საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

რით გვიზიდავს თუშეთი

17:11 - 13 ნოემბერი 2016 hits 1912

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. თუშეთის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ულამაზესი სოფლები და ნასოფლარები, კესელოს ციხე, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების გადასახედი და სხვა.

მგზავრობა

თბილისიდან ქვემო ალვანამდე, საიდანაც თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის მანქანები დადიან, 120 კილომეტრია. მიკროავტობუსი ორთაჭალის, ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადის. მგზავრობა თბილისიდან ქვემო ალვანამდე 6–7 ლარი ღირს. ისნის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ქვემო ალვანის მიმართულებით მგზავრები კერძო ტაქსებსაც გადაჰყავთ. მგზავრობის ღირებულება ერთ ადამიანზე 10–12 ლარია.

ალვანიდან ომალომდე მანძილი უფრო მცირეა, 85 კილომეტრი, თუმცა ამ გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ომალომდე რეგულარული ტრანსპორტი არ მოძრაობს და ასვლა ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებელი. ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში. ერთი ადამიანის მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 50 ლარია.

ალვანიდან სტორის ხეობის შუაგულამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი. გზა მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის და გაზაფხულზე ზვავსაშიშოებაც არის ხოლმე. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მთის მდინარეები მოედინება, რაც სავალი ნაწილის ჩაშლის რისკს ზრდის.

მობილური სიგნალის მიღება თორღვას აბანოს გადასახვევთან საგანგებოდ მოწყობილ „ფოსტასთან“ და აბანოს უღელტეხილზეა შესაძლებელია. აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2950 მეტრ სიმაღლეზეა.

სახიფათო გზის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ერთერთი მთავარი მიზეზი, რითაც თუშეთი ტურისტებს იზიდავს, სწორედ ექსტრემალური გზაა.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ისტორიულ – კულტურული ძეგლები

თუშეთის დაცული ტერიტორიები მდიდარია ისტორიულ კულტურული ძეგლებით:

კესელოს კომპლექსი (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 2 კმ-ის მოშორებით. კესელოს კომპლექსთან მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით.

მარშრუტი იწყება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისაკენ, სადაც ვიზიტორი დაათვალიერებს ციხესა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. კესელოს ციხეში ფუნქციონირებს კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლა უფასოა, თუმცა იქვე დგას შესაწირი ყუთი), რომელიც თუშეთის შესახებ დამთვალიერებელს საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს.

მოგზაურობა სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). ამ დროს ნიამორები საკვებად გამოდიან ღია ადგილებში და ადვილად შეიძლება დურბინდით მათზე დაკვირვება. ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა.

ციხე-სოფელი დიკლო (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 15 კმ-ის მოშორებით. სამანქანე გზით მისვლა შესაძლებელია სოფელ დიკლომდე (ომალოდან 13 კმ), საიდანაც საფეხმავლო ბილიკი მიემართება ციხე-სოფელ დიკლომდე.

მარშრუტის ცხენით გავლა შესაძლებელია ერთ დღეში. გზად შენაქოს გაივლით, რომელიც თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ვიწრო ქუჩებითა და ძველი სახლებით. აქვე არის ისტორიული ლუდის სახარში, სადაც ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ.

შენაქოდან მარშრუტი მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე, ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. სოფელ დიკლოში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები, სოფლის მახლობლად შესაძლებელია კარვების გაშლა. ბილიკზე მოგზაურობისას არ არის გამორიცხული ნიამორების ნახვა, რადგან მარშრუტი ამ ცხოველის საბინადრო ადგილებს გაივლის.

მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას (შენაქო, დოტკალტოს გადასახვევი და ძველი დიკლო) განლაგებულია მეცხვარეთა სადგომები. მეცხვარის ძაღლებთან მიახლოვება რეკომენდირებული არ არის.

შენაქოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XIX ს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობის სოფელ შენაქოში, ქვემო ომალოდან 8 კმ-ის მოშორებით. შენაქოში მისვლა და ეკლესიის მონახულება შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც XIX საუკუნეს განეკუთვნება.

უკან დაბრუნებისას, უმჯობესია, ნასოფლარ აგეურთისაკენ გადახვევა, სადაც შემორჩენილია ოდესღაც ხალხმრავალი და ულამაზესი სოფლის ნაშთები.

ნასოფლარი აგეურთა (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 9 კმ-ის მოშორებით.

ილიურთის ეკლესია (XIX ს) - მდებარეობს გომეწრის ხეობაში, სოფელ ილიურთაში, სოფელ ქვემო ომალოდან 23 კმ-ის მოშორებით. სოფელ ილიურთაში მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით.

სოფელ წაროს არქიტექტურული კომპლექსი და წაროს აკლდამა-საყდრები (შუა საუკუნეები) - მდებარეობს წოვათის თემში. სოფელ ქვემო ომალოდან წარო მდებარეობს 28 კმ-ის მოშორებით. წარომდე მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. წაროში მოსახვედრად ვიზიტორმა გომეწრის ხეობა უნდა გაიაროს.

სოფელ დართლოს არქიტექტურული კომპლექსი (გვ. შუა საუკუნეები) - მდებარეობს პირიქითის ხეობაში. სოფელ ქვემო ომალოდან 18 კმ-ის მოშორებით. დართლოს არქიტექტურული კომპლექსი აერთიანებს ციხე-კოშკებს, აკლდამა-საყდრებს (XV-XVII სს), საბჭეოს (XVII-XVIII სს) და დართლოს ეკლესიას (XIX ს). დართლოში მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

სოფელ ჭონთიოს არქიტექტურული კომპლექსი (XVII-XVIII სს) - მდებარეობს პირიქითის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 37 კმ-ის მოშორებით. ჭონთიომდე მისვლა შესაძლებელია ფეხით. სამანქანე გზა სოფელ გირევში მთავრდება, საიდანაც ჭონთიომდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი.

თუშეთში 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. სასტუმროში ღამისთევის ფასი 25–დან 40 ლარამდე მერყეობს, კვებასთან ერთად 35 – 60 ლარი. საოჯახო სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრში 16 100 (კოდის გარეშე). ზარი უფასოა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში