპანია, რომელიც უნიკალური კოლხური ტყეებისა და წითელი ნუსხის ასწლოვანი ხეების მასობრივი განადგურების ფასად, სახელმწიფოსგან გარანტირებულ მილიონობით მოგებას მიიღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში