საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ - ცხინვალში სამდღიანი ტყვეობის ამბავი [მესამე ნაწილი]

18:34 - 11 ივლისი 2020 hits 10801

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი ქართველი მოლაშქრის ამბავმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ცხოვრებაშიც ტელერეპორტაჟების, სტატიებისა თუ ფეისბუქ პოსტების სახით. მათი უმეტესობა არაზუსტი იყო. ქეთი მაღრაძე ექსკლუზიურად „მთის ამბების“ მკითხველისთვის იხსენებს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გატარებულ სამდღიან ტყვეობას. ნახეთ დღიურის წინა ნაწილები.

ბუზნეგე

სალამ

სასამართლოს დარბაზის ღია კარში მეზობელ ოთახში გამართული სამზარეულოდან  მოთუშული ბოსტნეულის სუნი შემოდიოდა. ცოტა ხანში სუნს მოსამართლეც შემოჰყვა ტუჩების წმენდით, თავი წარგვიდგინა და სხვა ოთახში გაუჩინარდა.

ცარიელ დარბაზში სამ მეთვალყურესთან ერთად საათნახევარი დავყავით. ხელიხელჩაკიდებულები ვისხედით და ერთმანეთს ვეხუმრებოდით. ხალისი მას მერე დაგვიბრუნდა, რაც გორგოლაჭებზე მძიმედ გაგორებული ციხის გალავნის კარს მიღმა  დავინახეთ წარწერა „суд“. უხალისოდ მხოლოდ ბექა გამოიყურებოდა, ფერწასული უკანა რიგში მარტო დაჯდა, თავი ჩაკიდა და ვატოს ხუმრობებს აღარ პასუხობდა. ცხვრის ხორცის ბრალი იქნებოდა... საჭმლის სუნზე თავი ვეღარ შეიკავა და პირზე ხელაფარებული გარეთ გავარდა. ჩვენი ცხინვალელი მდუმარე მეთვალყურეც გაედევნა. ბექას ხელ – პირი დააბანინა და ისევ   დარბაზში დაბრუნდნენ. მოსამართლე კი არა და არ ჩანდა.

ვივარაუდეთ, თითოეულს გამოსასყიდად რა თანხის გადახდა მოგვიწევდა. რადგან დარწმუნებულები ვიყავით, სახლში ჩვენზე არაფერი იცოდნენ, მშობლებს რომ არ ენერვიულათ, დავგეგმეთ, ფული დებისა და მეგობრებისგან გვესესხა. მათ დავურეკავდით, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის პირობით და იმ საბანკო ანგარიშის ნომერს ვუკარნახებდით, რომელსაც მეთვალყურის თქმით, მოსამართლე გადმოგვცემდა. არ ვიცოდით, რომ თანხის გადახდა მხოლოდ შუამავალის დახმარებით ყოფილა შესაძლებელი და თურმე არანაირ საბანკო ანგარიშს არ უარსებია. არადა, ვღელავდით, გვიანდებოდა და მალე ბანკებიც დაიკეტებოდა. ჩვენ კი, შინ იმ საღამოსვე გვეჩქარებოდა. ორი დღის დაგვიანებისთვის საყვედურებისგან თავს როგორმე დავიძვრენდით, ამ ამბავს კი არასდროს მოვყვებოდით. 

ავბუზღუნდით: სადაა ამდენ ხანს, ვეღარ მოესწრება გადახდა, რომელი საათია? – ხუთი ხდება! ქართულად გვიპასუხა, მთელი საათი ჯდომით დაბუჟებულმა სასამართლოს მეთვალყურემ, ახლა რომ ბოლთას სცემდა. რადგან შეეძლო ეპასუხა, ბარემ ისიც ვკითხეთ, ჩვენს ოჯახებს ხომ არავინ შეატყობინა. ცხინვალს წინა დღეს გადაუცია თბილისისთვის და თუ ქართულმა მხარემ დაურეკა მშობლებს, ეს აღარ იცოდა.

საათნახევარი ლოდინის მერე ნახევრადღია კარში მოსამართლე გამოჩდა, სათითაოდ გაგვიხმო ოთახში და მიუხედავად იმისა, რომ არ გვესმოდა, მაინც დაუზარებლად წაგვიკითხა გრძელი ტექსტი რუსულად, რომელიც მოკლედ ასე გვითარგმნეს: თითოეულ ჩვენგანს მიესაჯა დეპორტაცია და ჯარიმა 2000 რუბლის ოდენობით. მორჩა, სულ ეს იყო... მთელი ჩვენი შფოთვა და ღელვა ამით დასრულდა. ცხინვალიდან გამოგვადეპორტეს და დაგვაჯარიმეს, გადასახადი მხოლოდ და მხოლოდ 73 ლარი იყო.

ჯერ ისევ ცხინვალის იზოლატორში გვაბრუნებდნენ. გზად ჯავაში მინერალურ წყაროსთან შევჩერდით. როცა სავსე ბიდონებს საბარგულში ალაგებდნენ, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა ჩვენს წინ დამუხრუჭდა. შეიარაღებული ახალგაზრდები ხმაურით გადმოხტნენ,  ცხინვალელ ძალოვნებს ისე მიესალმნენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი შემთხვევა იყო და ისევ გააქროლეს. თუ რატომ დადიოდა ასე თავისუფლად ამდენი შეიარაღებული ახალგაზრდა, მეთვალყურეს მაშინვე ვკითხეთ როგორც კი ცოტა გამოცოცხლება შევატყეთ. თურმე, ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ერთი წევრი მაინც ჰყოლია სამხედრო სამსახურში. ის ბიჭებიც სამხედრო მოსამსახურეები ყოფილან.

მოსაღამოვდა. დერეფნიდან ჯერ ბადრაგის მჭახე შეძახილი მოგვესმა, მერე კი, ექოს, ხმის პატრონიც მოჰყვა ელექტროჩაიდნით ხელში. გვკითხა, ხომ არ გვქონდა რაიმე, რისი მომზადებაც ცხელი წყლით შეგვეძლო. ასეთი, სალაშქროდ „შავი დღისთვის“ წაღებული ერთჯერადი სუპები აღმოგვაჩნდა. ცოტა ხანში კვლავ დაბრუნდა მომღიმარი, ახლა ჩაისა და ყავისთვის მოგვიტანა ცხელი წყალი და ვიდრე ეზოში გაგვასეირნებდა, შემოგვთავაზა, ფულს თუ გავატანდით, სიგარეტს იყიდდა ბიჭებისთვის. მე ერთი კვირის მონატრებული „კოკა–კოლაც“ მოვინდომე, უადგილოდ გაშინაურებული ვატომ გამაჩუმა. არ ვიცით, იქ სად დაახურდავა ქართული ფული, სიგარეტი კი მალევე მოუტანა ბიჭებს.

მესამე დღეს, დილით, ვიდრე ბადრაგი სმენას შემცვლელს გადააბარებდა, წესდების მიხედვით, საკანი დაგვალაგებინა. როცა მე და მზიამ ნაგვის გადასაყრელად ეზოს სიღრმეში ურნამდე მზის გულზე გავისეირნეთ და იქვე კედელთან ჩაცუცქულმა ბიჭმა ქართულ სალამს ქართულადვე დაუხვედრა გაკვირვებული „გაგიმარჯოს“, იმ დროს ჩვენი ბიჭები ციხის ჭურჭელს კარცერის ტუალეტში რეცხავდნენ. ის მთელს შენობაში ერთადერთი სუფთა, გარემონტებული ადგილი იყო, რომლითაც ჩვენც ვსარგებლობდით. ბადრაგი დალაგების პროცესს ეშმაკური ღიმილით ადევნებდა თვალს. ხმამაღლა ახარხარდა, როცა ვატომ  ჩამოწეულ რიგელს უნებლიედ თავი მიარტყა. საკანში დაბრუნებისას ბიჭებს უთხრა – კიდევ შევხვდებით, ოღონდ არა ამ სიტუაციაში! დერეფანში წაუმღერა და წავიდა.

უკვე შუადღე იყო, ახალი ბადრაგი კი ჩვენი მომკითხავი არ ჩნდა. საუზმის გარეშე დარჩენილებს არც საჭმელი მოგვიტანა და არც იმის სათქმელად მოსულა, იმ დღეს გეგმავდნენ თუ არა ჩვენს გადაცემას. ამასობაში „მესაზღვრეებმა“ საკანში კიდევ ერთი ახალგაზრდა ტყვე შემოიყვანეს. უცხო გარეგნობა ჰქონდა, არც ოსს ჰგავდა და არც ქართველს. გიორგი რუსულად გამოელაპარაკა, ტაჯიკეთის მოქალაქე აღმოჩნდა. არალეგალურად მუშაობდა ცხინვალში და დაუჭერიათ. რადგან სახელი არ გვითხრა, შემოგზავნილი გვეგონა, უშუქობის გამო კამერებით ვეღარ გვადევნებდნენ თვალს და იქნებ აინტერესებდათ, რას ვილაპარაკებდით? ბექამ ბიჭს „კილიმანჯარო“ შეარქვა.  

როცა ვატომ და მზიამ გარითმული რეჩიტატივებით ნამდვილი „რეპ ბათლი“ გააჩაღეს და ამაზე საბრალო „კილიმანჯაროც“ გულიანად იცინოდა, დერეფანში თეთრი ტომრებით ცხელი, სურნელოვანი პურები ჩაატარეს. მუცლები აგვიხმაურდა. შიმშილმა და ბადრაგის გულგრილობამ გაგვაღიზიანა და კარზე დავაბრახუნეთ. როგორც იქნა, მოგვხედა. ის შუა ხნის შავგვრემანი, უმიმიკო, უემოციო კაცი აღმოჩნდა. უსიცოცხლო თვალებით, უსიტყვოდ მოისმინა ჩვენი ჩივილი და წავიდა. ხუთივე ავბუზღუნდით. უცაბედად, ორი მრგვალი, ცხელი, დაბრაწული პური შემოცურდა ფანჯარაში. მოულოდნელობისგან გაოცებულებმა და გახარებულებმა მთელი გულით ვუთხარით „ბუზნეგე“. სურნელოვანი სადილი მოვიმზადეთ – ხახვი დავანაწევრეთ, პურის თბილ ნაჭერზე დავალაგეთ და „გალინა ბლანკას“ ნაფხვენები მოვაყარეთ – ეს იყო ბოლო, რაც სალაშქრო საგზლიდან შემოგვრჩა. გულითად მოპატიჟებაზე „კილიმანჯაროსგან“ უარი მივიღეთ. ის ცოტა ხანში წაიყვანეს.

ჩვენ კი არ ვიცოდით როდის გაგვიშვებდნენ. შუადღე გადავიდა, წამოვწექით. თავს ძალაგამოცლილად, უხალისოდ ვგრძნობდით. იმ წყლის ბრალი თუ იყო, სასმელად ტუალეტის ონკანზე რომ ვიღებდით. თვითონ არ სვამდნენ ონკანიდან, ჯავიდან მოჰქონდათ მინერალური წყაროს წყალი. დრო ნელა და უაზროდ გადიოდა. კედლებზე წარწერები კიდევ ერთხელ გადავიკითხეთ. ზოგი თხუთმეტი დღე გაუჩერებიათ, ზოგი ოცდაერთი.

უკვე აღარც კი ველოდით რამდენიმე დღე შინ დაბრუნებას, როცა უეცრად კარი გაიღო. სწრაფოდ მოგვაგროვებინეს ნივთები, მანქანაში შეგვსვეს და წაგვიყვანეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხინვალის ცენტრში პირველად დავინახეთ ბავშვები. ერგნეთისკენ გადავუხვიეთ. გზაზე ძველი, ნახევრადდანგრეული შენობები გამწკრივებულიყო, ერთს ქართულად შერჩენოდა წარწერა „პური“ - იმ  ქართულ-ოსური ბაზრობის ნაშთი, აქ, ომამდე რომ იმართებოდა.

რუსებს არ სურთ, ქართველებსა და ოსებს შორის რაიმე სახის კონტაქტი შედგეს. გამყოფ ხაზამდე, ოსი ძალოვნების მანქანას, რომელშიც ჩვენ ვისხედით, რუსი სამხედროები გაუძღვნენ. ქართველ პოლიციელებს რუსებმა გადაგვცეს და დოკუმენტებიც მათ გააფორმეს. ოსები პროცესს თვალს შორიდან ადევნებდნენ. ჩანთები ავიკიდეთ და ვიდრე ბარიერებს გამოვივლიდით, ოსებს დავემშვიდობეთ - „ჯაბახუმ“!

ნეიტრალურ ზონაში ქართველი პოლიციელები დაგვხვდნენ. გვკითხეს, როგორ მოგვექცნენ, ხომ არაფერი დაუშავებიათ და თუ განცხადების გაკეთება გვსურდა, მოგვცემდნენ ამის საშუალებას. თურმე, შლაგბაუმთან ოჯახის წევრებთან ერთად, ჟურნალისტებიც გველოდნენ.

- აბა, რა გეგონათ, ხუთი ქართველი ცხინვალის ტყვეობაში იყო და ამაზე არავინ ილაპარაკებდა? 

ჩვენ კი, შინ მშვიდად დაბრუნება და დასვენება გვსურდა, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდით. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორიდან ხელის დაქნევით მივესალმეთ, ჟურნალისტებს თავი ავარიდეთ, მანქანაში ჩაგვსხეს და მცხეთაში წაგვიყვანეს. რა კარგი იყო ავტობანიდან ნაცნობი ხედების დანახვა. მიუხედავად უამრავი პრობლემისა და გამოწვევისა, რაც ასე არ მოგვწონს, რადიკალურად უკეთეს გარემოში გვიცხოვრია. თვალშისაცემი იყო კონტრასტი იქაურ და ჩვენს ყოფას შორის.

ამბავი, მცხეთაში დაკითხვების მერე, შინ მშვიდობით დაბრუნებით არ დასრულებულა. აისბერგის კუდივით მიება საზოგადოების რეაქცია, რაც მთელი თვე გრძელდებოდა და დროდადრო, მერეც შეგვახსენებდა თავს. საზოგადოების დიდ ნაწილს იმდენად სჯეროდა ის არაზუსტი ინფორმაცია, რასაც პოპულარული ტელეკომპანიები და რამდენიმე საჯარო პირი პირველივე დღიდან  ავრცელებდნენ, რომ საპირისპიროს მოსმენამ გააღიზიანა და თავს სიძულვილის კომენტარებიც დაგვატეხა. 

ჟურნალისტებთან პირველი განცხადება, მცხეთაში დაკითხვების შემდეგ, ვატომ გააკეთა. სიბნელეში, კამერების თვალისმომჭრელი შუქის ფონზე დასმულ კითხვებზე, გადაღლილ ვატოს „კონტროლირებადის“ გარეშე  წამოცდა, მათ ტერიტორიაზე დაგვაკავესო. ამის გამო პირველი საყვედურები დავიმსახურეთ. იმასაც წერდნენ, თითქოს მცხეთაში ჩვენმა ძალოვნებმა „დაგვამუშავეს“, რადგან განცხადებებში ცუდად არ მოვიხსენიებდით ოსურ მხარეს და არც გატაცებაზე გვისაუბრია. თურმე, ერთ-ერთი საჯარო პირი პირველივე დღიდან ლაპარაკობდა, კარვებიდან ძალის გამოყენებით წაიყვანესო.

ტელეკომპანიის ოპერატორმა, მეორე დღეს დათქმული ინტერვიუს დროს, გვისაყვედურა - ახლა გახდნენ კარგები? კამერა გამორთო და წავიდა. არადა, ისინი ხომ კონკრეტულად ამ სამი დღის ამბავს გვეკითხებოდნენ, როცა არც კი გვქონდა ცუდის თქმის საბაბი და ხომ არ ვიცრუებდით?!

როგორც ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე გავიგეთ, იმ წელს, იანვრიდან მოყოლებული ხუთიათასამდე ქართველმა, მათი შუამავლობით ჩვენსავით მშვიდობიანად გამოიარა ოსური ტყვეობა.

რადგან უვნებლად დავბრუნდით, თბილისში ეგონათ, გავურიგდით, მოღალატეები გვიწოდეს და მოურიდებლად გვაყვედრიდნენ გადარჩენილ სიცოცხლეს - აი, ესა და ეს რომ მოკლეს, თქვენ რატომ დაბრუნდით ცოცხლები?!

სამწუხაროდ, ცხინვალის სამდღიან ტყვეობაში დაძაბულობისა და გაურკვევლობისგან მიღებულ სტრესს, ბევრად აღემატა, რაც შინ მშვიდობით დაბრუნებულებმა, საზოგადოებისგან დაუმსახურებელი ყვედრებით მივიღეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიცრუეთ. არადა, ჩვენი და სხვა ათასის მშვიდობით დაბრუნება იმის მაჩვენებელი არ უნდა ყოფილიყო, რომ რაღაც პოზიტიური ცვლილებაა ოსებისა და ქართველების დამოკიდებულებაში? და რომ მათთან დიალოგის და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების შანსები არსებობს? ამის გააზრებაში ჩვენში დაგროვილი აგრესია გვიშლის ხელს, რომელსაც რუსეთი სათავისოდ წარმატებით იყენებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში