საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გაჩერებული ჭიათურა - ვინ ყიდულობს 100 ლარად „ჯორჯიან მანგანეზის“ აქტივებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:53 - 04 ნოემბერი 2024 hits 9305

ჭიათურაში ყველა მაღარომ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ, რომელიც ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაშია, 1-ელი ნოემბრიდან მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი დასახელდა. დასაქმებულებს, დაახლოებით 5000-ზე მეტ ადამიანს შესთავაზეს, რომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, ხელფასის 60%-ს და დაზღვევას შეუნარჩუნებენ. მაღაროელების უმრავლესობა ამ პირობებს არ თანხმდება და საბანკო სესხების გადავადებასაც ითხოვს. რა ხდება სინამდვილეში კომპანიაში, რომლის მართვის უფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს შეუზღუდა უკრაინელ ოლიგარქს და იქ სასამართლოს სპეციალური მმართველი დაანიშნინა.

განცხადება წარმოების გაჩერებაზე

„სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა. აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ.

ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვათვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან, კომპანიას, შუქრუთის მოსახლეობის პროტეტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70%-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან, დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა. 

აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს.

შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.

მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ გაავრცელა.

ლიცენზიის მფლობელი

ჭიათურასა და საჩხერეში, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2007 წლიდან ფლობს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, 40 წლით. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი უკრაინელ მილიარდერს, იგორ კალომოისკის ეკუთვნის, დაახლოებით 4%-ს კი აქციონერთა ქართული ჯგუფი ფლობს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული გიორგი კაპანაძე (იგივე „რიჟა“). „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან გიორგი კაპანაძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე მელაძე და მარიამ ლაშხი.

2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა.

სპეციალურ მმართველად სასამართლომ ბოლოს ბესიკ კირთაძე დანიშნა, 2023 წლის 16 მაისს. მას უფლებამოსილება 2 წლით განუსაზღვრეს, 2025 წლის 9 მაისამდე.

საჯარო რეესტრის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზში“ ახლაც სპეციალური მართვის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ჭიათურაში სალიცენზიო საქმიანობაზე, მათ შორის, შუქრუთელების პროტესტზეც, განცხადებებს არა „ჯორჯიან მანგანეზი“, არამედ, სხვა კომპანია - შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ აკეთებს. სწორედ ეს კომპანია ავრცელებდა მცდარ და მადისკრედიტებელ ინფორმაციას, რომლითაც შუქრუთის პროტესტის დასუსტებას ცდილობდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის ინიცირებითა და მისივე მონაწილეობით, ოქტომბერში გამართულ სამივე შეხვედრაზე, რომლის გაცხადებული მიზანიც შუქრუთის პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმების მიღწევა იყო, საწარმოს მხრიდან მოლაპარაკებებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თეიმურაზ ხონელია უძღვებოდა.

ე.წ. მედიაციის დროს ხონელიამ განმარტა, რომ ჭიათურაში მოპოვებითი საქმიანობის წარმოებას, მთლიანად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ უზრუნველჰყოფს. მას ჰკითხეს, რის საფუძველზე ჰქონდა ახალ კომპანიას აღნიშნული უფლებამოსილება, რაზეც შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ იურიდიულად ყველაფერი გამართული იყო.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ლიცენზიით გათვალისწინებული უფლებები რომ ჰქონდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ გაფორმებული უნდა იყოს ლიცენზიის (ან მისი ნაწილის) გადაცემაზე იჯარის ან ნასყიდობის ხელშეკრულება. კანონმდებლობით სავალდებულოა, მინერალური რესურსების სააგენტოს ასეთი ცვლილება სალიცენზიო რეესტრში 10 დღეში აესახა და სათანადო სალიცენზიო მოწმობაც გაეცა. რეესტრში ასეთი ცვლილება ასახული არ არის და ოფიციალურად, ლიცენზიის ერთადერთი მფლობელი შპს „ჯორჯიან მანგანეზია“.

რა აკავშირებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“?

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ 2024 წლის 6 თებერვალს სს „ნიუ გრუპმა“ დააფუძნა. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორი უკრაინის მოქალაქე მაქსიმ მაზურენკოა. „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ მაზურენკო „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საკონტროლო პაკეტის მესაკუთრის, იგორ კალომოისკის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ნათესავია. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულების ცნობით, კალომოისკიმ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მოიგო და მაზურენკო კომპანიის მართვის დასაბრუნებლად მოავლინა.

„მთის ამბებმა“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია, საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ კალომოისკის დავა დაწყებული აქვს თუ არა; თუ არის ასეთი დავა, რა მოთხოვნით.

2024 წლის 19 აგვისტოს, სს „ნიუ გრუპის“ დირექტორმა ვახტანგ ბანცაძემ შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო შექმნა და საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხონელია, ბაქარ დევდარიანი და ზურაბ ყანჩაველი დანიშნა.

  • თეიმურაზ ხონელია შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ 2021 წლიდან მუშაობს და ამჟამად ადმინისტრაციული დირექტორია.
  • ბაქარ დევდარიანიც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელია. კომპანიას საგადასახადო საკითხებში კონსულტაციებს უწევს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ იქ სპეციალური მმართველი შეიყვანა. 2014-2015 წლებში დევდარიანი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ 200 მილიონი ლარი, ჯარიმის სახით, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დააკისრეს.
  • ზურაბ ყანჩაველი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. „ტვ პირველის“ ეთერში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მონათხრობის თანახმად, 2022-2023 წლებში სუსიდან ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს ზურაბ ყანჩაველი კურირებდა. ის წარმოშობით ჭიათურელია.

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მესაკუთრე სს „ნიუ გრუპი“ 2021 წლის 11 სექტემბერს, შპს „ჯორჯიან მინერალს მაინინგმა“ (67%) და შპს „ბი ენ კომ“ (33%) დააფუძნეს.

თავის მხრივ, შპს „ჯორჯიან მინერალს მაინინგი“ „ნიუ გრუპის“ დაფუძნებამდე 3 დღით ადრეა რეგისტრირებული და 100 %-იან წილს კვიპროსში დაფუძნებული შპს „მქეილ ლიმიტედი“ ფლობს.

რაც შეეხება „ბი ენ კოს“, დაფუძნებულია 2021 წლის 12 აგვისტოს, ნინო ბერიშვილის მიერ. 2022 წლის 13 მაისს, ნინო ბერიშვილი პირადი გადაწყვეტილებით დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა და დირექტორად უკრაინის მოქალაქე კოსტიანტინ კუცევოლი დანიშნა. იმავე დღეს ბერიშვილმა კომპანია გაყიდა კვიპროსში, 2021 წლის 2 დეკემბერს რეგისტრირებულ შპს „სალვაჯიო ჰოლდინგ ლიმიტედზე“, რომლის დირექტორიც მაქსიმ მაზურენკოა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კომპანიები 100-100 ლარად

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გაყიდა „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული 7 კომპანია.

შვიდივე შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ იყიდა, თითო 100 ლარად. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ძირითადი საქმიანობის სფერო კომპანიების მენეჯმენტია.

  1. შპს „ჯმ-ემს“ - დაკავებულია ფერადი და შავი ლითონების ნაკეთობების დამზადებით;
  2. შპს ჯმ-კონსტრაქშენი“ - სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით;
  3. შპს მაღაროელი - მანგანუმის მადნის მიწისქვედა მოპოვებით;
  4. შპს სამთოელი - მანგანუმის მადნის მიწისზედა მოპოვებით; კომპანიის ქონება დატვირთულია გირავნობით და კრედიტორი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუა“.
  5. შპს ჯმ-ტექნიკასერვისი - საქმიანობის სფეროა მოპოვებული მადნის და სხვა მასალების ტრანსპორტირება;
  6. შპს მნ ფექთორი - დაკავებულია მანგანუმის მადნის რეცხვა/გამდიდრებით;
  7. შპს ჭიათურის წყლის კომპანია - ტექნიკური წყლით მომარაგებითა და წყალმომარაგებაში სარემონტო სამუშაოების წარმოებით;

ამ კომპანიებს მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდათ. ზოგიერთ შპს-ს ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირების დასაფინანსებლადაც იყენებენ. მაგალითად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ 2023 წელს 15 395 ლარი მიიღო, იმის გამო, რომ თითქოს შპს „ჯმ ტექნიკასერვისსა“ და შპს „ჯმ-კონსტრაქშენში“ რეზერვ მძღოლი იყო. იმავე პერიოდში მას ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის  მოადგილის პოზიციაზე ანაზღაურების სახით 18 585 ლარი აქვს მიღებული. ვაშაძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ კერძო კომპანიებში მძღოლად სამუშაო საათების შემდეგ მუშაობდა და ამის უფლება ჰქონდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა, არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა). ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობის პირია და კერძო კომპანიაში მუშაობის უფლება საერთოდ არ აქვს.

2023 წელს, „ჯორჯიან მანგანეზიდან“ და მისი შვილობილი კომპანიიდან - შპს „ჯმ ტექნიკასერვისიდან“ 30 837 ლარი აქვს მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს, ემზარ მიქაცაძეს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიქაცაძე „ჯორჯიან მანგანეზს“ საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა. იმავე პერიოდში მან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ხელფასის სახით 18 585 ლარი მიიღო.

ვალები

შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ 2022 წელს 17 მილიონი, ხოლო 2023 წელს 27,5 მილიონი აქვს ნასესხები შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიდან“. ამ კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, სესხები უზრუნველყოფილია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკრედიტო ხაზის თავდებობით, რომელიც თავის მხრივ ზრუნველყოფილია „ჯორჯიან მანგანეზის“ მთელი არსებული და სამომავლო მარაგებით. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდში „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიმ“ შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ რამდენიმე ტრანშად გასცა ჯამურად 25,703,512 დოლარის და 3,291,092 ლარის ოდენობის სესხები.

ამავე კომპანიიდან, 2022-2023 წლებში თითქმის 286 მილიონი ლარი აქვს ნასესხები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ააიპ საერთაშორისო ფონდ „ქართუს“; 3,3 მილიონი კი „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი კაპანაძეს.

შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ 2018 წელს დაფუძნდა. 2021 წლის ჩათვლით, კომპანიის 100%-იან წილს გიორგი ჭელიძე ფლობდა. 2022 წლიდან, 30% ალექსანდრე ჩოჩიას მიჰყიდა. კომპანიის მთავარი საქმიანობაა ფეროსილიკომანგანუმით, კოქსით, ქვანახშირით და სხვა ლითონებით ვაჭრობა. კომპანიას ეკუთვნის შპს „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის რაიონში ქვანახშირს მოიპოვებს.

 

სილიკონ-მანგანუმის კრიზისი და შუქრუთელების პროტესტი განტევების ვაცად

შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მოპოვებულ მანგანუმს, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში ყიდდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესდათ, უკრაინაში კი რკინის წარმოება შეწყდა, გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც მასზე ფასი განახევრდა. „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ ქართული მანგანუმი რუსეთში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეჰქონდა, რის გამოც მას რუსული ფეროსილიკომანგანუმის მწარმოებლებმა - ჩელიაბინსკის და დასავლეთ ციმბირის ელექტრომეტალურგიულმა ქარხნებმა უჩივლეს. ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) მუდმივი მარეგულირებელი ორგანოა (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო.

2023 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მიერ დაწესებული ანტიდემპინგური გადასახადი საქართველოდან იმპორტირებულ სილიკონ-მანგანუმზე. ახალი საბაჟო გადასახადის (21,5%-24,5%) შემოღების გამო, რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მიწოდება ამ თარიღის შემდეგ მთლიანად შეწყდა.

აუდიტი ფინანსურ ანგარიშში წერს, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს კომპანიის უნართან დაკავშირებით, საქმიანობა გააგრძელოს, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 668 მილიონი ლარი იყო. 2023 წელს შემოსავალი თითქმის განახევრდა და 359 მილიონი შეადგინა.

სწორედ ამ პრობლემების გამო, 2023 წელს, 6 თვის განმავლობაში ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებული იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიმ“ მოახერხა სამიზნე ბაზრებზე შეღწევა და მნიშვნელოვანი გაყიდვების განხორციელება. კონკრეტულად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის ბაზრებზე 2024 წლის პირველ 8 თვეში 200 მილიონ ლარზე მეტის მარაგების რეალიზაცია განახორციელა. 2024 წლის პირველი რვა თვის გაყიდვების მთლიანი მოცულობიდან ამ ქვეყნებზე გაყიდვები წილობრივად შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ - 34%, დიდი ბრიტანეთი -27% და თურქეთი 3%.

„შემოსავლები 2024 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში დამაკმაყოფილებელია (380,545,413 მილიონი ლარი), რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 100% იანი ზრდა არის. ამასთან, ჯგუფმა დაფარა 26 მილიონ ლარზე მეტი გრძელვადიანი სესხები, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ჯგუფს არ აქვს ლიკვიდობის პრობლემა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, გიორგი ტატიშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებით, აშშ-ის ბაზარი საქართველოდან შორს არის და ტრანსპორტირების ხარჯების დამატებასთან ერთან, ნელ-ნელა რეალიზაცია არარენტაბელური ხდება.

„მწვანე ალტერნატივას“ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი ნინო გუჯარაიძე მიიჩნევს, რომ რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ ხდება, გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს.

„კომპანია ამბობს, რომ ფაქტობრივად წყვეტს ლიცენზიით და გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით სარგებლობას. 2017 წელს სპეციალური მართვის რეჟიმი სწორედ იმ მიზეზით დაიწყო, რომ კომპანიას ჰქონდა ლიცენზიით და ნებართვებით დადგენილი პირობების შესრულების პრობლემები. იმ დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე, წიაღის ეროვნული სააგენტო ამბობდნენ, რომ არსებობდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმების სრული საფუძველი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა რეგიონის მოსახლეობისთვის, დანიშნეს სპეციალური მმართველი.

დღეს ვიღებთ სიტუაციას, რომ ეს ვალდებულებები ისევ არსებობს და უფრო უარესიც, მაშინ კომპანია არ ამბობდა, რომ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს თავად აჩერებენ საწარმოს.

არ გაგვიგია რას ამბობს სპეციალური მმართველი. საერთოდ არ ჩანს ადამიანი, რომელიც ოფიციალურად სასამართლომ დანიშნა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ნაცვლად ამისა, გველაპარაკება კომპანია, რომელიც გაუგებარია საიდან გაჩნდა. არ აკეთებენ განმარტებას გარემოს დაცვის სამინისტრო, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, რომელთა წარმომადგენელიც არის ეს სპეციალური მმართველი კომპანიაში. საჯარო უწყებების ასეთი დამოკიდებულება ძალიან არაადეკვატურია.

არაერთხელ გაიარეს ჭიათურის კომბინატმა და ზესტაფონის ფერომაც ასეთი პროცესი, რომ დადგნენ გაკოტრების წინაშე, ოღონდ ეს იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში, 2003 წლამდე. ნაცნობი ხელწერაა.

იგივე პრობლემები ჰქონდა ზესტაფონის ფეროს ნიკოლოზ ჩიქოვანის დირექტორობის პერიოდში“, - ნინო გუჯარაიძე, რომელიც ზედმიწევნით იცნობს სპეციალური მართვის რეჟიმის პირობებს, ამბობს, რომ სპეციალურ მმართველს არ ჰქონდა აქტივების გასხვისების უფლებამოსილება.

„აქტივების გასხვისება არ შედის მის კომპეტენციაში. მისი ვალდებულება, ერთადერთი ფუნქცია, რაც სპეციალურ მმართველს აქვს, ლიცენზიის და ნებართვების პირობების შესრულებაა. საწარმოს გასხვისება ვერანაირად ვერ შევიდოდა მის კომპეტენციაში. მსგავსი პრობლემები ჰქონდა სპეციალურ მმართველს, როდესაც აუქციონზე გამოიტანეს ახალი ქარხანა, უნდოდათ გასხვისება და მაშინ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გვქონდა ძალიან მწვავე მიმოწერა, როდესაც მან შენიშვნები მიიღო ამასთან დაკავშირებით. თუმცა საბოლოოდ ის საწარმო მაინც გაიყიდა და საჯარო უწყებებმა არაფერი ამის საწინააღმდეგოდ არ გააკეთეს. სავარაუდოდ, იგივე სიტუაციაა ახლაც. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შეთანხმებულია „ვიღაცებთან“, ვისაც კანონზე მაღლა აქვს უფლებამოსილება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში