საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვინ ითხოვს მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადაეცეს და რა კავშირი აქვთ „ჯორჯიან მანგანეზთან“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:53 - 23 ივნისი 2023 hits 4003

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა უპასუხეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გუშინ, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც კომპანიამ თქვა, რომ მზად არის მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადასცეს.

„მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ გაფლანგული, შეჭმული. ახლა ამბობენ, რომ მაღაროები მართვაში გადაეცეს მაღაროელებს. რომელიმე აიღებთ მაგაზე პასუხისმგებლობას. მე პირადად ვიცი სანგრევის მართვა და ვაპირებ ისევ სანგრევზე ვიმუშაო. მათ სჭირდებათ ადამიანი, ვისზეც ხელს შეიწმენდენ. ხმამაღალი საუბარიც გვქონდა ამ შემოთავაზების გამო აქ მოსულებთან. ჩვენ, წესიერი ადამიანები დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაო ადგილებზე, რაც ვიცით. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული“, - თქვა გაფიცულმა მაღაროელმა მალხაზ სარალიძემ, რომელიც ჭიათურაში მე-18 დღეა შიმშილობს კიდევ 9 მაღაროელთან ერთად.

ხელფასის 20%-ით გაზრდის და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის მოთხოვნით, 3500-მდე მაღაროელია გაფიცული. მათგან ერთს პირი აქვს ამოკერილი, მეორეს თვალები. ოთხმა მაღაროელმა სამი დღის წინ შიმშილობა დაიწყო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინვე, გვიან ღამით, გაფიცული თანამშრომლების, ძირითადად აქციის აქტიური მონაწილეების (ვინაობის მითითებით) ხელფასის შესახებ, 2022-2023 წლების ინფორმაცია გაავრცელა და პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება „გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნით და საზოგადოების მაღალი ინტერესით“ ახსნა. კომპანიის განცხადებით, 2022 წელს საშუალოდ დარიცხული ხელფასი (გადასახადების ჩათვლით) - 3187 ლარს შეადგენდა. კომპანიამ  განმარტა, რომ მზად არის გასაჯაროებული ინფორმაცია დოკუმენტაციით დაადასტუროს.

გაფიცულმა მაღაროელებმა რამდენჯერმე გააკეთეს განმარტება, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, კომპანიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ჯგუფების მიერ, სოციალურ ქსელებში დასპონსორებული პოსტების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელის ხელფასი 3000 ლარს აღემატებოდა.

„პირადად ჩემი ხელფასი გამოაქვეყნეს ორიათასშვიდას რაღაც, ზუსტად აღარ მახსოვს. ასევე, 3100, 3200 დაწერეს სხვებზე. მე პირადად 1-ელი თებერვლიდან 60%-იან დათხოვნაში რომ ვიყავი, რაც მაღაროები იძულებით გააჩერეს, ვიღებდი 1020 ლარს. ესენი ამბობენ, რომ დათხოვნაში მყოფ ხალხს მივეცით 60% ანაზღაურება. თუ 3000 ლარი მაქვს ხელფასი, როგორ არის 1000 ლარი 60%. მინდა ვუთხრა იმ ტელევიზიებსა და ჟურნალისტებს, ჩვენი კომპანიის დირექტორს რომ მიიწვევენ ეთერში და ლაპარაკობენ. პატივცემულო ჟურნალისტებო, ჯერ ჩამობრძანდით ჩვენთან, მოისმინეთ ამ ხალხის პრობლემები, გაიგეთ რეალურად რაშია საქმე, შემდეგ მიიწვიეთ დირექტორი ან ჩვენთან ერთად მიიწვიეთ და ვილაპარაკოთ. როცა არ ხართ საკმარისად მომზადებული, მას შემპასუხებელი არავინ ჰყავს, რაც უნდა, უნამუსოდ იმას ლაპარაკობს“, - თქვა მალხაზ სარალიძემ.

გაფიცულ მაღაროელებს წერილობით 14 მოთხოვნა აქვთ ჩამოყალიბებული, რომელთა შორის არ არის, რომ კომპანიამ მაღაროები მართვაში მათ გადასცეს.

მიეცეთ მაღაროელებს მართვის უფლება - ამ მოთხოვნით პეტიცია 19 ივნისს განთავსდა პორტალ manifest.ge-ზე და მის წარმდგენად მითითებულია საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისათვის“. იქვე არსებული განმარტების მიხედვით, ჯგუფი ჭიათურელი ახალგაზრდების მიერ არის დაარსებული და მისი მიზანი ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადასაწყვეტად, შესაბამისი გზების მოძიებაა.

„თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა, მაშინ მანგანუმის მოპოვების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ამ მშრომელ ხალხს, მაღაროელებს უნდა მიეცეთ მართვის უფლება! შეიქმნას ნდობით აღჭურვილი მაღაროელთა ჯგუფი და ჩაუდგეს მანგანუმის მოპოვებას სათავეში, რომ თითქმის ყოველ წელს არ უწევდეთ მშრომელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის მიმართვა“, - ნათქვამია პეტიციაში.

ამ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით, 17 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ ჩაერთო მარიამ დოღაძე, რომელმაც თქვა: „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პროტესტის მონაწილეებს. ისინი იფიცებიან ელემენტარული მოთხოვნებით, რაც უკავშირდება კვების საკითხს, აბანოების განთავსებას საწარმოო ობიექტებზე, უკავშირდება ტექნიკურ აღჭურვილობას იმისათვის, რომ უსაფრთხო გარემოში უწევდეთ მუშაობა. აუცილებელია კომპანიაში შევიდეს დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც ფინანსურ აღწერას აწარმოებს, შემდეგ კი ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ნამდვილად დგას თუ არა კომპანია ამ საჭიროებების წინაშე, ნამდვილად არის თუ არა კრიზისი“.

არაერთი გარემოება ადასტურებს, რომ ეს საინიციატივო ჯგუფი „ჯორჯიან მანგანეზთან“ არის დაკავშირებული:

  • „მთის ამბებმა“ მარიამ დოღაძეს ჰკითხა, საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა თუ არა კონსულტაციები გაფიცულ მაღაროელებთან, ვიდრე პეტიციას გაავრცელებდნენ: „ეს მოთხოვნა იყო მათთან გაჟღერებული, მათ არ სჯეროდათ, რომ კომპანია ამაზე წამოვიდოდა. ეს ჩვენი ინიციატივაა“.
  • საინიციატივო ჯგუფი 2022 წლის დეკემბერში შეიქმნა და სამუშაო ოფისი „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილ შენობაში, კომპანიის მიერ დაფუძნებულ და დაფინანსებულ მულტიფუნქციურ ცენტრში აქვს;
  • მარიამ დოღაძე თავადაც მულტიფუნქციურ ცენტრში მუშაობდა, საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებამდე;
  • საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტი. როგორც მერია, ასევე, კომპანია დამოუკიდებელი დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩაკეტილია;
  • საინიციატივო ჯგუფმა, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, მას შემდეგ გადაწყვიტა მდინარე ყვირილას წყლის კვლევა, რაც დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ დასკვნა დაიდო, რომ მდინარის წყალი მძიმე მეტალებით საგანგაშოდ არის დაბინძურებული.
  • მარიამ დოღაძე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ინჟინრის ალექსანდრე დოღაძის შვილია;
  • საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები და „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჯგუფმა 17 ივნისს განაცხადა, რომ კომპანიაში დამოუკიდებელი აუდიტი უნდა შევიდეს. 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ თქვა, რომ კომპანია მზად არის „დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შეისწავლოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი, რომ დამატებით კიდევ 15%-ით გაუზარდოს თანამშრომლებს ხელფასი“. 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, კომპანია წერს, რომ მზად არის მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადასცეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მე-7 წელია სპეციალური სახელმწიფო მმართველი ერთპიროვნულად მართავს. ის სასამართლოს მიერ არის დანიშნული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, იმ საბაბით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია გამოსწორებულიყო. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“).  

ბოლო პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომპანიაში „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის და მისი ჯგუფის გავლენები გაიზარდა. მისი ნდობით აღჭურვილი პირები არიან მონოპოლისტი საშუამავლო კომპანიების „მანგანუმ ლოგისტიკისა“ და „მაღაროელის“ მესაკუთრე ნოდარ მიქაბერიძე (იგივე „ბაშკირა“) და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე. საშუამავლო კომპანია „მანგანუმ ლოგისტიკის“ მოგება 2018-2021 წლებში 48 მილიონ ლარზე მეტია.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზის“ თითქმის ყველა მაღაროში უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. გასული წლის მარტში, ითხვისში მიწის ჩაქცევისა და სახლების დანგრევის შემთხვევაც ამას ადასტურებს, რაზედაც სახელმწიფო უწყებებმა კომპანიას პასუხისმგებლობა აარიდეს და დაზარალებულებისთვის დღემდე არ მიუციათ კომპენსაციები. დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასებით, ჩაქცევები სხვა სოფლებშიც არის მოსალოდნელი.

კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმის პირობებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში თითქმის გაორმაგდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების ფართობი. „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი საშუამავლო კომპანიები კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ, ტოტალურად უგულებელყოფენ კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ბუნებას, საფრთხეს უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავენ მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას.

ნახეთ „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება

ჭიათურა - უბედურების ზონა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში