საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

19:26 - 02 სექტემბერი 2017 hits 821

თუშეთის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენმა სამი გაფრენა უკვე განახორციელა და ცეცხლის კერებს 6 ტონაზე მეტი წყალი დაასხა. დღეს ვერტმფრენი დაღამებამდე იმუშავებს და კიდევ 4 გაფრენის შესრულებას შეძლებს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის გამო დროებით მუშაობა შეაჩერეს რეინჯერებმა, პოლიციელებმა, რამდენიმე ადგილობრივმა და ომალოს სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლებმა. ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით 20–ზე მეტი ადამიანი ცდილობდა.

ცეცხლი სოფელ ხახაბოსთან ახლოს, ტყეში, დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ცეცხლის გავრცელებას ხელს ნიავი და ტყეში არსებული ხმელი ხეები უწყობს. „ბევრი ხმელი ხეა წაქცეული, რაც ცეცხლს უფრო აღვივებს. ვერტმფრენი რომ დაასრულებს მუშაობას, ტყეში დავბრუნდებით და რასაც შევძლებთ ნიჩბებით და ზურგზე მისამაგრებელი წყლის აპარატებით, ღამითაც ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ლადო კახოიძემ.

თუშეთის მცხოვრებლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ღამით ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რისი ალბათობაც მაღალია, აუცილებელია რომ დილისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ძალების მობიზილება მოხდეს. ხანძრის კერამდე სამანქანო გზაც არ მიდის.

სოფელ ხახაბოსთან ტყეში კვამლი დღეს, დილით შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მეხმა გააჩინა, რომელიც შესაძლოა, გუშინ, საღამოს, ძლიერი ჭექა–ქუხილის დროს ჩამოვარდა.  

დღეს ხანძარი იყო ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაშიც. ცეცხლი მთის ფერდობზე ხმელ ბალახს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში