საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის მერმა სცემა მოქალაქეს, რომელიც „კამარა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს

22:13 - 21 ნოემბერი 2023 hits 2943

„ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე რუსეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის - „კამარა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს. ინციდენტი დღეს, 21 ნოემბერს, სოფელ არშაში, სამგლოვიარო ცერემონიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, რის შემდეგაც ხალხის თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.

ამ ინციდენტამდე მამაკაცი, რომელსაც მერი ფიზიკურად გაუსწორდა, ფეისბუკში წერდა:

„ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს“.

ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და sms შეტყობინებას არ უპასუხა.

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია და სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ცნობილია ყაზბეგის პოლიციისთვის, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული.

აღსანიშნავია, რომ ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას „ქართული ოცნებიდან“ მერად აირჩევდნენ, 2012-2020 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, ყაზბეგის მერი „კამარა ჰესის“ პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულსხვა საჯარო მოხელეებიც.

„აქამდე ჩვენი საინიციატივო ჯგუფი თავს იკავებდა კონკრეტული პირების დასახელებისგან, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება და თანამდებობის პირის უღირსობასთან ერთად, მთელი ხევის შეურაცხყოფაა. ამასთან, დავრწმუნდით, რომ სიმართლეა ის ისტორიები, რომელსაც  ადგილობრივები აქამდე პირად საუბარში გვიყვებოდნენ, თუ როგორ აიძულებს მერი „კამარა ჰესის“ მხარდაჭერას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება. მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ვინც გაბედავს და ღიად დაუპირისპირდება ამ პროექტს და მათ ინტერესებს, ყველას მსგავსი ფორმებით გაუსწორდებიან“, - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ყაზბეგის მერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყოფს მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისა და „კამარა ჰესის“ მშენებლობის ლობირების შესახებ ინფორმაციას. „ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ბაკურ ავსაჯანიშვილი.

მოქალაქეს, რომელსაც ყაზბეგის მერი სოფელ არშაში, დაკრძალვის ცერემონიაზე ფიზიკურად გაუსწორდა, პოლიციისთვის არ მიუმართავს და საჩივრის შეტანას არც აპირებს.

რუსული კავშირების მქონე კომპანია „კამარა ენერჯი“ უკვე მესამედ ცდილობს მდინარე თერგზე 16.62 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე „კამარა ჰესის“ პროექტის განხორციელებას. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, კომპანიას უკვე ორჯერ ეთქვა უარი, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 27 და 28 ნოემბერს კვლავ ჩანიშნა პროექტის განხილვა.

„კამარა ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მოაქციონ. მოსახლეობის წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, თერგის და ხდის ხეობები ზაფხულობით დამშრალია. ჰესების შეუფერხებელი მუშაობისათვის წყალი მთლიანად სადაწნეო მილსადენებში მიაქვთ. მოხევეების თქმით, უწყლოდ დარჩენილი ხეობები ტურისტებსაც აღარ იზიდავს, არადა ტურიზმი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ადგილობრივების პროტესტი დაძლია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ შემდეგ კიდევ 9 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი - რაიონში ხეობა აღარ რჩება, სადაც მდინარე თავისუფლად იდინებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში