საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოგზაურობა ყელის ტბაზე - 18 საათი მძევლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:14 - 10 ნოემბერი 2014 hits 9910

ყელის ტბა ულამაზესი ალპური ტბაა, რომელიც ყელის ვულკანურ პლატოზე მდებარეობს. ამ ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი, მის სიახლოვეს არის მდინარე არაგვის სათავეც. ქართველ თუ უცხოელ ტურისტთა უმეტესობა სწორედ არაგვის ხეობით მიდიოდა ყელის ტბისკენ. ჩვენც, მეგობრების ჯგუფმა ამ გზით გადავწყვეტეთ ტბასთან მისვლა. ეს 2005 წლის სექტემბერი იყო. დღეს ამ მარშრუტის გაკეთებას აღარავინ რისკავს. ჩვენც, მაშინ, 11 წლის წინ, უცნაური თავგადასავალი გადაგვხდა.

ყელის ტბის სილამაზით აღტაცება ლამის ძვირად დაგვიჯდა და ტბის სიახლოვეს, არაგვის სათავეებთან 18 საათი, 18 სექტემბრის დღის 3 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე მძევლის როლში გავატარეთ... თუმცა, საღამოს უკვე ვიცოდით, რომ ოსი ეროვნების შეიარაღებული პირები მშვიდობიანად გამოგვიშვებდნენ, ღამით კი სიარულს ჩვენც ვერ შევძლებდით.

თავიდან მივყვეთ.

ათამდე ადამიანიდან, ყელის ტბაზე სალაშქროდ წასვლას რომ ვაპირებდით, დილის შვიდ საათზე დიდუბის ავტოსადგურში მხოლოდ ოთხი მივედით, თუმცა გამგზავრება აღარ გადაგვიდია, რამდენიმე საათით კი შევყოვნდით: ყაზბეგ-მლეთისკენ მხოლოდ 9 საათზე გადიოდა მიკროავტობუსი. 11 საათისთვის მლეთაში ვიყავით.

ჩემი კურსელი, გეოგრაფი დავით გოგელიძე, ჩვენი უმცროსი მეგობრები სანდრო ნავერიანი და ირაკლი ღოღობერიძე და მე გუდაურის აღმართი რომ იწყება, იქ ჩამოვედით და არაგვის ხეობას შევუყევით. მერე ამ მარშრუტზე შეიძლება სკოლის მოსწავლეების ჯგუფიც წამოვიყვანოთ – ვგეგმავდით. დათო დიდი ხანია სკოლაში მუშაობს, მეც მაქვს რაღაც გამოცდილება ამ მხრივ.

თითქმის დაცარიელებულ სოფელში არაგვზე გადებული საცალფეხო, მორის ხიდით გადავედით, მერე აქ მცხოვრებ ერთადერთი მოსახლის, ყაზბეგ ბიძიას სახლს ავუარეთ გვერდი და აღმართს დავადექით.   

ზურგჩანთებით აღმართზე სიარული არც ისე იოლია, ნელ-ნელა მივიწევთ ბილიკზე. მდინარის გადაღმა, მოპირდაპირე მხარეს გუდაურია, ჩვენ გზად ნასოფლარები გვხვდება. ჯერ ტყეში მივდივართ, მერე ალპურ მდელოზე გავდივართ.

მოგზაურობის შთაბეჭდილებებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთი ღამე გზად არაგვის ჩანჩქერის სიახლოვეს გავატარეთ.

ტანსაცმლისა და საჭმელის ნაწილი, რაც ზემოთ არ დაგვჭირდებოდა, პირველი ღამისთევის ადგილას შევინახეთ.

მთელი მეორე დღე მოსაწყენ „უროჩიშზეზე“ გავლას მოვანდომეთ. საღამოს შვიდ საათისთვის ისევ გავჩერდით ერთ-ერთ პატარა ტბასთან (ეს მგონი მეშვიდე ტბა იყო იმ დღეს). რუკის მიხედვით ვიცით, რომ ყელის ტბა აქვეა, სულ ახლოს, მდინარეც, „ჩვენს“ ტბასთან რომ ჩაედინება, ქსანია. აქვე ვართ, მაგრამ აღარ ვრისკავთ და ბინდში გზას აღარ ვაგრძელებთ. სხვა რომ არაფერი, დათვის ნაკვალევიც გვხვდება ირგვლივ. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაჯახი და ერთი დანა გვაქვს.

წვიმს. იმის შიშით წვიმამ კარავში არ ჩამოაღწიოს, თითქმის არ გვძინავს, განთიადისას მეძინება.

დილაუთენია დათო გვაღვიძებს: „ადექით ჩქარა, ტბა აქვეა და თანაც ძალიან ლამაზიაო“.

მთებით გარშემორტყმული ტბა ისეთი კამკამაა, პირდაპირ ირეკლავს ყველაფერს. მთები და ღრუბლები როგორც ზემოთაა, ისევე ჩანს წყალში.

- ხომ არ დავრჩენილიყავით ერთი დღეც? - ვეკითხებით ერთმანეთს, მაგრამ თბილისში გველოდებიან და წამოსასვლელად ვემზადებით. ტელეფონი არ იჭერს და ვერავის ვერაფერს შევატყობინებთ.

ზურგჩანთებს ვალაგებთ და 12 საათისთვის ქვემოთ ვეშვებით.  ჯერ ერთად მოვდივართ.

- ასე უფრო ვიღლები, მირჩევნია სწრაფად ვიარო და მდინარესთან დაგელოდით, სადაც გადმოვედით, - ამბობს სანდრო. ირაკლიც მასთან ერთად მიდის.

ვთანხმდებით, არაგვთან დაგველოდებიან. ბიჭები წინ მიდიან. თვალსაწიერიდან ხან გვეკარგებიან, ხან ვხედავთ. სადღაც ტელეფონი ჩაირთო, სახლებში ვრეკავთ, კარგად ვართ, თუ ტრანსპორტს ჩამოვასწარით დღეს, თუ არადა ხვალ ჩამოვალთ. ტელეფონი ისევ ითიშება. ბიჭები უკვე ორი-სამი კილომეტრით წინ მიდიან. მერე ერთ ბორცვზე გველოდებიან.

- ალბათ მოშივდათ, - ამბობს დათო. მხოლოდ ძეხვი და „სნიკერსი“ გვაქვს დარჩენილი.

რაღაც ბევრნი არიან. ალბათ კიდევ ამოდის ტურისტთა ჯგუფი ან მონადირეები არიან, -  ვვარაუდობთ, ან ჩანთებიც ადამიანებად გვეჩვენება, მაგრამ არა...

- მგონი სამხედრო ფორმიანები არიან... ისე ბიჭები მძევლად რომ ჰყავდეთ აყვანილი - თითქოს ვხუმრობ და ვუახლოვდებით კიდეც... სამი საათი ხდება...

სანდრო და ირაკლი სხედან, იქვეა ორი ავტომატიანია. შეკითხვები: ვინ ვართ? საიდან ვართ? სად ვიყავით? რა გვინდოდა?

ვპასუხობთ, რომ ტურისტები ვართ, გეოგრაფები (არც ვიტყუებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტობის ხსენება, სასურველი არ არის), ვიყავით ყელის ტბაზე...

- თქვენ საზღვარი დაარღვიეთ, - მკაცრია ბრალდება.

- რა საზღვარი, ყელის ტბა საქართველოს ტერიტორიაზეა...

- ეგ თქვენ გგონიათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა...

- აქეთ მით უმეტეს, არაგვის ხეობაა... (ეს დაახლოებით ის ადგილია, სადაც რუკაზე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ადმინისტრაციული საზღვარი გადის, ყელის ტბა კი ახალგორის რაიონშია, თუმცა ტოპონიმი ახალგორი ძალიან არ მოსწონთ შეიარაღებულებს, ლენინგორიაო სწორი).  

- მერე რა რომ არაგვის ხეობაა, ეგრე რომ ვილაპარაკოთ ნილოსი სად იწყება, მით უმეტეს რომ გეოგრაფები ხართ, - გვეუბნება მერე სულ უფროსი ასაკით.

იმ გზით გაშვებაზე, საიდანაც ამოვედით, უარს გვეუბნებიან და საერთოდაც სანამ ჩვენები არ მოვლენ, ვერ გაგიშვებთო ვერსად.

- ჩვენ წეღან იარაღიც დაგვადეს - გვეუბნებიან ბიჭები, მერე ყველას დიდი ლოდების ნაშალზე გვიშვებენ. ჩასვლა საკმაოდ ჭირს. უკან ერთი მოგვდევს ავტომატით. ერთი, ქართულად რომ გველაპარაკა, ზემოთ რჩება.

მზეზე ვსხედვართ, ერთი ან ორი ავტომატიანი ჩვენთან რჩება, დანარჩენები ცხენებით ან ფეხით მიდი-მოდიან.   

რომ წავიდე, მესვრი? - ვეკიხები ახალგაზრდა ბიჭს.

„კანეშნო“ – მპასუხობს.

ირაკლი ცოტა არ იყოს მოხიბლულია, თავი კინოში ჰგონია, დათო ჩაფიქრებულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არც ვიცით, ვინ არიან, ათასი ვერსია გვიტრიალებს. კიდევ კარგი, გოგონები მეტნი არ წამოვიდნენ, ამბობს დათო.

- რატომ გვაყოვნებთ, გველოდებიან, - ვაპროტესტებ.

- ტელეფონი გაქვთ, ვინმეს რომ დაუკავშირდეთ, - გვეკითხება ერთი.

- კი - ვპასუხობ, მობილური ალაგ-ალაგ იჭერს.

ვინმეს დაურეკეთო და ტექსტსაც გვკარნახობენ,  რა უნდა ვთქვათ. ეთოსთან, ვრეკავთ, ჩვენს მეგობართან: „ეთო, კარგად ვართ“, - ვეუბნები იმას, რასაც მკარნახობენ. ის გაოცებულია. ერთი საათის წინაც ვესაუბრეთ, გაოცებულია, მაგრამ რას უნდა მიხვდეს?

„მესაზღვრე“ ტელეფონს მართმევს, ჯერ ჩემთან იქნებაო...

– თქვენები რომ დაბრუნდებიან, იმ გზით ხომ შეგვეძლება წასვლა?

– არა, თქვენ ჩვენთან ერთად წამოხვალთ.

– უკაცრავად, სადაურები ხართ, – ვკითხულობთ იმ იმედით, იქნებ ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდეს.

–Я здесь живу, – მპასუხობს ერთი, მეორე ამბობს, რომ ცხინვალელია.

ცხენოსნებიც ბრუნდებიან, ექვსნი არიან, კარგად შეიარაღებულები.  ნანადირევიც მოაქვთ. ასაკით და, როგორც ჩანს, ჩინითაც უფროსები გვიხსნიან, რომ ჩვენ მათთან ერთად უნდა წავიდეთ.

– ჩვენი შტაბი აქედან 5-6 საათის სავალზეა, ყელის ტბის მხარეს, იქ უნდა მივიდეთ და იქ გაირკვევა, უკან გამოგიშვებთ, თუ ცხინვალში წაგიყვანთ.

– კი, მაგრამ რაცია ან რაიმე საშუალება არ გაქვთ, რომ აქედან გაარკვიოთ და ტყუილად არ ვიაროთ – სამი დღეა გზაში ვართ, დავიღალეთ და კიდევ ერთი აღმართის ავლა არც თუ იოლია.

რაცია არ აქვთ, ერთი წვერიანი ჩემი ტელეფონიდან სადღაც დარეკვას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

სხვა გზა არ არის, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს და მივდივართ. ჩვენს ბარგსაც ცხენებზე ამაგრებენ, სამნი ცხენებზე სხდებიან.

– ნუ გეშინიათ, პრობლემა არ გექნებათ, არც საჭმელი მოგაკლდებათ, – გვპირდებიან.

შვიდის ნახევარია... წვერიანი კიდევ ერთხელ ცდილობს „კომანდირთან“ დაკავშირებას. ოსურად უხსნის, რომ ოთხნი ვართ, ერთი გეოგრაფიის მასწავლებელი, განათლების სამინისტროს თანამშრომელი, ერთი ქალი... იქიდან უთხრეს, რომ დარეკავენ და ჩვენც ველით „განაჩენს“.

– კარვები გავშალოთ, ბნელდება და სიარულს მაინც ვეღარ შევძლებთ, – ამბობს ასაკით უფროსი.

კარვებს ვშლით, ორი ცხენით წყლისა და დეკის მოსატანად მიდიან, მძევალის როლში შესული ირაკლი, მეტსახელად ძიას რომ ვეძახით, სიხარულით მიჰყვება.

ალპურ ზონაში შეშა არ იშოვება და როდოდენდრომზე უნდა შეწვან ნანადირევის, ალბათ უფრო, არჩვის მწვადი.  

ამ დროს ზარია ტელეფონზე – წვერიანი რაღაცას საუბრობს და – ხვალ დილას გაგიშვებთო...

– თქვენებს რომ დაეჭირათ ოსები, ხომ აწამებდნენო? – გვეკითხება ის, ქართულად რომ საუბრობს...

– ჩვენნაირი ხალხი რა შუაშია, რატომ უნდა ეწამებინათ, – ვამტკიცებთ, ჩვენ ხომ ტურისტები ვართ...

მერე ვიგონებთ ყველა ნაცნობ და ახლობელ ოსს, საერთოც ხომ ბევრი გვაქვს.

ამ დროს მწვადიც იწვება, ჩვენც ცოტა არაყი მოგვეძებნება.  

თამადობას სულ უფროსი კისრულობს, ვასტერიჯი გვფარავდესო, ვასტერიჯი ოსურად წმინდა გიორგია... ოსური სუფრა, როგორც წესი, ამ სადღეგრძელოთი მთავრდება.

წვიმს და კარვებს ვაფარებთ თავს....

– ისე ჩვენ მართლა მესაზღვრეები არ ვართ, ისინი აქამდე არც გადმოდიან, – ისე თითქოს სხვათა შორის გვეუბნება ის, ქართულად რომ საუბრობს.

სულ უფროსი კი ამბობს, რომ აქ ხშირად მორიგეობენ და იცვლებიან...

–„ ნე ობეჟაიტეს, ეტო ნაშა სლუჟბა“ – თითქოს მოგვიბოდიშეს დამშვიდობებისას. თუ ბავშვების წამოყვანა გინდათ, მით უმეტეს ქართულ-ოსური ჯგუფის, არ შეგეშინდეთ, პრობლემა არ არისო. ტელეფონსაც გვიბრუნებენ და იარაღსაც გვაძლევენ სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად. თავად გადაღებაზე უარს ამბობენ. სამ ცხენზე ორ-ორი სხდებიან და ზემოთ, ყელის ტბისკენ მიდიან. ჩვენ არაგვის ხეობისკენ ვეშვებით. ცხრა საათზე გამოსულები სამის ნახევარზე სამხედრო გზასთან ვართ.    

P.S.  თბილისში ჩამოსულები მოგვიკითხეს კიდევ ჩვენმა ოსმა „მეგობრებმა“, „ხომ კარგად იმგზავრეთო“.  როგორც მერე თბილისში ტაქსის მძღოლმა გვითხრა, იმ დღეს თბილისში პატრულის დაბადების დღე აღუნიშნავთ დიდი ზარ-ზეიმით, ცხინვალის რეგიონში კი დიდი სროლები იყო და კარგად გადარჩენილხართო...

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში