საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

15:34 - 04 მარტი 2022 hits 4018

„ვლადიმერ პუტინი, პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი... ის არ არის ემოციურად გაუცნობიერებელი, როგორც არის, მაგალითად, ზელენსკი“; „მსოფლიოს აშინებს (ვლადიმერ პუტინი) და თავის ჭკუაზე ატრიალებს, მისი ეშინია მთელს მსოფლიოს“; „სრული ძალისხმევით არ ებრძვის (რუსეთი უკრაინას)“; „რუსეთის პოზიცია არის ასეთი, რომ არ უნდა იქცე რუსეთის წინააღმდეგ იარაღად“ - ეს არის ამონარიდი „ალტ-ინფოს“ წამყვანების განცხადებებიდან, რომლითაც ისინი თავის გადაცემებში ცდილობენ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები გაამართლონ.

28 თებერვლის გადაცემა „დღის კომენტარში“ 14:17:56 საათზე ისმის გადაცემის წამყვანის შემდეგი კითხვა: „ჩვენ ვსაუბრობდით პაატა ზაქარეიშვილთან ერთად და მან აღნიშნა, რომ პუტინი არ იყო მზად იმ საფრთხისთვის, უფრო სწორად იმ პასუხისთვის, რომელიც მიიღო დასავლეთიდან: სანქციებისთვის, გაერთიანებული დასავლეთის მიღებისთვის, იმ ყველაფრისთვის, რაც მას მოუწყვეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ,

ვლადიმერ პუტინი, პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი... ის არ არის ემოციურად გაუცნობიერებელი, როგორც არის, მაგალითად, ზელენსკი.

რამდენად შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინს გათვლილი არ ჰქონოდა ყველა შესაძლო ნაბიჯი, ყველა შესაძლო სანქცია და ყველა შესაძლო საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა წამოსულიყო დასავლეთიდან, ვიდრე ომს დაიწყებდა და რამდენად მოუმზადებელმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, თუ აქვე მივაბამთ ბორელის განცხადებას, რომ მათ არ შეუძლიათ, რომ განსაკუთრებული სანქციები დაუწესონ (SWIFT-დან ამოაგდონ და ა.შ)?“. ხოლო, 14:22:12-ზე გადაცემაში მოწვეული სტუმარი ამბობს შემდეგს: „ბრძოლის სხვა მეთოდზე არის ახლა რუსეთი გადასული და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაში და მშვიდობიან დასახლებებში არ იყოს მსხვერპლი... რა თქმა უნდა, გარდაიცვალნენ (ადამიანები), რა თქმა უნდა, დაინგრა სახლები, მაგრამ არა ის რაოდენობა, რომელზეც იქნებოდა აქ სიტუაცია დაძაბული.“ 

28 თებერვლის გადაცემა „დღის კომენტარში“ 12:51:22 საათზე, როდესაც გადაცემაში მოწვეული სტუმარი უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინს და მის ქმედებებს, გადაცემის წამყვანისგან ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და მისი ქმედებების გაიდეალიზება შემდეგი სიტყვებით: „მსოფლიოს აშინებს (ვლადიმერ პუტინი) და თავის ჭკუაზე ატრიალებს, მისი ეშინია მთელს მსოფლიოს.“

23 თებერვლის გადაცემა „დღის კომენტარი 16 საათზე“, 16:13:03 საათზე ისმის წამყვანის შემდეგი სიტყვები:

„დასავლეთის პროვოკაციული პოლიტიკა არ იცვლება, ზუსტად იგივე სცენარით მიიყვანეს რუსეთსა და უკრაინას შორის მდგომარეობა ამ უკიდურეს წერტილამდე, როგორც 2008 წელს მიიყვანეს საქართველოსა და რუსეთს შორის“;

16:13:37 საათზე: „ორი ქვეყანა დააჯახეს ერთმანეთს... ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა უკრაინა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, გაუნადგურდა ეკონომიკა და ქვეყანა არის სრული კოლაფსის წინაშე... ვხედავთ რომ რუსეთს თავის გეოპოლიტიკურ ოჯახში აუტეხეს ომი“;

ამავე გადაცემაში, წამყვანი 16:18:13 საათზე აჟღერებს შემდეგ პოზიციას:

„რუსეთის პოზიცია არის ასეთი, რომ არ უნდა იქცე რუსეთის წინააღმდეგ იარაღად.

უკრაინა დარტყმის ქვეშ ახლა არის იმიტომ, რომ მიზანმიმართულად კოლექტიურმა დასავლეთმა (პირველ რიგში აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ) ... ის მიზანმიმართულად აქცია რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო, გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად და იარაღად... შესაბამისად, რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ ექცევა უკრაინა“; 

27 თებერვალს გადაცემა „ალტ-ანალიტიკაში“ 21:27:50 საათზე, გადაცემის წამყვანი ამბობს: „სრული ძალისხმევით არ ებრძვის (რუსული მხარე უკრაინას), შეიძლება ეს ცოტა სასტიკად გაჟღერდეს, მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი მე დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს ჯარისცაკი და შემთხვევით ამ მოწინააღმდეგის ჯართან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა - მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს. მე მირჩევნია უმართავი საავიაციო ბომბები გამოვიყენო და მძიმე საარტილერიო დანადგარები, ვიდრე შემთხვევით სახლი არ დაზიანდეს, ვინმე არ გამიბრაზდეს და ამის შედეგად უბრალოდ კოლონა გავუშვა შეტევაზე, რომელიც შეიძლება ჩასაფრებაში მოჰყვეს - ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა.“

03 მარტს, 13:50:40 საათზე, „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემის წამყვანი სვამს კითხვას სტუმართან: „ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ აზრი, საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩდენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს, ეს მედიაში ვრცელდება, ანუ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა 38 ქვეყანამ, რომ გამოიძიოს ამ ომის დროს განხორციელებული ქმედებები და მათ შორის არის საქართველოც. უერთდება ამ მოთხოვნას. როგორ ფიქრობთ ეს რამდენად გონივრული ნაბიჯია და შეიძლება თუ არა ამან რაიმე ფორმით ჩვენი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს?“ კითხვაზე სტუმარი პასუხობს: „იცი რა არის, არა მგონია რაიმე მოთხოვნებმა… უკვე პრინციპში რუსეთს ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რომ ნებისმიერი შერაცხვა რუსეთის: სანქციებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რუსეთს უკვე ვეღარ შეაჩერებს. ბოდიში ამ სიტყვაზე, მას უკვე ფეხებზე ჰკიდია იმიტომ, რომ მივიდა უკვე იმ კონდიციამდე, მიიყვანა მსოფლიოს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მამამთავრებმა, ეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაამხეცა და ეხლა მის დაწყნარებას კი არ ცდილობენ, პირიქით აღიზიანებენ“. შემდეგ სტუმარი აგრძელებს იმაზე საუბარს, თუ რა ატომური შესაძლებლობები აქვს რუსეთს და ერთი გასროლით ამერიკას რომ გაანადგურებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელმძღვანელმა, იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა, „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ, დღეს, საჩივრით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.

„24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, „ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოაჩინოს, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, „ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს.

მიგვაჩნია, რომ „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით.

ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას“, - აღნიშნავს ედუარდ მარიკაშვილი.

საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერზე, რომლის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: „ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს“. ამავე კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე“. ეს გადაცემები კი, სადაც წამყვანები რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების გამართლებას ცდილობენ, ეთერში ამ დროს გავიდა, რითაც ედუარდ მარიკაშვილის თქმით, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოახდინა.

ედუარდ მარიკაშვილი კომუნიკაციების კომისიის მიერ 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებასაც ეყრდნობა, რომლითაც კომისიამ დანაშაულის გამართლების საფუძვლით, ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად სცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. „ალტ-ინფოს“ გადაცემაში დადებითად იყო შეფასებული ძალადობა, რაც საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის მიხედვით დანაშაულს განეკუთვნება.

საჩივრის ავტორის თქმით, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების კონტექსტშიც - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.

მარიკაშვილს ერთ-ერთ არგუმენტად მოაქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტიც - 2 მარტს, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 39-მა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა ჰააგის სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ლეტალური ძალის გამოყენების ფაქტებზე გამოძიების დაწყება და რუსეთის ფედერაციის ცნობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად. ჰააგის სასამართლომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„მთის ამბები“ თვალს მიადევნებს, როგორ გაგრძელდება და გადაწყდება დავა კომუნიკაციების კომისიაში.

ვიდრე რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის და საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდა, ახლაც, ომის დროს, როცა საზოგადოების მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, „ალტ ინფოს“ ჯგუფის მიერ შექმნილი პრორუსული პარტია ოფისებს, მთელ საქართველოში, ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. „კონსერვატიულ მოძრაობას“, ბოლო ერთ თვეში, რეგიონებში უკვე 40-ზე მეტი ოფისი აქვს, არადა, ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 18 თებერვლის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი, მხოლოდ 36 675 ლარია. მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან აუდიტის სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია პარტიის ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულების შესახებ - მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში. „კონსერვატიულ მოძრაობას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 18 თებერვლის შემდეგ მონაცემები მიწოდებული არ აქვს.

3 მარტს, „ალტ-ინფოს“ წევრები და აქტივისტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მესტიაში საგანგებოდ შეიკრიბნენ, თავს დაესხნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც სვანეთში პრორუსული პარტიის ოფისი გახსნა გააპროტესტეს. მესტიის ცენტრში ჩხუბი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლებიც, მაგრამ ძალადობის, ცემისა და ხულიგნობის ფაქტებზე არავინ დაუკავებიათ. ნაცემია 10-მდე ადამიანი. „მთის ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მეორე დღეა ცდილობს ინფორმაციის მიღებას, მომხდარზე დაიწყო თუ არა გამოძიება. სამინისტრო ინფორმაციას არ გვაძლევს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში