საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„არ გვინდა ცოცხლად დავიმარხოთ“ - პროტესტი ჭიათურაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:08 - 04 აპრილი 2024 hits 7618

ვიდრე „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაქრობად რუსული კანონის მიღებას ჩქარობს, 21 დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა იბრძვის, რომ სახლებთან ერთად ხალხი ცოცხლად არ დაიმარხოს.

„არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს, ყურადღებას არავინ გვაქცევს.

ვიბრძვით ჩვენი საცხოვრისებისთვის, ყველაფერი თავზე რომ არ ჩამოგვენგრეს. საშინელი კატასტროფა ტრიალებს. გვემუქრებიან, თუ არ შევწყვეტთ აქციებს, დაგვიჭერენ.

ვერ შეგვაშინებენ, ჩვენს სახლებს ვიცავთ. შევეწირებით ამ საქმეს“, - ჭიათურაში, სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი აქციის, კოროხნალის მაღაროსთან კარვის დადგმისა და საწარმოს პარალიზების მიუხედავად, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ვერც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ვერც სახალხო დამცველის და ვერც ნაციონალური მედიის ყურადღება ვერ მიიქციეს.

შუქრუთში, ასმათ ნეფარიძის ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი პირდაპირ გაჰყურებს მეზობელ სოფელ ითხვისში მეგრელიშვილებისა და მახათაძეების უბანს, სადაც მიწა 2 წლის წინ ჩაიქცა და სახლები დამარხა.

„აქამდე ითხვისს მივჩერებოდი. ნევროზი დამემართა იმის შიშში, რომ ჩვენც ვერ ავცდებოდით ამ ხიფათს. შუქრუთის ქვეშაც მაღაროა. მანგანუმი ბოლომდე გამოიღეს, სიცარიელეზე დავრჩით. ოთხი თვის წინ, მიწა უკვე ჩვენი სახლის წინაც ჩავარდა. ღამით მორიგეობით გვძინავს“

უზარმაზარი ნაპრალი ნეფარიძეების სახლიდან სულ რაღაც 30-40 მეტრშია და მთელ სოფელზეა გადაჭიმული, დაახლოებით 2 კილომეტრზე. მიწა უკვე ერთ-ორი მეტრის სიმაღლეზეა გახლეჩილი, ღრმულების სიღრმე კი თვალუწვდენელია.

მანგანუმის მიწისქვეშა მოპოვებით შუქრუთში სახლები წინა წლებშიც ზიანდებოდა და ინგრეოდა კიდეც, თუმცა ასეთი მასშტაბური საფრთხე სოფელში აქამდე არ ჰქონიათ. მანანა კუპატაძე, რომელიც 2021 წელს შუქრუთელების მიერ გამართული ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, იხსენებს, როგორ ჰპირდებოდა მას „ჯორჯიან მანგანეზი“, რომ მისი სახლი არ დაინგრეოდა. სწორედ ეს კომპანია ფლობს 2047 წლამდე ჭიათურის რაიონში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას.

„ხალხი სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს და მინდორიც აღარაა უკვე. მეზობლის ძროხა ჩავარდა ნაპრალში. ის გზაც ჩაინგრა, ნაკვეთებთან რითაც მივდიოდით. ყველაფერი გატყევდება. სოფელს დავეხმაროთო და კი არ გვეხმარებიან, გვანგრევენ, იძულებულს გვხდიან წავიდეთ აქედან და ლტოლვილებად ვიქცეთ“, - მანანა კუპატაძის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზს“ 87 ათას ლარად აქვს შეფასებული. დაზარალებულმა ამ თანხის მიღებაზე უარი თქვა: „87 ათას ლარად სახლს ავაშენებ დღეს მე? ამიტომ არ დავთანხმდი, ერთი თეთრიც არ ამიღია. 1990-იან წლებში ავაშენეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ნახევრად მშივრები ვიყავით, ისე ავაშენეთ და ბოლომდე დღემდე არ გვაქვს გაკეთებული. და ახლა ეს ჩემი ნაწვალები უნდა დამინგრიოს ჯორჯიან მანგანეზმა“.

კომპანიამ არ შეასრულა შუქრუთის მცხოვრებლებთან 2021 წელს დადებული შეთანხმება. გაზრდილ საფრთხეებთან და უსამართლობასთან პირისპირ დარჩენილ დაზარალებულებს ახლა შესთავაზა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან, შპს "მაღაროელთან" გააფორმონ:

  • პასუხისმგებლობას „მაღაროელი“ იკისრებს და შუქრუთელებს არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ ექნებათ შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“.
  • ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შემთხვევაში, დაზარალებულები ვალდებულები ხდებიან, შეთანხმების გაფორმების მომენტიდან კომპანიას თანხის გადახდამდე გადასცენ, ჭიათურაში, მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დაშლის უფლება, კომპენსაციას კი ისინი ამ უფლების გადაცემიდან 12 თვის შემდეგ მიიღებენ, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ ხნის განმავლობაში სოფელ შუქრუთში ნებისმიერი მიზეზით საქმიანობას არ შეწყვეტს.
  • შპს „მაღაროელი“ უფლებას იტოვებს, აღნიშნული ვალდებულება დაზარალებულის თანხმობის გარეშე გადასცეს ნებისმიერ პირს, რომელსაც, შესაძლოა, საკუთრებაში არაფერი ჰქონდეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ პროტესტის მონაწილეებს პოლიციაშიც უჩივლა. მათ კანონდარღვევით სამუშაო პროცესის შეფერხებაში შეფერხებაში ადანაშაულებს. კომპანია აცხადებს, რომ შუქრუთის მაღაროზე ცენტრალური განიავების სისტემის გათიშვით, აქციის მონაწილეებმა საფრთხე შეუქმნეს დასაქმებულთა ჯანმრთელობას. სინამდვილეში, ვენტილაციის სისტემა კომპანიის თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გამორთო, რაც მაღაროდან ყველა დასაქმებული ამოვიდა. ამის მიუხედავად, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე მაშინვე აღძრა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“).

მე-7 წელია, გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ მიზეზით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია იყო შექმნილი და გადაუდებელ გამოსწორებას საჭიროებდა, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა.

რამდენიმე თვეა, რაც „ჯორჯიან მანგანეზის“ ფაქტობრივი მმართველობა უკრაინელი ოლიგარქის წარმომადგენლებმა დაიბრუნეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში