საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ბერძნებისგან დაცლილი წალკა

11:31 - 30 მარტი 2017 hits 2832

წალკის რაიონის სოფელ კოხტასთან, სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გადასაღებად გავჩერდით თუ არა, გზაზე მანქანამ დაამუხრუჭა. მანქანიდან შუახნის, ბერძენი კაცი გადმოვიდა და ჩვენი სტუმრობის მიზეზით დაინტერესდა. როცა გაიგო, რომ კოხტაში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური ბერძნების ყოფითი პრობლემები გვაინტერესებდა, ხელი ჩაიქნია და მოკლედ გვიპასუხა - აქ ბერძნებისთვის არაფერი არ არის. კოხტაში ბერძნებიც, თითქმის, აღარ არიან.

80 წლის ელიზავეტა ქესოვა სოფელში დარჩენილ ბერძნებს ხელის თითებზე ითვლის: „ვალიკო მურადოვი - ერთი, სამოილ პაპოვი - ორი, სონა თანასოვა - სამი, მურად ლევონოვი - ოთხი... ახლა აქ  ბერძნების ორი ოჯახიღაა შემორჩენილი, დანარჩენები მარტოხელა მოხუცები არიან“.

ბერძნები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ბერძნები ე. წ. პონტოს ბერძნები არიან, რომლებიც აქ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გადმოსახლდნენ. მათი პირველი დასახლებები საქართველოში მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ერეკლე მეორემ ახტალის სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს საბადოების დასამუშავებლად აღმოსავლეთ ანატოლიიდან ბერძენი მუშები და ხელოსნები მოიწვია და სოფელ მისხანში დაასახლა. ბერძნების მეორე ნაწილი საქართველოში რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის დროს, ქრისტიანთა დევნის გამო ჩამოვიდა. თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ვილაიეთებიდან წამოსულმა ქრისტიანმა ბერძნებმა ცხოვრება წალკის რაიონში გააგრძელეს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში 125 000 ბერძენი ცხოვრობდა, დღეს კი ბერძნული თემი 5544 ადამიანისგან შედგება (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით). მათი დიდი ნაწილი - 2113 ადამიანი ქვემო ქართლში ცხოვრობს.

ეთნიკურმა ბერძნებმა საქართველო 1992 წლის შემდეგ დატოვეს - მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ძველი ეკონომიკური სისტემა მოიშალა, საქართველოში კი ნაციონალიზმმა იმძლავრა. ადგილობრივი ბერძნების ნაწილი საცხოვრებლად რუსეთში წავიდა, ნაწილი კი ისტორიულ სამშობლოში - საბერძნეთში დაბრუნდა.

ახალიკი – კოხტა

2002 წლიდან ბერძნებისგან მიტოვებულ სახლებში აჭარისა და გურიის მაღალმთიანეთიდან ჩამოსული მუსლიმი ქართველები  - ეკომიგრანტები ჩასახლდნენ, რასაც ჩამოსულებსა და დამხვედრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„სახლებში უკითხავად შედიოდნენ. ამბობდნენ, მიწა ჩვენია და სახლი თუ თქვენი აშენებულია, მოიკიდეთ ეგ სახლი ზურგზე და აქედან წადითო. ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა საქმე. სახელმწიფო ამ დაპირისპირების დროს განზე იდგა. ბერძნებმა თავიანთი კერძო საკუთრება საკუთარი ძალებით დაიცვეს. ახლა შევრიგდით,“ - ამბობს ნინო შამანაძე. ის აჭარიდანაა და ბერძენზეა გათხოვილი. ბერძნებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებასაც განსაკუთრებულად განიცდის.

მიუხედავად შერიგებისა, ადგილობრივებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა არ იგრძნობა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ აქ ყველა ეთნიკური ჯგუფი საკუთარ თავში ჩაკეტილ თემად რჩება. საერთო მათ მხოლოდ ერთი აქვთ - ყოფითი პრობლემები.

კოხტაში ძირითადად ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფლიდან - ზოტიდან ჩამოსული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ნაწილს სახელმწიფომ უკვე უყიდა სახლები, ნაწილი კი დღემდე ქირით ცხოვრობს. „წლებია, ნაქირავებ ბინაში ვართ. ყოველწლიურად სახლის მეპატრონეს ქირაში საკუთარი ფულიდან 1000 ლარს ვაძლევთ,“ – გვიხსნის დარეჯან ირემაძე.

აჭარელი ეკომიგრანტების მთავარი პრობლემა მიწაა - წალკაში აუთვისებელი მიწა აღარ დარჩა: „ჩვენ რომ ჩამოვსახლდით, აქ თავისუფალი მიწა აღარ იყო. მიწის დიდი ნაკვეთები ხალხს იჯარით ჰქონდა აღებული. შემდეგ ის ნაკვეთები გამოისყიდეს. სახელმწიფომ ყველა ეკომიგრანტს 1 ჰექტარი მიწა მოგვცა. ამ ნაკვეთებზე წლიდან წლამდე თავის გასატანი პროდუქტები მოგვყავს, დამატებითი შემოსავლის მიღების და განვითარების საშუალება არ გვაქვს,“ - ამბობს 55 წლის სულიკო ქათამაძე.

ელიზავეტას თეთრ, გახამებულ ნაჭერში საგულდაგულოდ შენახული საბუთები და ძველი ფოტოსურათები გამოაქვს: „ნახეთ როგორი ვიყავი ახალგაზრდობაში! ასეთი გამხდარი და დაძაბუნებული კი არ ვიყავი. ერთ კუბამეტრ შეშას 50 ლარად ვყიდულობ, მთაა და რომ არ გავიყინო, ღუმელი ღამის პირველ საათამდე მინთია. გაზის ბალონში 40 ლარს ვიხდი. კიდევ წამლები უნდა ვიყიდო - წნევის, კუჭ-ნაწლავის, თირკმელების. დავბერდი და ყველაფერი მტკივა. სოციალურ დახმარებას ვიღებ და ისიც შემიმცირეს. წინა თვეში 60 ლარის მაგივრად 50 ლარი მომცეს. აგენტმა, რომელიც ჩემთან იყო მოსული, მითხრა პლაზმური ტელევიზორი გაქვს და თქმა რად უნდა, დახმარება შეგიმცირდებაო. ტელევიზორი ჩემმა დისშვილმა მაჩუქა, ხანდახან ჩართავ და ქვეყნის ამბებს მაინც გაიგებო. არ ჩამირთავს, ჩართვა არ ვიცი. სახლიც კი არ მაქვს საკუთარი, ეს ძმის ბინაში ვცხოვრობ, სადაც ერთი ოთახი დამითმეს. 38-წლიანი სტაჟი მაქვს. ასე არ უნდა მომქცეოდა სახელმწიფო,“ - ამბობს ელიზავეტა.

კოხტა მუზეუმ-სოფელს ჰგავს, სადაც დრო გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩერდა. მას შემდეგ აქ სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გარდა არც არაფერი შეცვლილა.

წალკის რაიონის ბერძნულ სოფლებს სახელები პრეზიდენტის ბრძანებით 2010 წელს შეეცვალა. სოფელ ხადიკს ტბეთი ეწოდა, გუნიაკალას - სამება, თიაქილისას – განთიადი, ედიქილისას – საყდრიონი, ახალიკს –კოხტა, შიპიაკს – ჩრდილისუბანი, ქვემო ხარაბას –ხარება, კიარიაკს – ახალშენი, საფარ-ხარაბას – სამადლო, ჩაპაევკას – კავთა, ჯინისს – არწივანი, კარაკომს – საბეჭისი.

ბავშვები სკოლამდელი განათლების მიღმა

„კოხტაში, სადაც 30-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვია, საბავშვო ბაღიც არ არის. წალკის საბავშვო ბაღში აქედან მხოლოდ 3 ბავშვი დადის, დანარჩენები სახლში არიან. წალკაში ბავშვის ტარების საშუალება ყველას არ აქვს. რომც ჰქონდეთ, ბაღი ყველას ვერ მიიღებს, რადგან ძალიან გადატვირთულია. მთელ რაიონში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია. სოფელში სკოლაც მხოლოდ დაწყებითია,“ - გვეუბნება ნინო შამანაძე.

კოხტას ძველი სკოლა ამორტიზებულია - სახურავი და იატაკი წლების წინ ჩაინგრა, ხოლო კედლები დაიბზარა. შენობა რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. დაწყებით, 4-წლიან სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივის ორსათულიანი სახლის ორ ოთახშია შეხიზნული, ორი მასწავლებელი და ორი კლას-კომპლექტია, 13 მოსწავლით. პირველ და მესამე კლასებში 8 მოსწავლეა, მეორე-მეოთხეში - 5. შესასვლელში ძველი სკოლიდან წამოღებული სპილენძის ზარი კიდია, ფანჯრებიდან კი, სადაც თხელი დიქტის ნაჭრებია აკრული, სუსხიანი ქარი მოსისინებს.

რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართის ოთახებში ზუსტად მოსწავლეთა რაოდენობაზე გათვლილი პატარა მაგიდები და სკამები დგას, კედლებზე კი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დაფებია მიმაგრებული. კიდევ ერთი სასწავლო ინვენტარი – ხის, ძველი საანგარიშო დაფაა.

2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ დავალიანების გამო სკოლას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს: საპარლამენტო არჩევნების დროს სკოლის შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, დაგროვილი დავალიანება კი არავინ გადაიხადა. ახლა სკოლას არც დენი აქვს და არც ინტერნეტი. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები ვერც სახელმწიფოსგან ნაჩუქარ კომპიუტერებს იყენებენ.

შენობაში არც წყალია და არც საპირფარეშო: როცა ძალიან უჭირთ, ტუალეტში შესვლის ნებართვა ბავშვებმა სკოლის ახლო-მახლო სახლების მეპატრონეებისგან უნდა მიიღონ.

მომავალ სასწავლო წელს კოხტას დაწყებითი სკოლის პირველ კლასში 8 ბავშვი უნდა მივიდეს, სკოლაში კი დამატებითი მაგიდების დადგმის საშუალება აღარ არის. ამოცანა, როგორ და სად უნდა განთავსდეს კიდევ  რამდენიმე მოსწავლე, ჯერ ამოუხსნელია.

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები სწავლას წალკის საჯარო სკოლაში აგრძელებენ. მათ ტრანსპორტირებას სკოლა უზრუნველყოფს. „მარშრუტკას“ კოხტადან წალკის პირველ საჯარო სკოლაში 32 ბავშვი დაჰყავს. რამდენიმე წელია ადგილობრივები სოფელში სრული საშუალო სკოლის გახსნას ითხოვენ.

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია საბაძის განცხადებით, 2017–2018 წლებში წალკის რაიონში 11 ახალი საბავშვო ბაღის გახსნაა დაგეგმილი, რაზედაც 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მათ შორის ახალი საბავშვო ბაღი აშენდება სოფელ კოხტაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 270 ათასი ლარი. ბაღი კოხტას, ხარებას და სოფელ ჩრდილისუბანში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება.

მანანა ვარდიაშვილი

ჟურნალისტი. აშუქებს ეკონომიკურ, მედია და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში