საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პროტესტი ჭიათურაში - „ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ, კომპანია გვანგრევს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:51 - 16 მარტი 2024 hits 1341

მეოთხე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს დაბლოკილი აქვთ კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. მაღარო მათი სოფლის ქვეშ გადის. პროტესტის ზოგიერთი მონაწილის სახლში უკვე აღარ იცხოვრება. მოსახლეობა შიშობს, რომ შუქრუთშიც იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა მეზობელ სოფელ ითხვისში, სადაც მიწა ჩაიქცა და სახლები დამარხა. „ჯორჯიან მანგანეზი“ პროტესტის მონაწილეებს რადიკალურ ჯგუფს უწოდებს და პოლიციაში უჩივის. უმდიდრეს კომპანიასთან დაკავშირებული მედია კი შუქრუთის მცხოვრებლების დისკრედიტაციას ახდენს.  

„ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ, აქ კომპანია გვანგრევს. წლების განმავლობაში არ იცავს სამთო მოპოვების წესებს, მთავარია, მეტი მადანი მოიპოვოს, რის გამოც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბევრი სახლი უკვე დაინგრა, რაც ჯერ კიდევ დგას, ბზარები ყოველდღიურად ფართოვდება. გზებზე, ნაკვეთებში, ეზოებში ნაპრალები სულ უფრო ღრმავდება. არ გვინდა „ჯორჯიან მანგანეზთან“ ვაჭრობა და კორუფციულ საქმეებში მონაწილეობა. კარვის დადგმამდე შევხვდით კომპანიის ახალ ხელმძღვანელს, მაქსიმ მაზურენკოს.

ვითხოვთ, ქონების სრულად შეფასებას და კომპენსაციას საბაზრო ფასებით. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამაზე უარს ამბობს, რადგან შიშობს, რომ თუ ექსპერტიზა შეაფასებს სახლს, ეზოს, ნაკვეთს, ბაღებს, რაც აქ გვაქვს და ამ ზარალს რეალურ ფასში აგვინაზღაურებს, ეს შეიძლება სხვა დაზარალებული სოფლებისთვისაც გადამდები გახდეს“ 

უთხრა „მთის ამბებს“ შუქრუთის მკვიდრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ნეფარიძემ.

მარიამ ნიკურაძის ფოტო

იგივე მოთხოვნებით შუქრუთის მცხოვრებლებს ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი პროტესტი 2021 წელს ჰქონდათ. აქციის მონაწილეებმა მაშინ პირი ამოიკერეს და 30 დღე იშიმშილეს. საბოლოოდ, როცა პროტესტმა თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლა, იმ მიზნით, რომ დიპლომატიურ კორპუსს მაინც მოეხდინა რეაგირება, „ჯორჯიან მანგანეზმა“ 8 დაზარალებულ ოჯახთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიის კატეგორიული მოთხოვნით, დაზარალებულებს კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აეკრძალათ. მაგრამ, „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ ხელშეკრულების თანახმად,  ქონება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდა შეეფასებინა, რის შემდეგაც კომპენსაცია გაიცემოდა. ეს ყველაფერი 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ საბოლოოდ, ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა არ დადო და რვიდან ხუთ ოჯახს კომპენსაციის ნაწილი, კომპანიის აუდიტის მიერ, მანამდე ჩატარებული შეფასების მიხედვით გადაუხადეს, სამი ოჯახისთვის კი ამ დრომდე არაფერი მიუციათ.

ახლა კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთში მცხოვრები 30-მდე ოჯახის წარმომადგენელია შეკრებილი.

„სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს მისცეს 7, 8, 12, 20 ათასი ლარი და გააჩუმეს, ხელი აქვთ მოწერილი დოკუმენტზე, რაღაც მადლობის სიგელზე. ზოგი სამსახურში დაასაქმეს. ასე ხდება,

როცა სახელმწიფო არ გიცავს და ერთად მოქმედებენ, მოსახლეობა იძულებულია დასთანხმდეს, გაჩუმდეს, არ იბრძოლოს, თორემ დაიჭერენ, მუდმივი ზეწოლის ქვეშ იქნება

გიორგი ნეფარიძეს პირადი გამოცდილება აქვს, როგორ სჯის სისტემა ადამიანებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას ღიად ბედავენ. 2021 წელს მას აბსურდული ბრალი წარუდგინეს. ორი წლის განმავლობაში ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა და სასამართლოში, მის საქმეზე 26 სხდომა გაიმართა. საბოლოოდ ის გამართლდა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს პოლიციაში უჩივის.

„თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაო პროცესი, გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წელს ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ. 2020 წლიდან, სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მარტიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პროტესტის მონაწილეები დაადანაშაულა მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემის თვითნებურად გათიშვასა და ამით მაღაროებში მყოფი თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნაში. ცნობილია, რომ განიავების სისტემის გათიშვით მაღაროებში მყოფი ადამიანები შესაძლოა დაიღუპონ. სიუჟეტში „კურიერის“ წამყვანს არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება ამ მძიმე ბრალდებისთვის, მას ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. გიორგი ნეფარიძე გვეუბნება, რომ 13 მარტს, განიავების სისტემა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელმა, მათი მოთხოვნით, გამორთო მას შემდეგ, რაც მაღაროდან ყველა დასაქმებული გამოვიდა და ახალი ცვლა აღარ შეუშვეს.

კიდევ ერთმა მედიამ, „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე ოჯახებს რეალურად საკომპენსაციო თანხები უკვე აღებული აქვთ და მიუთითა რაოდენობაც.

„რუსთავი 2“-ს და „პრაიმტაიმს“ ერთი და იგივე ფაქტობრივი ხელმძღვანელი ჰყავთ, თამარ ფხაკაძე, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის (მეტსახელად „რიჟა“) დეიდაა.

დღეს, 16 მარტს, დილით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროების განიავების სისტემა ჩართო. ადგილზე ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული, რომ აქციის მონაწილეებს ხელი არ შეეშალათ. კოროხნალის მაღარო ისევ პარალიზებულია.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების ნათქვამს, რომ ისინი საპროტესტო აქციის დაწყებამდე კომპანიის ახალ მმართველს, უკრაინელ მაქსიმ მაზურენკოს შეხვდნენ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში რაიმე ცვლილება ჯერ ასახული არ არის და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად კვლავ ბესიკ კირთაძეა მითითებული. შეიცვალნენ საშუამავლო კომპანიების, „მანგანუმ ლოჯისტიკის“ და „მაღაროელის“ დირექტორები. „მანგანუმ ლოჯისტიკში“ ნოდარ მიქაბერიძის (მეტსახელად „ბაშკირა“) ნაცვლად, 12 მარტს, დირექტორად ევგენი ჯიხვაძეა დანიშნული, 1-ელ მარტს კი „მაღაროელში“ ზურაბ ბაძგარაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, იმ მიზეზით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია იყო შექმნილი და გადაუდებელ გამოსწორებას საჭიროებდა, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მე-7 წელია სპეციალური სახელმწიფო მმართველია დანიშნული. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“). 

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, უმდიდრესი კომპანია ასობით მილიონიანი ბრუნვით. რეგიონი კი, სადაც ის ოპერირებს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში