საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უკრაინის დროშა და Z „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისზე - რას აპროტესტებენ ონელები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:26 - 29 მარტი 2022 hits 7112

ალტ-ინფოსდაფუძნებული პარტიისკონსერვატიული მოძრაობისოფისი რაჭაში, ონში, კახაბრიძის 17 ნომერში, უკრაინის დროშის ფერებშია შეღებილი. რამდენიმე მოქალაქისგან შემდგარმა ჯგუფმა ოფისის კარ-ფანჯარა ღამით მოხატა და უკრაინის დროშას ქვეშ წითლად Z სიმბოლოები მიაწერა - პარტიის, როგორც რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის ნიშანი.

„მთის ამბები“ დაუკავშირდა ახალგაზრდებს, რომლებიც პრორუსული პარტიის აქტიურობას თავის მხარეში ამ ფორმით ეწინააღმდეგებიან. ისინი ამბობენ, „კონსერვატიულ მოძრაობად“ შენიღბული პარტიის საქმიანობას საქართველოს მეგობრის დროშით აპროტესტებენ, რადგან ახლა ყველაზე მეტად თანადგომა უკრაინას სჭირდება. უკრაინაა ქვეყანა, სადაც ამ წუთებშიც რუსეთი უპრეცედენტო ბოროტებას სჩადის. „მთის ამბები“ რესპონდენტების ვინაობას მათივე თხოვნით არ ასაჯაროებს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში უმრავლესობა რუსეთის მოწინააღმდეგეა და ჩვენს ხალხს არ ეშლება მტრისა და მოყვრის გარჩევა. მაგრამ არ ვიცით, რა დაგვემართა ბოლო 30 წელიწადში. რატომ გავხდით ასეთი ნიჰილისტები და რატომ დავუთმეთ ასეთ ხალხს ასპარეზი. საქართველოში, სადაც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და უკვე საუკუნეებია, ყველა შესაძლო გზით ცდილობს რუსეთი ჩვენს განადგურებას და წაშლას, იქმნება პარტია, რომელიც თავსაც არ იწუხებს რამე შენიღბოს და ღიად პრორუსულ პროპაგანდას ეწევა, თან ამას ქართულ ტრადიციებად და ჩვენს ინტერესებად გვასაღებს.“

- რისი თქმა გინდოდათ ოფისის კარ-ფანჯრის შეღებვით? რატომ ღამით, ჩუმად?

„ფაქტია, თითო-ოროლა ადამიანი ამბობს რამეს ხმამაღლა. სასაცილოდ არ ჰყოფნით, გემუქრებიან, საცემად იწევენ. ასე მაინც გაიგოს ყველამ, რომ შეიძლება რაჭველები აქციებზე არ იდგნენ ყოველდღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ალტ-ინფოს“ ღირებულებებს იზიარებენ და ეთანხმებიან. ქვეყნის ლამის ორი მესამედიღა გვაქვს დარჩენილი და ესენი ამბობენ, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან, ჩვენი ძმები არიანო. ვიცით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ვიცით, რომ სხვისი საკუთრების ხელყოფა და იერსახის შეცვლა განზრახ, კანონს ეწინააღმდეგება“.

არ ვართ ჩვენ კანონდამრღვევი მოქალაქეები. მაგრამ გაცნობიერებულად ვარღვევთ ახლა კანონს. როცა სახელმწიფო და კანონი უყრუებს ამ მოღალატეებს, ჩვენ მეტი გზა არ გვრჩება.

„ალტ-ინფოს“, როგორც ძალადობის წამახალისებელ და პრორუსულ დაჯგუფებას  არაერთ ქალაქსა და სოფელში უწევენ წინააღმდეგობას ადგილობრივები. „კონსერვატიული მოძრაობა“ დაჟინებით უარყოფს რამე სახის უთანხმოებას და უარყოფითი განწყობების არსებობას მათ მიმართ. პარტია ერთმანეთის მიყოლებით ხსნის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა რაჭამდე ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა იყო სვანეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის მუნიციპალიტეტებში.

საპასუხოდ, „ალტ-ინფო“ და მისი პარტია მოქალაქეებს „რადიკალ ისლამისტებად“, „ტერორისტებთან კავშირში მყოფ ჯგუფებად“, „სექტანტებად“, „ლიბერასტებად“, „მახინჯებად“ მოიხსენიებს და ჰპირდება, რომ როცა „ხელისუფლებაში მოვლენ“, ამ ადამიანებს „საქართველოში აღარ გააჭაჭანებენ“.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ბოლოს ოფისები 28 მარტს, მესტიის სოფელ ხაიშსა და ზუგდიდის სოფელ დარჩელში გახსნა. დარჩელში ოფისის გახსნას დაუყოვნებლივვე მოჰყვა პროტესტი.

„სანამ დარჩელში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, ვინც აფხაზეთის ომი გაიარა და „მხედრიონის“ ტყვიების ქვეშ იცხოვრა, ამას არ დაუშვებს.“

განაცხადა დარჩელის მკვიდრმა ირაკლი ხუფენიამ.

5 ივლისის მასობრივი დარბევის ორგანიზატორ პარტიას სულ 77 ოფისის გახსნა აქვს დაანონსებული. მათი დათვლით, 58 ქალაქში, სოფელსა და დაბაში პარტია უკვე ფუნქციონირებს და ადგილობრივებს შეერთებისკენ მოუწოდებს.

„კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა და ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. მოძრაობის გაცხადებული მიზანი საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაა. მისი ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგისა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირების გზით.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში