საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზემო იმერეთი რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შქმერის გავლით გადაწყდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:49 - 05 სექტემბერი 2017 hits 31563

ზემო იმერეთი რაჭის დამაკავშირებელი, დაახლოებით 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა უზუნთა – შქმერის გავლით გადაწყდა. ახალი და მოკლე გზა საჩხერეს ონის რაიონთან დააკავშირებს და თბილისიდან ონამდე მგზავრობის დროს, 5 საათიდან 3 საათამდე შეამცირებს.

საჩხერე რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის ხელისუფლება 4 მარშრუტს განიხილავდა, აქედან სამი მარშრუტი საჩხერეს ამბროლაურთან აკავშირებდა. 30 აგვისტოს კონტრაქტორმა კომპანიამ გზების დეპარტამენტს მხოლოდ ერთი მარშრუტი წარუდგინა, რომელიც გზის მშენებლობას საჩხერიდან უზუნთა–შქმერი – ონის მიმართულებით ითვალისწინებს.

„ეს პროექტი უკვე დამტკიცდა. ამ მარშრუტის ლოგიკა ასეთია: იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის ავტობანი შენდება და ჩვენ ვითვლით სიჩქარეებს და მგზავრობის დროს, გამოდის, რომ რიკოთის გავლით მგზავრობა თერჯოლამდე და შემდეგ თერჯოლიდან ნაქერალას გავლით, არის დაახლოებით იგივე, ცოტა ნაკლებიც, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვიმგზავრებდით გომი–საჩხერე–შემდგომ ახალი გზით ამბროლაურის მიმართულებით. სამაგიეროდ, იქ 100 კილომეტრი იქნებოდა არაავტობანზე სასიარულო. დროშიც წავაგებდით, კომფორტშიც და ზამთარში იქნებოდა უფრო დიდი პრობლემები, რადგან ზღვის დონიდან უფრო მეტ სიმაღლეზე უწევდა გზას გავლა.

ონი გაცილებით შორს არის, ვიდრე ამბროლაური. როგორც უკვე გითხარით, რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის აშენების შემთხვევაში, ამბროლაურს გაცილებით უმცირდება მგზავრობის დრო, ხოლო ონს უკვე ახალი გზის აშენების შემდეგ, ასევე უმცირდება მგზავრობის დრო და გაცილებით უფრო მარტივი მისასვლელი იქნება უზუნთა–შქმერის გავლით“, – განმარტავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

მისივე თქმით, გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე, საჩხერიდან უზუნთას მიმართულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

„ეს არის დაახლოებით 5 კილომეტრი, საჩხერიდან სოფელ სარეკის მიმართულებით, ოღონდ გზა წინა სარეკში არ შევა. მშენებლობა წელსვე დაიწყება, ეტაპობრივად მოხდება და ჩვენი გეგმით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს“, – უთხრა „მთის ამბებს“ გიორგი სეთურიძემ.

3 სექტემბერს, რაჭაში, მერობის კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საჩხერე–რაჭის შემაერთებელი გზა ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დედაქალაქთან კავშირს რეგიონის თითოეული მცხოვრებისთვის. ეს რეგიონი, განსაკუთრებით რაჭა, წლების განმავლობაში, ხალხისგან იცლებოდა. დღეს ჩვენ დადებითი ტენდენცია გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის, მათ შორის დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდებიან“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, ონის რაიონში, ქალაქსა და 64 სოფელში სულ 6500–მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 22 სოფელში 1–დან 10–მდე კომლიღაა დარჩენილი. 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვი აღარ არის. 2016 წელს სულ 36 ბავშვი დაიბადა – ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსა, ონში ამომრჩევლებთან შეხვედრისას: „ჩემი ოცნებაა, იმერეთი და რაჭა, საჩხერე-რაჭის შემოვლითი გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს“.

2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერიდან საჩხერის სოფელ უზუნთამდე ტრაქტორმა 14 კილომეტრიანი გზა გაჭრა, თუმცა შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში