საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

31 სოფელი და 24 წელი საბავშვო ბაღის მოლოდინში

19:47 - 12 სექტემბერი 2017 hits 907

მთიულეთში, ქვეშეთის თემის 31 სოფლის ბავშვებს საბავშვო ბაღში 1993 წლის შემდეგ, 24 წელია არ უვლიათ. ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთსართულიანი, მცირე ზომის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, მაგრამ დღემდე ვერ დასრულდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შეთანხმების საფუძველზე, 20 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც სააგენტო გამოყოფდა, ბაღის შენობის გადახურვას უნდა მოხმარებოდა, დანარჩენი სამუშაოები კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა საბავშვო ბაღი მაინც ვერ გაიხსნა.

„მუნიციპალიტეტმა 60 ათასი ლარი გამოყო, გამოცხადდა ტენდერი. ტენდერი მოიგო სისაურის ორგანიზაციამ. შემდეგ ხელშეკრულება წყდება. შემდეგ ისევ ცხადდება ტენდერი და ვარდება. შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკებით კეთდება ხელშეკრულება. იწყებოდა მშენებლობა - ჩერდებოდა. 5 წელია 100 კვარდრატული მეტრის შენობა შენდება და დღემდე დაუმთავრებელია“, - ამბობს ზურა ბურდული, გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ქვეშეთის თემში.

ბაღის არარსებობის გამო, წლებია, რაც ქვეშეთის თემში შემავალ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება არ აქვთ.

ანა გამჯაშვილი ოჯახთან ერთად სოფელ ბედონში ცხოვრობს. 6 შვილი ჰყავს, მათგან ორი - ბაღის ასაკისაა. საბავშვო ბაღში არცერთ მათგანს არ უვლია. თავად მთელი დღე საქმიანობს და ვერ იცლის, რომ ბავშვებს წერა-კითხვა მაინც ასწავლოს.

„ვიდრე სკოლაში არ მივლენ, არც წერა-კითხვა იციან, არც არაფერი. ბაღში რომ იარონ, რამეს მაინც გაიგებენ. მე მთელი დღე ბოსტანში ვარ, დრო აღარ მრჩება, რამე რომ ვასწავლო და სახლში რა უნდა გაიგონ? მარტო ძროხები და ქათმები. 6-7 წელია გვპირდებიან, რომ ბაღი ან ეხლა იქნება, ან ეხლაო. წელს გვითხრეს, 15 სექტემბერს აუცილებლად გაიხსნებაო.“

15 სექტემბერს ქვეშეთში საბავშვო ბაღი ვერ გაიხსნება, რადგან სამშენებლო სამუშაოები საბოლოოდ არ დასრულებულა.

„დარჩენილია ეზოს შემოღობვა და მოწესრიგება. ეს პროცესი ხვალიდან დაიწყება. გამოსასწორებელია პატარ-პატარა დეტალები, რაზეც ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიუთითა სამშენებლო კომპანიას. ტენდერი ცხადდება ინვენტარის შეძენაზეც, ამისთვის გარკვეული პროცედურებია მთავრობიდან საჭირო. უახლოეს დღეებში ველოდებით თანხმობას. მაქსიმალურად ვცდილობთ ბაღი თვის ბოლოსკენ მაინც გაიხსნას“,- აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

მისივე თქმით, ის, რომ საბავშვო ბაღის შენობა აქამდე ვერ მოეწყო, იმ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიების ბრალია, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულეს. ამის გამო რამდენიმე ორგანიზაცია დაჯარიმდა კიდეც.

ქვეშეთის საბავშვო ბაღში ჩარიცხვას დღეისთვის 26 ბავშვი ელოდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, მარიკა ოთარაშვილის განცხადებით, ბაღის ინვენტარიზაციას - პერსონალის დანიშვნა, საკვები პროდუქტების შეძენა და ბავშვების ჩარიცხვა მოჰყვება. თუმცა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, არავინ იცის:

„ჯერ არ ვიცით შედგება თუ არა ტენდერი. ამას თავისი პროცედურები აქვს, რომლებიც სულ ცოტა 10 დღე მაინც გაიწელება. შეიძლება არც შედგეს ტენდერი და ხელმეორედ მოგვიწიოს გამოცხადება.“

მთიულეთის სოფელი ქვეშეთი სადაც საბავშვო ბაღის გახსნას 24 წელია უშედეგოდ ელიან, ქვეშეთის თემის ცენტრია. თემი 31 სოფელს აერთიანებს: არახვეთი, ბედონი, ბენიათბეგონი, გვიდაქე, გოგნაური, ზაქათკარი, ზემო მლეთა, იუხო, კაიშაურნი, ლაკათხევი, მანასეური, მუღურე, ნადიბაანი, ნაღვარევი, ჟოჟონი, სალაჯური, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სონჩო, უშარნი, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ქოროღო, ყველაანი, შარმიანი, ჩოხელნი, ციხიანი, წკერე, ხარხეთი და ჯაღმიანი.

ამავე თემაზე: „ჩვენი ხეობის ბავშვებმა არ იციან რა არის საბავშო ბაღი“

რეპორტაჟი ყანობიდან - ბავშვმრავალი მთიანი სოფელი საბავშვო ბაღის გახსნის მოლოდინში

ბერძნებისგან დაცლილი წალკა

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: Cheishvilig@gmail.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში