საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი დეტალები „ჯორჯიან მანგანეზის“ გარშემო - ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:47 - 17 ივნისი 2023 hits 10264

ჭიათურაში მე-12 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა. გუშინ გამართულ აქციაზე მაღაროელებმა მოითხოვეს, ბარაბახმა ჭიათურა დატოვოს.

  • „ეს არ არის უკრაინა, ეს საქართველოა“;
  • „46 ქართველი ბიჭი შეეწირა ამ ომს უკრაინაში და ამას არ აქვს დასასრული. ამდენი ლტოლვილი შევიფარეთ საქართველოში, ჩვენი ფინანსებით ვარჩენთ, ამხელა ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ. მოღალატე უკრაინელი ჩამოვიდა, არ იბრძვის თავის ქვეყანაში, მიატოვა, ბიზნესის და ფულის კეთება უნდა საქართველოში. უნდა რომ მონებად გვამუშაოს. აი, იმ პატივისცემაზე მადლობის თქმა ასეთია. ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამიტომ, ვიდრე მშვიდობიანი ფორმით მოგიწოდებთ, დღეს ჩალაგდით და ჭიათურიდან წადით“;
  • „ვინც მხარს უჭერს ამ მოღალატე უკრაინელს, დიდიან პატარიანად გაჰყვეს უკან“;
  • „ხვალიდან ამ შენობაში უკრაინელის ფეხი ვერ დადგება“;
  • „ბარაბახის მიერ გამოთლილ უღელს ქართველი მაღაროელი არ დაიდგამს არასდროს“.

როგორც „მთის ამბებმა“ გამოარკვია, საუბარია უკრაინის მოქალაქე ანდრიი ბარაბახზე, რომელიც 2023 წლის 1-ელ ივნისს, შპს „მაღაროელის“ დირექტორად დაინიშნა.

მაღაროელებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო. გაფიცვის ორგანიზატორებსაც კი ბარაბახის შესახებ მხოლოდ ის სმენიათ, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ კრიზისიდან გამოსაყვანად უკრაინიდან მოიწვია, ის ადგენს მანგანუმის მოპოვების ახალ გეგმებსა და დასაქმებულების მუშაობის გრაფიკს. მაღაროელები საწარმოში მის გამოჩენას უკავშირებენ 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან მაღაროების მუშაობის გაჩერებას. კომპანია ამ პერიოდში დასაქმებულებს ხელფასის 60%-ს უხდიდა. 

 

საშუამავლო კომპანიები და სრული გაუმჭვირვალობა

შპს „მაღაროელი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიაა. ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს მინერალური რესურსების სააგენტოში და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა ამ უწყებებიდან მსგავსი დოკუმენტების მოპოვება შეუძლებელია. გარემოსდაცვით ორგანიზაციას „მწვანე ალტერნატივა“ ახლაც სასამართლო დავა აქვს მინერალური რესურსების სააგენტოსთან, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას არ იძლევა.

შპს „მაღაროელი“ 2020 წლის 20 მაისს არის რეგისტრირებული და თავდაპირველად „შუქრუთი +“ ერქვა. კომპანიის წილის 50-50 %-ს ნოდარ მიქაბერიძე (მეტსახელად „ბაშკირა“) და ჯემალ ხარაიშვილი ინაწილებენ.

ჭიათურის სხვადასხვა მაღაროში დასაქმებულ მაღაროელებს ვკითხეთ, რომელ კომპანიასთან აქვთ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული - „ჯორჯიან მანგანეზთან“ თუ „მაღაროელთან“. გვითხრეს, რომ კოლექტიური წერილობითი კონტრაქტი დამსაქმებელს არცერთი მათგანისთვის არ მიუცია, თუმცა ახსოვთ, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე შპს „მაღაროელია“.

  • ვინ და რა დავალებით მოიწვია ანდრიი ბარაბახი ჭიათურაში?
  • როდიდან იმყოფება ის საქართველოში?
  • ხომ არ არის მოვლენილი „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი უკრაინელი მილიარდერის მიერ, საწარმოს მართვაში მონაწილეობისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად?
  • ასეთ შემთხვევაში რატომ დაინიშნა ბარაბახი შპს „მაღაროელის“ დირექტორად და არა „ჯორჯიან მანგანეზში“ ხელმძღვანელ თანამდებობაზე?

ამ საკითხების დასაზუსტებლად „მთის ამბები“ ტელეფონით დაუკავშირდა ნოდარ მიქაბერიძეს და თავად ანდრიი ბარაბახს. კითხვებზე არცერთმა გვიპასუხა. „მაღაროელის“ კიდევ ერთმა მეწილემ ჯემალ ხარაიშვილმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ნოდარ მიქაბერიძის კომპანია არამხოლოდ მაღაროების ნაწილს კურირებს, არამედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვებასაც განაგებს. მიქაბერიძე 23 კომპანიის მეწილე და დირექტორია, მათი ნაწილი (შპს მანგანუმ ლოჯისტიკი, შპს მნ ლოჯისტიკი 2023, შპს მაღაროელი, შპს იმერსილიკატი, შპს მეტალ სოლუშენი, შპს მანგანუმ ტექნოლოგი, შპს ჯ.ნ.თ +) 2017-2023 წლებშია რეგისტრირებული, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმი იქნა შემოღებული.  

ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი - შპს „ჯ.ნ.თ +“, ნოდარ მიქაბერიძემ, ჯემალ ხარაიშვილმა და თამაზ სახვაძემ რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 29 მაისს დააფუძნეს.

თამაზ სახვაძეს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ უსაფრთხოების სამსახურის გავლენიან პირად იცნობენ. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ნეფარიძე, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვის გამო, რამდენჯერმე უკანონოდ დააკავეს, „მთის ამბებისთვის“ ორი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში სწორედ თამაზ სახვაძეს ასახელებს, ვინც ჭიათურაში დამოურჩილებელი ადამიანების სისტემურ ჩაგვრას ხელმძღვანელობს.

საჯარო წყაროებში თამაზ სახვაძის შესახებ მხოლოდ ის იძებნება, რომ მან „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ 95 ათასი ლარი შეწირა. „ოცნების“ მსხვილი შემწირველია ნოდარ მიქაბერიძეც - 2018-2021 წლებში მას მმართველი პარტიისთვის, ოფიციალურად 230 ათასი ლარი აქვს შეწირული.

ნოდარ მიქაბერიძე მანგანუმის ბიზნესში 2017 წლიდან, სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ გამოჩნდა. მისი კომპანიები შუამავლის როლს ასრულებენ - კოორდინაციას უწევს ე.წ. წვრილ კოოპერატორებს, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, ჭიათურის სოფლებში მიწიდან მანგანუმს თხრიან. მიქაბერიძე მათგან მადანს იაფად ყიდულობს - ერთ ტონაში დაახლოებით 70-100 დოლარს იხდის, რეცხავს და „ჯორჯიან მანგანეზში“ მხოლოდ ამის შემდეგ მიაქვს. საბოლოოდ, „ჯორჯიან მანგანეზი“ წიაღისეულს ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ამუშავებს და ექსპორტზე თვითონ გააქვს. საშუამავლო კომპანიას სოლიდური მოგება რჩება.

  • ვიდრე „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალურ მმართველს დანიშნავდნენ, 3 ასეთი შუამავალი კომპანია არსებობდა.
  • საწარმოში სპეციალური მართვის რეჟიმი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დაინიშნა.
  • ნოდარ მიქაბერიძეს შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“, იმავე წლის 01 მაისს აქვს რეგისტრირებული და სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, მონოპოლისტი შუამავალი გახდა.

მხოლოდ 2018 წელს, შპს „მანგანუმ ლოჯისტიკმა“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ გაფორმებული კონტრაქტით, რეალიზაციიდან 91 761 775 ლარი მიიღო, საიდანაც 11 854 274 ლარი საერთო მოგებაა.

სახელმწიფო მართვის რეჟიმის შემოღებიდან 6 წლის შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზს“ 20-ზე მეტი საშუამავლო ორგანიზაცია ჰყავს, თუმცა მიქაბერიძის კომპანია კვლავ მონოპოლისტია.

„მოლოდინი იყო, სპეციალური მმართველი გამჭვირვალეს გახდიდა საწარმოს საქმიანობას. სინამდვილეში, საპირისპირო მოხდა. უამრავი ასეთი კომპანია გაჩნდა. დღეს ვართ სიტუაციაში, როდესაც არც დასაქმებულებმა, არც ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა ადამიანებმა, არც დაინტერესებულმა პირებმა არ ვიცით, ვის რა ვალდებულებები აქვს კანონის წინაშე და ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია“, - აღნიშნავს „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

 

საკუთრების შეზღუდვა და გავლენების განაწილება

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო უწყებები, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ ერთიმეორეზე მიყოლებით აჯარიმებდნენ. 2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, პროკურატურამ „ჯორჯიან მანგანეზის“ იმჟამინდელი დირექტორის, უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება დაიწყო უსაფრთხოების სამსახურმაც.

„ჯორჯიან მანგანეზს“ (GM) ჭიათურასა და საჩხერეში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 16 430 ჰექტარზე, 2007 წლიდან აქვს, 40 წლის ვადით. GM საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, უმდიდრესი კომპანია ასობით მილიონიანი ბრუნვით და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით.

კომპანიის 100 %-ის მესაკუთრე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია. კომპანიის საკონტროლო პაკეტს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა შორის დომინანტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“. იგი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის „ოქროს მოწმეა“. 2014 წელს, უგულავა სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს, რამაც „ქართულ ოცნებასთან“ ის უფრო მეტად დაახლოვა.

„ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან არიდების საბაბით, 2017 წლის 10 მაისს მოითხოვა. სამინისტროს შუამდგომლობა და საქმის მასალები 1200 გვერდია. მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ 32 გვერდიანი განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ, მეორე დღესვე, 11 მაისს მიიღო და სპეციალურ მმართველად, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. ჩიქოვანი „რიჟას“ ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2003-2007 წლებში, ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში საწარმოს გიორგი კაპანაძე და ილია კოკაია განაგებდნენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩამოაწერეს.

2021 წელს „ჯორჯიან მანგანეზში“ სამეთვალყურეო საბჭოც შეიცვალა. საბჭოს სამივე წევრი მანამდე აშშ-ს მოქალაქე იყო. საბჭოს ახალი წევრები ალექსანდრე მელაძე, გიორგი კაპანაძე (საბჭოს თავმჯდომარე) და მარიამ ლაშხი გახდნენ.

სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ ამოწმებს. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმ გაორმაგებული და მდგომარეობა კრიტიკულია.

ნახეთ „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება

ჭიათურა - უბედურების ზონა

 

სამი წლით დანიშნულ ნიკოლოზ ჩიქოვანს 2020 წლის 8 მაისს, ვადა მეორედ, კიდევ 3 წლით გაუგრძელეს, რამდენადაც მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2023 წლის 16 მაისს, მოსამართლე ნინო ბუაჩიძის განჩინებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 2 წლით, 2025 წლის 9 მაისამდე გახანგრძლივდა. ახალ სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზში“ კირთაძე 2019 წლიდან 2023 წლის მაისამდე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 1997-2004 წლებში ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2004-2019 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. სპეციალური მმართველის ხელფასი 8000 ლარია.

ნიშანდობლივია, რომ 2019-2020 წლებში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის მრჩეველი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში იყო „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ამჟამინდელი წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი.

2004-2019 წლებში, როცა ბესიკ კირთაძე საგამოძიებო სამსახურში (იგივე ფინანსური პოლიცია) მუშაობდა, ამავე უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა ალექსანდრე დალაქიშვილი - 2014-2017 წლებში იყო საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2011-2013 წლებში საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, 2005 წლიდან კი ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.

„ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებული რამდენიმე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალდანიშნული სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე და მონოპოლისტი საშუამავლო კომპანიის მფლობელი ნოდარ მიქაბერიძე („ბაშკირა“) ალექსანდრე დალაქიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები არიან. მიქაბერიძე რუსთაველი ბიზნესმენია. ალექსანდრე დალაქიშვილი წლების განმავლობაში რუსთავში მუშაობდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი, პარტიისგან ქალაქი რუსთავი და ქვემო ქართლის რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული. რადიო თავისუფლებისთვის 2021 წელს მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე დალაქიშვილი ადასტურებს, რომ მიქაბერიძე მისი მეგობარია. დეპუტატი დალაქიშვილი პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია. ამ კომიტეტის მოვალეობებში შედის გარემოს დაცვის სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე რეაგირება. ალექსანდრე დალაქიშვილმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ ანტიკონსტიტუციურია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და ლიცენზიებისა და ნებართვების შეახებ კანონის ის ორი მუხლი, რომელიც მოსამართლემ სპეციალური მმართველის დანიშვნისას გამოიყენა. იურისტის თქმით, აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს, მოსამართლის მიერ, მმართველისთვის ვადის უვადოდ გაგრძელებას იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არსებობს ძირითადი სარჩელი: „სასამართლოს აღნიშნული განჩინებით ირღვევა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, რადგანაც მოსახლეობას (დაინტერესებულ პირებს) არ ეძლევათ შესაძლებლობა, სადავოდ გახადონ მმართველის დანიშვნა, გაასაჩივრონ მმართველის გადაწყვეტილებები და მისთვის ვადის გაგრძელება“.

 

ახალი გამამდირებელი ქარხნის უნებართვოდ გაყიდვა

სპეციალური მმართველისთვის დაკისრებული 14 ვალდებულებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო არსებული, ძველი, მწყობრიდან გამოსული ფაბრიკების დემონტაჟი, საიდანაც მდინარეები ჯრუჭულა და ყვირილა საგანგაშოდ ბინძურდება მძიმე მეტალებით.

2020 წელს, კიდევ სამი წლით, ნიკოლოზ ჩიქოვანს სპეციალური მმართველის უფლებამოსილება სწორედ ამ ვალდებულების უპირობო შესრულების მიზნით გაუგრძელდა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ 2021 წლის 14 ივლისს მართლაც დააფუძნა სს „ახალი გამამდიდრებელი ქარხანა“. 2022 წლის 19 მაისისა და 20 მაისის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, სს „ახალი გამამდიდრებელი ქარხნის“ კაპიტალში შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეიტანა როგორც ფულადი შენატანები, ასევე, მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის, All Minerals-ის ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ღურღუმელას შლამსაცავის ტერიტორია და ღურღუმელაზე განთავსებული შლამები.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ამოწურვამდე, სს „ახალი გამამდიდრებელი ქარხნის“ აქციების 100% მიჰყიდა შპს „სეპროლს“ იმ პირობით, რომ „სეპროლი“ მოაწყობს ახალ შლამსადენს, ღურღუმელას შლამსაცავს, მოიზიდავს აუცილებელ თანხებს All Mineral-ის ქარხნის ტექნიკური გადაიარაღებისთვის და ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ სრულად აუნაზღაურებს ახალი ქარხნის აშენებისთვის გაწეულ ხარჯებს.

„ჩიქოვანმა ზედამხედველ საჯარო უწყებებსა და სასამართლოს „ახალი გამამდიდრებელი ქარხნის“ გაყიდვის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინა, როცა გარიგება უკვე გაფორმებული იყო. ეს დაუშვებელი ქმედებაა. სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ამ ქარხნის ამუშავება იყო, ჩიქოვანმა კი თვითნებურად გადაწყვიტა, ვალდებულება თავიდან მოეშორებინა და ქარხანა გაესხვისებინა. სამწუხაროდ, მისი ეს ქმედება არც სასამართლოს მიერ შეფასდა შესაბამისად და მის მიმართ არ დამდგარა არავითარი პასუხისმგებლობა“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი.

შპს „სეპროლი“ 2020 წლის 11 ნოემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი თურქაძეა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოსავალს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული ლიცენზიის გაუქმებაში და მნიშვნელოვანი ვალდებულებების დაცვით ახლიდან გაყიდვაში ხედავს:

„ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებებში მყოფი ადამიანები და გავლენიანი პირები დაკავშირებული არიან „ჯორჯიან მანგანეზთან“. მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები ვალებულებით და მეტი თავისუფლების პირობით ჰქონდეთ წიაღის მოპოვების უფლება. დღეისათვის ლიცენზია მოქმედებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. კომპანიას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია მის სამთო მინაკუთვნში მოპოვება დაიწყოს.

ჩვენ, საზოგადოება დაინტერესებული ვართ იმით, რომ ლიცენზია გაუქმდეს და ხელახლა გაიყიდოს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, უკვე სავალდებულოა წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება და ქმედებების იმგვარად დაგეგმვა, რომ არ იყოს ეს ადამიანებისთვის მომაკვდინებელი“.

16 ივნისს, „მწვანე ალტერნატივამ“, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ „მომავლის ჭიათურა“ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს, სადაც ასაბუთებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებითი მმართველობის რეჟიმმა ვერ გაამართლა და ჭიათურაში არსებული ისედაც მძიმე სიტუაცია ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეს ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვენ.

 

პროტესტის მე-12 დღე და სამოქმედო გეგმა

გაფიცული მაღაროელები 18 ივნისიდან ჭიათურაში ბლოკპოსტების მოწყობას აპირებენ, რათა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა, ღია კარიერული წესით მოპოვებული მანგანუმი ქალაქიდან ვეღარ გაიტანონ. 10 მაღაროელი მე-6 დღეა შიმშილობს, აქციის ერთმა მონაწილემ კი გუშინ პირი ამოიკერა, მას შემდეგ, რაც კომპანიასთან მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო. მოშიმშილე მერაბ სარალიძემ დღეს თქვა, რომ ორშაბათიდან გაფიცულები საპროტესტო აქციებს თბილისში გამართავენ.

„დღემდე აბსოლუტურად ვემიჯნებოდით პოლიტიკას, მთავრობას ნდობას ვუცხადებდით. იმედი გვქონდა, რომ დაგვეხმარებოდნენ და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა. მაქსიმალურად ვიცილებდით იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას თბილისში არ ავიღებთ.

ვადასტურებ, ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებთ, ვილაპარაკებთ მხოლოდ ჩვენს საქმეზე, ჩვენი ინტერესი მხოლოდ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, მაგრამ ვერ დავუწყებთ ბრძოლას იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკური ინტერესები ექნება“, - თქვა მალხაზ სარალიძემ.

აქამდე აქციის ორგანიზატორები პოლიტიკურ ჯგუფებს ან მათთან ახლოს მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის, მხარდაჭერის გამოხატვის ან სიტყვით გამოსვლის საშუალებას. მაღაროელები მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ „ქართული ოცნებიდან“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს, რომელსაც მერის თანამდებობაზე მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, არცერთხელ არ ამოუღია ხმა „ჯორჯიან მანგანეზის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

ამ თემაზე - 

რამდენ მილიონს შოულობენ „ჯორჯიან მანგანეზი“ და საშუამავლო კომპანიები ჭიათურაში

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში