საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა

23:00 - 14 მაისი 2017 hits 6281

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს იქით ზვავი ჩამოწვა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავდა. რამდენიმე საათის შემდეგ დაშავებული საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გარდაცვლილია სოფელ ლალისყურში მცხოვრები პაატა ბუჟაიძე, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. როგორც ვიცი, საწვავით ამარაგებდა ტექნიკას, რომელიც გზას წმენდს. ის და კიდევ ერთი პირი გზაზე ფეხით მოდიოდნენ. დაახლოებით 43–ე კილომეტრზე უცებ ზვავი ჩამოწვა. პაატა ყელამდე თოვლში მოექცა. მეორესაც მოხვდა ზვავის ნაწილი, მაგრამ გადარჩა, მსუბუქად არის დაშავებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაატას ამოყვანა როცა მოხერხდა თოვლიდან, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, თოვლის დარტყმისთანავე დაიღუპა“, – უთხრა „მთის ამბებს“ თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

მისივე თქმით, შემთხვევა ზუსტად იმ ადგილზე მოხდა, სადაც გასულ წლის მაისშიც ჩამოწვა ზვავი და ქვეშ ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა, 44 წლის მამაკაცი კი დაშავდა.

დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ახმეტის პოლიციამ დაიწყო.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გერალი“ აწარმოებს. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე სამ კილომეტრში მთა არის მოწყვეტილი და მდინარე დაახლოებით 300 მეტრზეა დაგუბებული, რის გამოც გზა შესაძლოა მაისში ვერ გაიხსნას.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში