საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი სასწავლო წლიდან უკანაფშავს შუაფხოს სკოლიდან წასული მოსწავლეები უბრუნდებიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:25 - 21 აპრილი 2017 hits 7601

უკანაფშავში, შუაფხოს სკოლის რეაბილიტაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 120 ათას ლარს გამოყოფს. როგორც „მთის ამბებს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა, მინისტრი მომავალ კვირაში გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება.

„დაგეგმილია საკლასო ოთახების და სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის დამონტაჟება, საქვაბეს და ტუალეტების მოწყობა. ტენდერი მალე გამოცხადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“, – აღნიშნა ნატა ასათიანმა.

შუაფხოს საბაზო სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უკანაფშავში. სკოლაში ამჟამად 13 მოსწავლეა.

სკოლის დირექცია და უკანაფშავის ხეობის სოფლების მცხოვრებლები რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გამხდარიყო, მაგრამ უშედეგოდ.

გასულ წელს შუაფხოს საბაზო სკოლა (9 კლასი) ოთხმა მოსწავლემ დაასრულა: და-ძმა ანა და გია გულბათიშვილებმა, ირმა ცოკილაურმა და ბარბარე ჯაბანიშვილმა. ირმა და ბარბარე მაღაროსკარის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. მაღაროსკარიდან შუაფხომდე 25 კილომეტრია. გზა დაზიანებულია და ამ მანძილის გავლას ავტომობილით ლამის ერთი საათი სჭირდება. ირმა პანსიონში ცხოვრობს, ბარბარე - ბებიასთან რჩება. გულბათიშვილებმა, რომელთაც ოთხი სასკოლე და ერთიც სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჰყავთ, ოჯახის გაყოფას, ბარისკენ ერთად წასვლა ამჯობინეს და უკანაფშავიდან აიყარნენ.

2017 წლის 4 იანვარს, შუაფხოს სკოლის მე–9 კლასელებმა გიორგი ელიზბარაშვილმა და სოსო ჯაბანიშვილმა mtisambebi.ge–ს საშუალებით განათლების მინისტრს მიმართეს.

მეცხრეკლასელების მიმართვის შემდეგ „მთის ამბებმა“ შუაფხოდან რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა:

რატომ აიყარა გულბათიშვილების ოჯახი უკანაფშავიდან – რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

არ მინდა ჩემი ოჯახიც აიყაროს თხილიანადან – ირმა ცქიფაშვილი, ათი შვილის დედა უკანაფშავიდან

16 იანვარს, შუაფხოს სკოლის მეცხრე კლასელების მიმართვას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.

„გარდა იმისა, რომ თანამდებობრივად მევალებოდა რეაგირება, ამ მიმართვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან იმოქმედა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან კარგი ბავშვების კარგ წერილზე კარგი პასუხი შეგვიძლია გავცეთ და ვუთხრათ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან შუაფხოს სკოლას ზედა საფეხურიც დაემატება. მეათე კლასში ეს ბავშვები თავიანთ სკოლაში ისწავლიან. რაც ცხადია, ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.  

შუაფხოს სკოლის დირექტორის ირმა ცქიფაშვილის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან შუაფხოს სკოლაში, მე–10, მე–11 და მე–12 კლასებიც იქნება. უკანაფშავს დაუბრუნდებიან ბარბარე ჯაბანიშვილი, ირმა ცოკილაური (მე–11 კლასში), სოფო მიქელაშვილი (მე–12 კლასში). უკვე რეგისტრირებულია ერთი ბავშვი პირველ კლასში ჩასარიცხად.

„მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორები უახლოეს დღეებში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენენ პეტიციას უკანაფშავში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში