საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

საჩხერე ონის გზა – ზემო რაჭის გადარჩენის იმედი

17:29 - 11 აპრილი 2017 hits 12516

მთელ რაიონში, ქალაქსა და 64 სოფელში სულ 6500–მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 22 სოფელში 1–დან 10–მდე კომლიღაა დარჩენილი. 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვი აღარ არის. გასულ წელს სულ 36 ბავშვი დაიბადა – ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

„ონის გადარჩენის ერთადერთი საშუალება საჩხერე – რაჭის დამაკავშირებელი გზის პროექტია. ეს ტრაგიკული მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, ზემო რაჭა წლიდან წლამდე იმ ტემპით იცლება, რომ მალე იქ აღარავინ დარჩება“, – აცხადებს ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გია ჯაფარიძე.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსა, ონში ამომრჩევლებთან შეხვედრისას: „ჩემი ოცნებაა, იმერეთი და რაჭა, საჩხერე-რაჭის შემოვლითი გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს“.

2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერიდან საჩხერის სოფელ უზუნთამდე ტრაქტორმა 14 კილომეტრიანი გზა გაჭრა.

„გზის გაჭრა რომ დაიწყეს, მეც იქ ვიყავი. ჩვენმა მაშინდელმა დეპუტატმა, გია ჯაფარიძემ გვითხრა, საჩხერე-შქმერი-ონის დამაკავშირებელი გზა უნდა გაკეთდესო. 14 კილომეტრი რომ გაჭრეს, ჩვეულებრივ მივდიოდით და მოვდიოდით. იმის შემდეგ არაფერი ინფორმაცია აღარ გვაქვს. ერთი ის ვიცი, რომ ჩვენი კუთხის გადარჩენა ამ გზის გაკეთებითაა შესაძლებელი, სხვა არაფერი უშველის ადამიანებისგან მივიწყებულ ზემო რაჭას“, – უთხრა „მთის ამბებს“ სოფელ შქმერში მცხოვრებმა 63 წლის ბორია სულთანიშვილმა.

2014 წელს რაჭაში ვიზიტით მყოფმა ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა: „ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს რეგიონში საავტომობილო გზების მშენებლობა იქნება. მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დაწყებასაც სამინისტრო წელს აპირებს, საჩხერე-შქმერი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა“.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. საჩხერე – რაჭის დამაკავშირებელი, 50 კილომეტრი სიგრძის გზის საპროექტო სამუშაოები წელს დაიწყო. პროექტირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 743 761 ლარით დაფინანსდა და მას ხორვატიული კომპანია „სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ახორციელებს. ტენდერის პირობების მიხედვით, საპროექტო სამუშაოები 2018 წლის 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

„2012 წელს, როგორც კი პარლამენტში შევედი, პირველ რიგში ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე. პროექტს მხარდაჭერა ჰქონდა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. საბოლოოდ საქმე იმ დონემე მივიყვანეთ, რომ ონში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და გზის დამპროექტებლები ავიყვანეთ. მომდევნო ეტაპი, უკვე, 2013 წელს შქმერიდან საჩხერის ყველაზე ახლო სოფელში - უზუნთაში 14 კილომეტრიანი გრუნტის გზის გაჭრა იყო. მერე მოხდა სტიქია დარიალის ხეობაში, თან ორჯერ; მდინარე ვერეს მოვარდნა და ის საზარელი ტრაგედია თბილისში. მოკლედ ისე მოხდა, რომ ეს პროექტი ვეღარ გაგრძელდა“, – ამბობს გია ჯაფარიძე, ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, როცა ის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა, ჰკითხეს – დაუკავშირდებოდა თუ არა ონი ზემო იმერეთს ახალი გზით.

„ვიცი, რომ მამისონის უღელტეხილამდე უკვე დაწყებულია პროექტირება და გაისად დაიწყება მშენებლობაც. ამ გზაზე ზუსტ თარიღს მე ვერ გეტყვით. ალბათ, მოგვისმენენ მთავრობის წარმომადგენლები და განცხადებასაც გააკეთებენ. ინფრასტრუქტურაა ის, რაც უნდა აშენდეს პირველ რიგში მთაში, რომ ხალხი მთას დავუბრუნოთ. ტურიზმის გაზრდის უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია და იმასაც გეტყვით რომ მთა, მითუმეტეს რაჭა ულამაზესი კუთხეა ამ მხრივ. აბსოლუტურად ვუერთდები მეც თქვენ შეკითხვას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაჭას დაუბრუნდეს მკვიდრი მოსახლეობა“.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის 4 მარშრუტს განიხილავდა. აქედან სამი მარშრუტი საჩხერეს ამბროლაურთან აკავშირებს.

საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ გვერდზე ძველი ინფორმაცია აღარ იძებნება. ჩვენ ინფორმაციის წაშლის მიზეზით დავინტერესდით. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ ვებგვერდს პრობლემა ჰქონდა და ახალი გაკეთდა, სადაც ძველი საიტიდან მხოლოდ ის მასალები გადაიტანეს, რაც მოხერხდა. „დანარჩენი ინფორმაცია სამწუხაროდ არ იძებნება“- გვითხრა ლელა კიკალეიშვილმა, სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ზემო იმერეთი – რაჭის 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2017 წლის ივნისში უნდა დაიწყოს და 2020 წლის სექტემბერში დასრულდეს, პროექტს კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

„ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის ყველაზე ხელსაყრელი მიმართულება  ჩამოყალიბების პროცესშია. ძალიან ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებაა. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც რაჭველებს გაცილებით მცირე დროში ჩაიყვანს რაჭაში. საპროექტო კომპანია შემოგვთავაზებს ყველა ვარიანტს და ჩვენი დეპარტამენტის ტექნიკური საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს გზა, ეს იქნება ონის მიმართულება თუ უფრო ამბროლაურისკენ. პროექტირების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი რომელი კატეგორიის გზა გაკეთდება. როგორც კი გვექნება მიმართულება არჩეული, მაშინვე დავიწყებთ ქვედა ნაწილის სამშენებლო სამუშაოებს“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

სავარაუდოდ მაისში გაირკვევა, ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას რომელი მარშრუტით გადაწყვეტს ხელისუფლება, საჩხერე – უზუნთა – შქმერი – ონის თუ საჩხერე – ამბროლაურის.

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: salometsiskarauli@gmail.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში