საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მწვანე თვალთმაქცობა“ - გოგნის ქარის სადგურისთვის კოლხურ ტყეებს ჩეხავენ

14:47 - 14 აგვისტო 2026 hits 2357

ჩვეულებრივი წაბლი“ 7533 ინდივიდი;

კოლხური ბზა“ 2115 ინდივიდი;

უთხოვარი“ 40 ინდივიდი „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ტყიბულისა და თერჯოლის ტყეებში წითელ ნუსხის ასწლოვან ხეებს ჭრიან. 9 688 ძვირფასი ხე, რომლის დაცვა და შენარჩუნება მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, სწორედ იმ მთავრობის 1466- განკარგულებით იჩეხება. იმ ათასობით მრავალწლიან მცენარეს შორის, რომელიც პროექტს ეწირება, ასევე არის ძელქვა და იშვიათი იმერული მუხა.

„გოგნის ქარის კომპანიას“ ეგრეთწოდებული „ტყით სარგებლობა“ ახალი დაწყებული აქვს. ამ „სარგებლობის“ მასშტაბებისა და სამუშაოების ინტენსივობის გასაცნობად „მთის ამბების“ ჯგუფი ადგილზე მივიდა. კომპანიის სარგებლობაში ბათუმზე დიდი, 2800 ჰექტარი მიწაა, დაახლოებით 4 000 საფეხბურთო მოედნისხელა ტერიტორია. ტყის ჭრის უფლებას ვადა 2 წელი აქვს.

გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ  30 მარტს გამოსცა. სააგენტოს ელენე ღუბიანური უძღვება, რომელიც იქამდე თურქული კომპანიის „ENKA RENEWABLES“-ის „ნამახვანჰესის“ პროექტის მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი იყო.

წითელი ნუსხის ასწლოვანი ხეების მერქნით დატვირთული მანქანები ტოვებენ თერჯოლისა და ტყიბულის ტყეებს, რომლებიც თავის მხრივ კოლხური ტყეების ნაკვეთებია. კოლხური ტყე კი იუნესკოს ძეგლია - ბუნების პირველი ძეგლი საქართველოში, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მისი უნიკალური და ძველი ეკოსისტემის გამო ბუნებრივი მემკვიდრეობის კატეგორიაში აღიარა.

„ჩვენ ფაქტიურად ვაქრობთ კოლხურ ტყეებს, რაც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული.

ასეთი სადგურები დგება იმ ადგილებზე, სადაც გაუდაბნოების პროცესი ისედაც დაწყებულია ან მინდორია, ველია, არაფერი იჭრება. ხეები გადამცემი ხაზებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამისთვის დერეფანი რომ გაიჭრება, ის ცარიელი უნდა დარჩეს. არ შეიძლება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქვეშ ტყე იყოს. მე რამდენადაც ვხვდები, საქართველოში ბევრი ტერიტორიაა ქარიანი, სადაც შეიძლება ანალოგიური პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელება. რაღა მაინცდამაინც კოლხურ ტყეში უნდა ვაკეთოთ ეს?“- გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ნინო ჩხობაძის კითხვა რიტორიკულია. სამშენებლო მოედანზე მისულებს პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია.

გოგნის ქარი ელექტროსადგურის თანამშრომლები ხან ჩვენი უსაფრთხოების საბაბით, ხან ეგრეთწოდებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, ხან ხვეწნით და ხან ხმაში ბრაზით გვთხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას უფროსისგან საყვედურის შიშით და მთელი ეს დრო გვიმტკიცებდნენ, კი არ ვჩეხავთ, მხოლოდ ვჭრით და რასაც ვჭრით, მერე ხომ ყველაფერს ისევ დავრგავთო?! შესაძლებელია თუ არა გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაცია, ეს კიდევ ერთი საკითხი იყო, რომლის კომენტირება ექსპერტს ვთხოვეთ.

ნინო ჩხობაძე: „7000 ნერგ წაბლს ვერც კი იშოვი ჩასანაცვლებლად. ბზა წელიწადში 4 სანტიმეტრს მატულობს, მეტს არა. ეს არის საუკუნოვანი ხეები. რა დრო დასჭირდება, ის კოლხური ტყე რომ ისევ აღდგეს?“

კოლხური ტყე სამყაროს უძველესი ეკოსისტემაა, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა. ამ ტყის შემადგენელი იმერეთის ტყეები მართალია ის აღარ არის, რაშიც დინოზავრები ბალახობდნენ, აქ ახლა ძროხების საძოვარია, ტყეც მეორადად ითვლება, მაგრამ არა ხელოვნურად გაშენებული, არამედ თავისით ამოსულია საუკუნეების წინ. ამდენად, იმის მტკიცება, ახლა უძველეს, რელიქტურ სახეობებს მოვჭრით, მაგრამ მერე მალევე აღვადგენთო, სერიოზული არ არის, შესაძლებელიც არ არის.  

ქარის სადგურები ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე ეკომეგობრული საშუალებაა, გარემოსთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, ვიდრე მზის ენერგიის გარდაქმნა, ბევრად დამზოგავი, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ემისიის, გამონაბოლქვის არქონაა. მაგრამ საქართველოში მოვახერხეთ და ყველაზე მწვანე ენერგიის მოპოვებისთვის, ყველაზე მწვანე ეკოსტიტემას, ტყეს ვჩეხავთ. სწორედ ამიტომ უწოდა „მწვანეთა მოძრაობამ“ გოგნის ქარის ელექტროსადგურის პროექტს „მწვანე თვალთმაქცობა“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა, არ დააზღვიონ, ფინანსურად მხარი არ დაუჭირონ ამ წამოწყებას.

ნინო ჩხობაძე: „მე ვაკეთებ კარგ რამეს, ემისიები არ მექნება ჰაერში, მაგრამ ტყეს, რომელიც ბუნებრივი მშთანთქმელია, იმას რომ ვანადგურებ, ეს უკვე მწვანე თვალთმაქცობაა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მათი პოლიტიკიდან გამომდინარე მწვანე თვალთმაქცობა მიუღებელია“.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აუდიენცია ინვესტორებს უთუოდ დასჭირდებათ. პროექტის გაცხადებული ბიუჯეტი 224 მილიონი დოლარია. ერთი თვის წინ, ქარის ტურბინების მწარმოებელი ჩინური კომპანიის განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათ ქართულ „ეიჯი ენერჯისთან“ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს და მათი კოლაბორაციის პირველი პროექტი საქართველოში ქარის ენერგიის მეორე ფერმა, გოგნის ელექტროსადგური იქნება. ქართულ-ჩინური თანამშრომლობა მინგ იანგის თქმით მოიცავს ტურბინებისა და ქვესადგურების აღჭურვილობას, პროექტის დაფინანსებასა და ინვესტიციებს, ასევე გრძელვადიან ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობის მომსახურებას.

„შეგვპირდნენ აგერ ანძები რომ დადგეს, უფასოდ გექნებათ ტელეარხებიო, მაგრამ არ არის“ - სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ გოგნის მაცხოვრებლები. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ქარის ელექტროსადგურის თაობაზეც შეხვედრა ადგილობრივებთან ფორმალური იყო. განხილვას სოფლის მცხოვრებთა მცირე ნაწილი ესწრებოდა, ჭკვიანურად შერჩეული ხალხი, ვისაც ბევრი კითხვის დასმა არ უყვარს.

შეხვედრაზე არც უხსენებიათ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სადგურს მოსახლეობაზე - მაგალითად შუქ-ჩრდილების ციმციმი, რომლის გამო 28 ტურბინიდან 14 პერიოდულად უნდა გაჩერდეს და ზამთარში ყინულის ფრაგმენტების გატყორცნის საფრთხე 500 მეტრის რადიუსში.

„ორ კუბამეტრ შეშას არ გვაძლევდნენ და ახლა ჩეხავენ, რამდენი სატვირთო მანქანა გადის, ახლა ზიანი არ არის?! მკვდარს ვერ გააცოცხლებ. ეს უკვე განადგურდა. ამ ტყეს ჩვენმა წინაპარმა მოუარა და ჩვენს გულისტკივილს გამოვხატავთ. შეიძლება სოფელი რაღაც რისკზე მიდიოდეს, მაგრამ სანაცვლოდ რა სიკეთე? შეიძლება სოფლის აზრი იყოს, რომ სანაცვლოდ დენი მიეწოდოთ უფასოდ. შეიძლება რაღაც დათმო, მაგრამ ამ ზარალს შედეგი უნდა ჰქონდეს. რა პლიუსი ექნება სოფელს?“  - გოგნის საერთო ფანჩატურთან შეკრებილებს თანასოფლელი მარინა ისაკაძე, თერჯოლის მერიის წარმომადგენლის სპეციალისტი უხსნის, რომ ინვესტორი სოფლის ბიუჯეტში ფულის ჩარიცხვას შეპირდა. ზუსტად არ იცის რამდენს, მაგრამ იმაზე მეტს, ვიდრე სოფლის დახმარების პროგრამით ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებენ.

ასეთივე ბუნდოვანი დაპირება გაისმა შეხვედრაზე ტყიბულის სოფელ მუხურაშიც, „დაახლოებით“, „სავარაუდოდ“, „თუ საშუალება იქნება“. მოსახლეობას შთაბეჭდილება დარჩა, რომ სოფლის ბიუჯეტს აქვს შანსი წელიწადში, ასე, 20 000 ლარით შეივსოს ქარის სადგურიდან.

ცოტნე აბესაძე, მუხურის მკვიდრი შეხვედრას არ დასწრებია. როგორც მოსახლეობის უმრავლესობამ, მანაც დაგვიანებით გაიგო საჯარო მსჯელობის შესახებ: „დიდი ინვესტიციაა, მილიარდამდეო, ამბობენ. ამონაგები წელიწადში 300 მილიონი იქნება. ამ ფონზე სოფლისთვის შეთავაზებული 20 000 ლარი წელიწადში, ისიც „დაახლოებით“ და „თუ საშუალება იქნება“, იმხელა ზიანის სანაცვლოდ, რაც ტყის განადგურებით გვადგება, დაცინვაა, სოფლის აბუჩად აგდება.“

„გოგნის ქარის კომპანიის“ 90% შპს „ეიჯი ვინდ ფაუერს“ ეკუთვნის, რომლის ერთადერთი მფლობელიც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძეა.

დარჩენილი 10%-ის მესაკუთრე კი ემზარ გამეზარდაშვილია. ქარის 28 ტურბინა-გენერატორის გარდა პროექტი საკუთარი ქვესადგურისა და 21 კილომეტრის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ელექტრომაგისტრალი 474 კერძო ნაკვეთს და სოფლის საძოვრებს გადაკვეთს. საჰაერო გზების გარდა სჭირდება მიწისქვეშა კაბელების ქსელის და 31 კილომეტრი შიდა მისასვლელი გზების მოწყობა. ეს ინფრასტრუქტურა ჯამში 225 ჰექტარზე განთავსდება, საიდანაც 76 ჰექტარი სახელმწიფო ტყეა.

ნინო ჩხობაძე: „შეაჩერონ და დავიწყოთ კვლევა. არსებობს საშუალებები, რომ დანადგარები ვერტმფრენებით ჩადგა. გზების გაჭრა და ტყის ჩეხა საჭირო აღარ იქნება. გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები.“

გარემოსდამცველები მიესალმებიან განახლებადი ენერგიის განვითარების მნიშვნელობას, მაგრამ ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევენ. ასეთი მასშტაბის ტყის ჩეხა, ბუნებრივი ჰაბიტატების ფრაგმენტაცია, წითელი ნუსხის სახეობების განადგურება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მიზნებს, ბერნის კონვენციის მოთხოვნებს, ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულმნიშვნელოვანი ზიანის არმიყენებისპრინციპს. მწვანე ენერგიის მომხიბვლელ, ფოჩიან ქაღალდში შეფუთული პროექტი, რომელიც გარემოს ამ მასშტაბის ზიანს აყენებს, სხვა არაფერია, თუ არა GREENWASHING-ის სახელით ცნობილი მავნე პრაქტიკა, იგივე „მწვანე თვალთმაქცობა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში