საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი სასწავლო წლიდან შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება - განათლების მინისტრი

12:33 - 16 იანვარი 2017 hits 11280

2017 წლის სექტემბრიდან შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება, იქ 12 კლასის დასრულება იქნება შესაძლებელი და ოჯახებს უკანაფშავიდან აყრა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ეს ბავშვები ძალიან ყოჩაღები და კარგები არიან.

გარდა იმისა, რომ თანამდებობრივად მევალებოდა რეაგირება, ამ მიმართვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან იმოქმედა.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან კარგი ბავშვების კარგ წერილზე კარგი პასუხი შეგვიძლია გავცეთ და ვუთხრათ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან შუაფხოს სკოლას ზედა საფეხურიც დაემატება. მეათე კლასში ეს ბავშვები თავიანთ სკოლაში ისწავლიან. რაც ცხადია, ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა მინისტრმა.  

მისივე თქმით, მზადდება სკოლების განვითარების გეგმა და დაგეგმილია, რომ სოფლის სკოლები ყველაზე საუკუთესო სკოლები გახდეს საქართველოში. „სულ უფრო მეტი სასწავლებელი იქნება რეაბილიტებული, გარემონტებული, გალამაზებული, სულ უფრო მეტი ტექნიკა და ტექნოლოგიები შევა ამ სკოლებში. მეტი ხელშეწყობა ექნებათ პედაგოგებს. ჩვენ ვგეგმავთ არასაკლასო პროექტების დაწყებას ბევრი მიმართულებით და აქცენტი, პირველ ყოვლისა,  სწორედ ასეთ სკოლებზე გვექნება.

ასე რომ, საშუალო საფეხურის დამატება წელს მხოლოდ ერთადერთი კარგი ამბავი არ იქნება შუაფხოს სკოლისთვის, კიდევ არაერთი კარგი სიახლე მოელით ამ და მსგავს სკოლებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შუაფხოს სკოლის მე–9 კლასელებმა mtisambebi.ge–ს საშუალებით განათლების მინისტრს 4 იანვარს მიმართეს.

„ვცხოვრობ სოფელ თხილიანაში და ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში. მყავს ერთი პატარა და, რომელიც ახლა მეოთხე კლასშია. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია და არ ვიცი, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას სად გავაგრძელებ. თუ საშუალო სკოლა არ გაიხსნა, აქედან გადავდივარ არა მარტო მე, არამედ ჩემი სამი კლასელიც და ეს ხდება სოფლის დაცლის მიზეზი. ჩვენს ხეობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვაგან ვერ წავიდნენ და ვერ გააგრძელეს სწავლა, დარჩნენ უსწავლელი. სხვები წავიდნენ ქალაქში, ისწავლეს, მაგრამ აღარ დაბრუნდნენ. ძალიან კარგი იქნება, ეს სკოლა საშუალო სკოლა რომ იყოს, ჩვენც აქვე დავამთავრებთ სწავლას, დაბრუნდებიან ის ბავშვებიც, სხვაგან რომ გადავიდნენ“, – ამბობდა შუაფხოს სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე გიორგი ელიზბარაშვილი.

გასულ წელს შუაფხოს საბაზო სკოლა (9 კლასი) ოთხმა მოსწავლემ დაასრულა: და-ძმა ანა და გია გულბათიშვილებმა, ირმა ცოკილაურმა და ბარბარე ჯაბანიშვილმა. რადგან შუაფხოში საშუალო სკოლა არ იყო, ოთხივე მოსწავლე და მათი ოჯახები არჩევანის ზღვარზე დადგნენ - ახალგაზრდებს სწავლა სად გაეგრძელებინათ? ირმა და ბარბარე მაღაროსკარის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. მაღაროსკარიდან შუაფხომდე 25 კილომეტრია. გზა დაზიანებულია და ამ მანძილის გავლას ავტომობილით ლამის ერთი საათი სჭირდება. ირმა პანსიონში ცხოვრობს, ბარბარე - ბებიასთან რჩება. გულბათიშვილებმა, რომელთაც ოთხი სასკოლე და ერთიც სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჰყავთ, ოჯახის გაყოფას, ბარისკენ ერთად წასვლა ამჯობინეს და უკანაფშავიდა აიყარნენ.

„შუაფხოში საშუალო სკოლა რომ იყოს? ამ ზამთარს ალბათ ვეღარ, მაგრამ ახალ სასწავლო წელს კი გადავიყვანდი ბავშვებს უკან“, - ამბობს ოჯახის მამა რამაზ გულბათიშვილი. თხილიანას გარდა მათ სხვაგან არსად აქვთ საცხოვრებელი.        

შუაფხოს სკოლა უკანაფშავის მთელი ხეობის, რეალურად კი, თხილიანელ და შუაფხოელ მოზარდებს ემსახურება. აქ ოდესღაც ინტერნატიც იყო, ხეობის ზედა სოფლების ბავშვები იქ რჩებოდნენ. ახლა ზემოთ სასკოლო ასაკის არავინაა. სკოლაში სულ 13 ბავშვია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში