საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ანგარიშსწორება ხარაგაულში - „ოცნება“ სოციალური დახმარების მიმღები ჩინოვნიკის დასაცავად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:51 - 12 ოქტომბერი 2022 hits 13056

საკრებულოს თავმჯდომარით დაწყებული და მერიის შენობის დარაჯით დამთავრებული, საგანგებოდ მობილიზებულები დახვდნენ ხარაგაულში ჩასულ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს ლევან ხაბეიშვილს. დეპუტატი აპროტესტებს, რატომ ეძლევა სოციალური დახმარება „ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით კიკნაძის ოჯახს. კიკნაძის ყოველთვიური ხელფასი 3410 ლარია, წლიური 40920. მერიაში მუშაობს მისი მეუღლეც ია ტაბატაძე, რომლის ხელფასიც 1300 ლარს აღემატება (წლიური 15840), ოჯახი კი მაინც იღებს ფულად დახმარებას.

6 ოქტომბერს, ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, დაპირისპირება, რომელიც შეხლა-შემოხლაში რამდენჯერმე გადაიზარდა, დაახლოებით 13:20 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებასთან დაიწყო.

ლევან ხაბეიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების უფროსისგან, კიაზო გამრეკელაშვილისგან, მედიის თანდასწრებით ითხოვდა განმარტებას - რის საფუძველზე დაენიშნა დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება. გამრეკელაშვილი ამავე დროს „ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

„როდესაც განცხადება გააკეთა, შეეძინა მესამე შვილი და მესამე შვილი როცა შეეძინა, მაშინ დაენიშნა დახმარება. სოციალურად დაუცველი არ არის ის, ბავშვებზე იღებს დახმარებას. თქვენ იცით, რომ მისი ბავშვი ავად არის?! რა თანხა სჭირდება ბავშვს წამლებისთვის?! სამი შვილი ჰყავს, პროგრამულად მიეცა“, - გამრეკელაშვილმა სცადა, დაეზუსტებინა, რომ როდესაც დახმარების დასანიშნად კიკნაძის დეკლარაცია გაიგზავნა, მას ხაბეიშვილის მიერ ნახსენები 3000 ლარიანი ხელფასი არ ჰქონდა“.

დავით კიკნაძე 2005-2012 წლებში ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი იყო. ის დააწინაურეს და რესურსცენტრის უფროსად დანიშნეს 2013 წელს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ. ამ თანამდებობაზე მან 2017 წლამდე იმუშავა. 2014 წელს საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 2017-2021 წლებში საკრებულოში განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა. 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 

მისი თანაკლასელია კობა ლურსმანაშვილი, რომელიც 2013 წელს ჯერ გამგებელი გახდა, მერე პარლამენტის წევრი იყო (ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი), 2020 წლიდან ხარაგაულის მერია.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დავით კიკნაძეს სამი შვილი ჰყავს - ყველაზე პატარა 5 წლისაა. სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი თქვა გაეცა ინფორმაცია, როდიდან და რა ოდენობის ფულად დახმარებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ოჯახი. თუმცა, კიაზო გამრეკელაშვილის კომენტარს თუ დავეყრდნობით, დავით კიკნაძის ოჯახი ხუთი წელია სოციალური დახმარების მიმღებია.

2017 წელს, როდესაც კიკნაძის ოჯახს დახმარება დაენიშნა, მისი, როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 1650 ლარი იყო, ხელფასს იღებდა მისი მეუღლეც - ია ტაბატაძე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსისტად მუშაობს. 2022 წლის 28 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში დავით კიკნაძე არ უთითებს გასული წლის განმავლობაში ხელფასის სახით რა შემოსავალი მიიღო.

ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში დავით კიკნაძე არც მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ წერს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით კიკნაძის საკუთრებაშია 9231 კვმ მიწის ნაკვეთი სოფელ საღანძილეში; 91 კვმ ბინა დაბა ხარაგაულში, წერეთლის N 17-ში.

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 25 ოქტომბერს, დავით კიკნაძემ 5 ათასი ლარი შეწირა პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. „როგორც გავიგე, მეგობარს გადმოუცია ეს თანხა“, - ასე ახსნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების უფროსმა კიაზო გამრეკელაშვილმა ეს ფაქტი.

სააგენტოს ოფისიდან გამოსულ ხაბეიშვილსა და მის თანმხლებ პირებს, იქვე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, მისი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მერიის და ააიპ-ების თანამშრომლები დახვდნენ, 30-ზე მეტი ადამიანი.

[გაფრთხილება - ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს]

„ქათამო“, „ჩანჩურა“ - საჯარო სამსახურის ეთიკისთვის შეუსაბამო, სიძულვილის ენით მიმართავდა საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მანანა ბარბაქაძე პარლამენტის წევრს. ბარბაქაძე 1984-1990 და 2000-2004 წლებში ვაკე-საბურთალოს რაიონის საპასპორტო განყოფილებაში ჯერ უფროს ინსპექტორად, ხოლო შემდეგ უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან 2012 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა, მას საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია. „შენმა, ომის პარტიამ, ავტომანქანა დამიწვით, 7 ნოემბერი...“, -

- რა 7 ნოემბერი, კალენდარზე 2022 წელია. 7 ნოემბერს ნახევარზე მეტი პარტიაში გყავთ თქვენ - უთხრა მას ხაბეიშვილმა.

- ხმა ჩაიწყვიტე!

- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს როგორ აძლევთ დახმარებას, არ გრცხვენიათ?

- კანონიერად აქვს.

- რა კანონიერად, 5 ათასი კაცი მომლოდინეა, რომ დახმარება მიიღოს.

- ხმა ჩაიწყვიტე - ეუბნება ბარბაქაძე ხაბეიშვილს და ხელს ხელზე არტყამს.

- მაგიტომ მოგიყვანეს, რომ ქალი ხართ და ამას აკეთებთ?

ლევან ხაბეიშვილისთვის დარტყმა გოგა კიკნაძემ სცადა. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში და დავით კიკნაძის ბიძაშვილია. კიკნაძე სწორედ საღანძილის თემიდან არის ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი თანმხლებმა პირებმა ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს, ერთმანეთს დაარტყეს ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძმამ, ზურაბ ლურსმანაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თორნიკე ავალიშვილმა. ავალიშვილი ამბობს, რომ მერის ძმამ დედა შეაგინა. როცა ლურსმანაშვილი და ავალიშვილი ერთმანეთს დააცილეს, ავალიშვილს მოლითის თემში მერის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე დაედევნა. მანანა ბარბაქაძე ისევ ხაბეიშვილს მისდევდა „შენ თუ კაცი ხარ, დაცვა რად გინდა? შე ჩანჩურა. მასე უკანსვლით გატარებ მე შენ“.

სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებსაც და ხელს უშლიდნენ გადაღებაში. განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ კიცხის თემში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი პაატა ბერაძე, მერიის შენობის დარაჯები ზურაბ და სოსო ტაბატაძეები, ხარაგაულის მერის მძღოლი - სოსო პეტავა. მობილიზებულები იყვნენ ასევე მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან: ბესო გრიგალაშვილი - მერის წარმომადგენელი ხევის თემში, კახაბერ ლომიძე - წარმომადგენელი ხუნევის თემში, თამაზ ჭიპაშვილი - მერის წარმომადგენელი ბაზალეთის თემში, ლევან გოგოლაძე - მერის წარმომადგენელი ვახანის თემში, ბესო დალალიშვილი - მერის წარმომადგენელი ზვარის თემში, გელა მაღრაძე - მერის წარმომადგენელი ლეღვანის თემში; საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარის სამივე მოადგილე: უშანგი ბერაძე, ნონა ზურაბიანი და ირმა ვაქერ-სებისკვერაძე.  ავთო ვეფხვაძე - საკრებულოს წევრი, ოთარ ლურსმანაშვილი - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის სამივე მოადგილე - დავით კიკნაძე, ამირან ოქრომჭედლიძე, პაატა გოგოლაძე; პავლე კიკალიშვილი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ კვირიკაშვილი - საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; გოგა ცხადაძე - სპეციალისტი ვახანის თემში, ზაზა კაციტაძე - კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი, იური გიორგაძე - ააიპ სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომელი, მამუკა ლურსმანაშვილი - კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვარლამ ჭიპაშვილი - ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი კიკნაძე - ააიპ-ის თანამშრომელი, დავით კიკნაძის ძმისშვილი; დიმიტრი მაჭავარიანი - ხარაგაულის ააიპ სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომელი, ზურაბ ბანცაძე - მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

დაპირისპირება სულ მცირე ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და დიდი ხნის განმავლობაში პოლიცია არ გამოჩნდა. არადა, ხარაგაულის პოლიციის სამმართველო სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისიდან დაახლოებით 50 მეტრშია.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, მობილიზებულ პირებთან ერთად, ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისამდე გაჰყვა - „ქათამო, ქათამო“ ყვიროდა ის.

ბარბაქაძე უარყოფს, რომ ხაბეიშვილს აქტივისტები ორგანიზებულად დაახვედრეს: „ხაბეიშვილი რომ მივიდა სოციალურ სააგენტოში და ჩვენს დეპუტატს, სააგენტოს ადგილობრივ ხელმძღვანელს დაჭერით ემუქრებოდა, თურმე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სოციალურ ქსელში. აქედან, გავიგეთ. პირდაპირმა ეთერმა გამოიწვია იქ ხალხის მისვლა.

- ასე, ორგანიზებულად? ხარაგაულის ზოგიერთი სოფელი დაბიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული. როგორ აღმოჩნდა იქ თითქმის ყველა სოფლის რწმუნებული, საკრებულოს წევრები?

- ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, მერიაში რწმუნებულები იკრიბებიან, თათბირი აქვთ, სოფლის პროექტებს განიხილავენ. ასე იყო 6 ოქტომბერსაც, ხუთშაბათს. მაჟორიტარი დეპუტატებიც აქ იყვნენ. პირდაპირი ეთერი რომ არ გაეშვათ, ჩვენ ვერაფერს გავიგებდით.

- დავუშვათ, შეხვედრა მართლაც გქონდათ და თქვენ, მერის მოადგილე, რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, სამსახურის უფროსები ერთად წახვედით, სხვადასხვა ააიპ-ის თანამშრომლები როგორ მოხვდნენ იქ?

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისის წინ არის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ააიპ-ის შენობა. იქ იყვნენ თანამშრომლებიც და გამოვიდნენ.

- დანარჩენი ააიპ-ები? მაგალითად, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის? აქედანაც ბევრი თანამშრომელი იყო მობილიზებული. ფურცლებზე ფოტოებიც სახელდახელოდ ამობეჭდეთ, ხაბეიშვილს რომ ედავებოდით 7 ნოემბერთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით?

- ეს ჩემი სამაგიდო წიგნივით არის. ამობეჭდილი მაქვს. 2004 წლის დეკემბერში მიშამ ჯერ სამსახურიდან გაგვყარა, 2000 კაცი გაგვიშვეს ვიცე-პოლკოვნიკები. კაბინეტიდან გამომაძევეს. საპასპორტოს უფროსი იყავიო, რომ წამომაძახეს, რამე რომ ჩამედინა, ისინი მე დამინდობდნენ? 7 ნოემბერს, აქციის დარბევისას წყლის ჭავლი რომ შემასხეს, მარცხენა ყურით დღემდე არ მესმის კარგად. 2012 წელს, დილის 5 საათზე მანქანა რომ დამიწვეს, წინასწარ მაქვს მომზადებული და ამობეჭდილი მასალები, რაც მათ „საგმირო საქმეებს“ ეხება. ჩემს მოადგილეს რომ დასდევენ, ჯერ ერთი, ეს არ არის სოციალური დახმარების მიმღები ოჯახი. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან ზონაში ბავშვები იღებენ დახმარებას. ჯერ იყო 50 ლარი, მერე პრემიერის ინიციატივით გახდა 100 ლარი თითო ბავშვზე. დათომ თავად მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ამა წლის მარტში და მოითხოვა გადამოწმება, მორალურად უხერხულობას მიქმნის, ბავშვებს ეს დახმარება რომ ეძლევათო. სოციალურ აგენტს ჯერ არ გადაუმოწმებია.

რაც შეეხება იმ სიტყვებს, რითიც მივმართავდი ხაბეიშვილს, გამოხატვის თავისუფლება არ მაქვს მე? ვინ ამიკრძალა ვთქვა ის, რასაც მასზე ვფიქრობ. ხაბეიშვილის თანაპარტიელი თორნიკე ავალიშვილი, აქ ფრაქციის ხელმძღვანელი რომ არის, თითქმის ყველა სხდომას მიშლის. ანგარიშის წარდგენისას თანამშრომლებს გამოგლეჯს დოკუმენტებს, ხევს და სახეში აყრის. ისე იქცევა, ერთ სიტყვას არ გათქმევინებს. ყოველთვის ცდილობს დამაბულინგოს, რადგან ქალი ვარ. მე რატომ არავინ გამომეხმაურა?“.

პოლიციამ ხარაგაულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ხულიგნობენ, უხეშად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავენ. არ ემორჩილებიან დაპირისპირების ადგილზე დაგვიანებით მისულ პოლიციელებს, როცა ისინი სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ხულიგნობა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. პასუხისგებაში ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი არ არის მიცემული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში