საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:33 - 24 თებერვალი 2022 hits 10680

ვიდრე რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის და საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდა და ომის მოლოდინში მყოფი საზოგადოების მთელი ყურადღებაც უკრაინისკენ იყო მიპყრობილი, „ალტ ინფოს“ ჯგუფის მიერ შექმნილი პრორუსული პარტია ოფისებს, მთელ საქართველოში, ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა. „კონსერვატიულ მოძრაობას“, ბოლო ერთ თვეში, რეგიონებში უკვე 37 ოფისი აქვს. კიდევ 6 ოფისის გახსნა, 25-27 თებერვალს, მაღალმთიან რაიონებშია დაგეგმილი, არადა, ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 18 თებერვლის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი, მხოლოდ 36 675 ლარია.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ იანვარში რაიონული ოფისების გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთიდან დაიწყო. ხობში პარტიის ოფისს როსტომ კილასონია ხელმძღვანელობს; მარტვილში ოთარ დანელია; წალენჯიხაში გიორგი ნაჭყებია; აბაშაში ზურაბ ცომაია; ზუგდიდში გია გულუა.

მესტიაში პრორუსული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი რატიანია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი იყო და მესტიის მუნიციპალიტეტს კურირებდა.

ოფიციალურად, რატიანი სუს-ის თანამშრომელი აღარ არის, 2021 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფმა, გასული წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მესტიის მერობის კანდიდატად წარადგინა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, რატიანმა მესტიის მერობაზე კენჭი სუს-ის დავალებით იყარა - „ლელოს“, გახარიას და ანა დოლიძის პარტიებიდან წარდგენილი მერობის კანდიდატებისთვის გარკვეული რაოდენობის ხმები რომ წაერთმია. გიორგი რატიანი ამ ინფორმაციას უარყოფდა. არჩევნები პირველივე ტურში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა მოიგო 64.16 %-ით. გიორგი რატიანმა 11.43 % (618 ხმა) მიიღო.

- გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ პრორუსული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამხდარიყავით?

- არ არის ეს პრორუსული პარტია, პროქართული პარტიაა.

- წლების განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყავით. ოფიციალურად, თქვენს პარტიას, შემოსავლის სახით სულ რაღაც 36 ათასი ლარი აქვს მიღებული. რა რესურსით იქირავეთ მესტიის ცენტრში მდებარე ოფისი?

- დაკითხვას მიწყობთ? არ გპასუხობთ ამ კითხვაზე. ან სუსი რა შუაშია? აღარ ვარ მე სუს-ის თანამშრომელი.

- იმის თქმა გინდათ, რომ სუს-ი არ გავალებთ იმას, რასაც აკეთებთ?

- ხომ გითხარით, აღარ ვარ მე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

მესტიის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩა N16-ში მდებარე შენობა, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაცია განთავსდა, რეალურად იური (ხუტა) რატიანს ეკუთვნის. 2018-2019 წლებში იური რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებშიც იყრიდა, ამავე პარტიიდან სიის მეოთხე ნომრად, მაგრამ საკრებულოს წევრი ვეღარ გახდა. ამავე შენობაშია მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიაც.

დღეს, მესტიაში, პარტიის ოფისის წინ პოლიცია იყო მობილიზებული, ვიდრე უკრაინის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია არ დასრულდა.

 კონსერვატიული მოძრაობის მესტიის ოფისი დღეს, სვანეთში უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამართვამდე

თელავშიც, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ოფისი ქალაქის ცენტრში, პირდაპირ მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ გახსნა. რაიონულ ორგანიზაციას ილია მეგრელიშვილი და გია კარჭაული მართავენ. ლაგოდეხში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ვახტანგ ბარბაქაძე დაინიშნა.

„აპრილის ბოლომდე მთელ საქართველოში 77 ოფისი გვექნება, სადაც ჩვენს მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პარტიის ხელმძღვანელებს“, - თქვა „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ, 30 იანვარს.

იანვრის ბოლოს და თებერვალში პრორუსული პარტიის ოფისები გაიხსნა ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში.

დმანისში პარტიას გიორგი არღვლიანი ჩაუდგა სათავეში, რუსთავში მერაბ გიგანი, კასპში გიგა კარბელაშვილი, ხაშურში გიორგი კიკნაძე და რამაზ ნოზაძე, თეთრიწყაროში ანტონ თამლიანი და თამაზ ბექაური, გარდაბანში გიორგი დადვანი, ბორჯომში შორენა კობიძე, ახალციხეში სიმონ ეღიაშვილი და აკაკი ჯელია, წნორში გიორგი ხატიაშვილი, ყვარელში გოჩა კეკენაძე, ახმეტაში ჯიმშერ ბუხაჩაური.

პარტია ახმეტაშიც ქალაქის ცენტრში, მერიის წინ განთავსდა. შენობა, სადაც ფართი იქირავეს, „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახა მამულაშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ქირავნობის კონტრაქტი 11 თვით არის გაფორმებული. მამულაშვილი ამბობს, რომ „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებს და მხოლოდ ფართი მიაქირავა.

საჩხერეში კონსერვატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გომართელია, ჭიათურაში გიორგი ლობჟანიძე და ზაურ მოდებაძე, ზესტაფონში დავით ჭუმბაძე და ბესიკ ლეონიძე; დუშეთში აბო სამხარაძე და მარინე ლაფანაშვილი, ქარელში მარიამ მიქაცაძე და ესტატე ხოსრუაშვილი; გორში გელა მეგრელიშვილი, ვანში გოგი რევაზ ფაშკურიძე, ხონში გია მანაგაძე, წყალტუბოში ზაზა მუსელიანი, ტყიბულში არსენ ფოფხაძე, თერჯოლაში ზაურ ობოლაძე, ბაღდათში მამუკა კვეტენაძე, ბათუმში გოგი ქადიძე, ქუთაისში გიგა სულაკაძე, სამტრედიაში გია ვაშაკიძე, სენაკში გიორგი ბოკუჩავა, ფოთში დავით დვალიშვილი, ჩხოროწყუში ბექა გაბედავა და ემზარ მიქავა.

„ჩვენ პირველივე არჩევნებზე ვიქნებით მთავრობა და მმართველი ძალა“ - თქვა კონსტანტინე მორგოშიამ გუშინ, ერთ-ერთი რეგიონული ოფისის გახსნისას.

მომდევნო სამ დღეში პარტია ოფისების გახსნას გეგმავს ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ცაგერში, ლენტეხში, ონსა და ამბროლაურში.

აუდიტის სამსახურის დოკუმენტების მიხედვით, პარტიის მთავარი შემწირველები სწორედ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან: მაგალითად, პარტიას 1900-1900 ლარი ჩაურიცხეს ქუთაისისა და ზუგდიდის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიგა სულაკაძემ და გია გულუამ; 1800 ლარი მერაბ გიგანმა რუსთავიდან; 500-500 ლარი გიორგი რატიანმა მესტიიდან და გოჩა კეკენაძემ ყვარლიდან.

ნახეთ ვინ არიან პარტიის შემწირველები

პარტია პატარა ქალაქების ოფისებში, ყოველთვიურად, ოფიციალურად 400 ლარს იხდის, თუმცა რამდენიმე ფართის მეპატრონისგან, რომელთა ვინაობასაც მათივე თხოვნით არ ვამჟღავნებთ, ვიცით, რომ რეალურად ქირის რაოდენობა თვეში 1000 ლარია. იგივე ფართები, ვიდრე „კონსერვატიულ მოძრაობას“ გადასცემდნენ, 400 ლარზე ბევრად მეტად ჰქონდათ გაქირავებული.

მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია პარტიის ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულების შესახებ - მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში. „კონსერვატიულ მოძრაობას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 18 თებერვლის ჩათვლით მონაცემები აქვს მიწოდებული. პარტია ასევე ვალდებულია აუდიტის სამსახურს წარუდგინოს სარეკლამო ხარჯები - რეკლამის დაკვეთიდან 5 დღის ვადაში, ხოლო წლიურ დეკლარაციას, რომელშიც ასახული უნდა იყოს პარტიის ყველა შემოსავალი და ხარჯი, მომდევნო წლის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ, რადგან აუდიტის სამსახურისთვის ამ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადა 1-ელი თებერვალია.

„ალტ ინფოს“ ჯგუფმა პარტია გასული წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

პარტია თავის მიზნად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულებას და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნას ასახელებს. ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგი და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირება სურთ.

„ალტ ინფო“ იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებებით, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობით წახალისებული აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მთელი დღის განმავლობაში ძალადობდნენ. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

2021 წლის სექტემბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ ნებართვა მისცა, თავისი მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაავრცელოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში