საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზაზე მდგომარეობა გაუარესდა

13:16 - 18 მაისი 2017 hits 5559

თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანები გააქტიურდა და დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასები ჩამოიშალა.

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა იყო მოწყვეტილი, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.

მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, გზების დეპარტამენტი აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს.

„შექმნილია ოპერატიული შტაბი და უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს“, – აღნიშნავს სეთურიძე.

გზების დეპარტამენტი მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.

შეგახსენებთ, 14 მაისს, აბანოს უღელტეხილს იქით ზვავი ჩამოწვა და ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ გაიხსნას, რაც თუშეთში საოჯახო სასტუმროებს და ტურიზმის მიმართულებით მოქმედ სხვა სერვისებს მიშვნელოვნად დააზარალებს.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, 30 მარტიდან, ახმეტიდან სოფელ ომალოში ყოველკვირეულად დაფრინავს ვერტმრენი. აღნიშნული ვერტმფრენით თუშეთში მგზავრობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც თუშეთში ცხოვრობს, ფერმერულ საქმიანობას ეწევა ან დროებით სამუშაოებზეა დასაქმებული.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში