საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

განათლების მინისტრის ბრძანებით, შუაფხოს სკოლა საშუალო გახდა

20:18 - 02 მაისი 2017 hits 7567

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №74/ნ ბრძანებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას საშუალო საფეხური, - მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატება.

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის რეორგანიზაციის პროცესი 2017 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

შუაფხოს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, „მთის ამბების“ საშუალებით, განათლების მინისტრს, ღია წერილით 2017 წლის 4 იანვარს მიმართეს. ისინი სკოლისთვის საშუალო საფეხურის დამატებას ითხოვდნენ.

მეცხრეკლასელების მიმართვის შემდეგ „მთის ამბებმა“ შუაფხოდან რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა.

16 იანვარს, შუაფხოს სკოლის მეცხრე კლასელების მიმართვას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.

„გარდა იმისა, რომ თანამდებობრივად მევალებოდა რეაგირება, ამ მიმართვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან იმოქმედა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან კარგი ბავშვების კარგ წერილზე კარგი პასუხი შეგვიძლია გავცეთ და ვუთხრათ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან შუაფხოს სკოლას ზედა საფეხურიც დაემატება. მეათე კლასში ეს ბავშვები თავიანთ სკოლაში ისწავლიან“, – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გარდა ამისა, შუაფხოს სკოლის რეაბილიტაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 120 000 ლარს გამოყოფს. როგორც „მთის ამბებს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა, „დაგეგმილია საკლასო ოთახების და სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის დამონტაჟება, საქვაბეს და ტუალეტების მოწყობა. ტენდერი მალე გამოცხადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“.

შუაფხოს საბაზო სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უკანაფშავში. სკოლაში ამჟამად 13 მოსწავლეა.

სკოლის დირექცია და უკანაფშავის ხეობის სოფლების მცხოვრებლები რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გამხდარიყო.

ახალი სასწავლო წლიდან უკანაფშავს შუაფხოს სკოლიდან წასული მოსწავლეები დაუბრუნდებიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში