საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხათუნა ნათობიშვილი - მეფუტკრე ქალი მაღაროსკარიდან

15:23 - 29 იანვარი 2017 hits 14729

ფშავში მცხოვრებმა ხათუნა ნათობიშვილმა ოთხ მამაკაცთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ფუტკრის სახლი ფშავში“ დააფუძნა. კოოპერატივმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღო, რომლითაც მეფუტკრეობის განვითარების, ფუტკრის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით საწარმო შექმნა. კოოპერატივი წელს ეკოლოგიურად სუფთა „ოქრო თაფლს“ გამოუშვებს, რომელსაც სარეალიზაციოდ თბილისის მაღაზიებშიც შეიტანს.

„წინაპრებისგან მსმენია, მოჩხუბარ ოჯახში ფუტკარი ვერ გამრავლდებაო. ფუტკარი თავად ხომ მშვიდია და ასევე უყვარს სიმშვიდე, სიწყნარე. თუ ოჯახში ფუტკარი მრავლდება, ღმერთის საჩუქარიაო, იმასაც ამბობენ“, - ამბობს მაღაროსკარელი ხათუნა ნათობიშვილი.  

ის პროფესიით მედდაა. თბილისში ონკოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. რომ გათხოვდა, 17 წლის წინ, თბილისში სიარული ვეღარ შეძლო, სოფლის ამბულატორიაში მედდად დაიწყო მუშაობა, მერე შეამცირეს და დარჩა უმუშევარი. ნათობიშვილ-ცაბაურაშვილების ოჯახი დღეს მესაქონლეობას მისდევს. მიწასაც ამუშავებენ, კარტოფილი და ლობიო მოჰყავთ.  

10 წლის წინ ჩარგლელმა ნოდარ რაზიკაშვილმა სამი ძირი ფუტკარი მისცა და საქმის ანა-ბანა ასწავლა - სკების გამოცლა, დედების და ბარტყების მოვლა, თაფლის ამოღება. ასე დაიწყო ხათუნამ მეფუტკრეობა. ახლა ცაბაურაშვილ-ნათობიშვილებს 50 ძირი ფუტკარი ჰყავთ.

„ფუტკარს დიდი შრომა და მოვლა სჭირდება. მეფუტკრის სამუშაო დღე დილის 10-11 საათიდან 4-5 საათამდე გრძელდება. სამუშაოც ბევრია და სხვის დასახმარებლად ნაკლებად გცალია. მახსოვს, პირველივე წელიწადს ის 3 სკა 12 ძირად ვაქციეთ. ამ ათი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, თუმცა ჩემს თავს ჯერ კიდევ მოყვარულ მეფუტკრეს ვუწოდებ. ფუტკარმა თაფლი რომ მოგიტანოს, ყველაფერი დროზე უნდა მისცეო, - მასწავლიდა ჩემი მასწავლებელი და დღემდე იმ ადამიანის მითითებებით ვხელმძღვანელობ, დღესაც მის რჩევებს მივდევ, თორემ მეფუტკრეობა სადმე არ მისწავლია“, - გვიამბობს მეფუტკრე ქალი.

მეფუტკრეებს ახლა შედარებით მშვიდი სეზონი აქვთ, ზამთარში ფუტკარს სძინავს, გაზაფხულზე კი სკიდან გამოსვლას დაიწყებს. იმ დროისთვის  მზად უნდა იყოს პატრონი. ხათუნაც ემზადება, სკებს აახლებს, ინვენტარს იმარაგებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ფუტკარს შვილებისგან არ ვანსხვავებ, იქნებ უფრო მეტადაც ვუვლი. სულ ვფიქრობ, არაფერი მოაკლდეთ. როგორც ოჯახის სისუფთავეზე ზრუნავ, ასეა ფუტკარიც. თუ სუფთად გყავს, არც ავადდება. ღმერთის წყალობით, ჯერ ფუტკარი არ დამხოცვია. წელს ძალიან ცუდი ზამთარი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელსაც კარგად გამოვაზამთრებთ.

შეიძლება ფუტკარმა იმდენი თაფლი არ მოგცეს, რამდენსაც ელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენ უნდა მოეფერო. თუ გიყვარს და მოუვლი, პირობებს შეუქმნი, ადვილად გამრავლდება.  

- რამდენად იოლია თაფლის რეალიზაცია?

- შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი თაფლი გვაქვს, ალპური ზონის ეკოლოგიურად სუფთა თაფლი. არანაირ სხვა საკვებს არ ვამატებთ, ამიტომ შეიძლება ბევრი არ ამოვიღოთ, მაგრამ ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ და წლებია, მყიდველები გვყავს.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბოლო წლებში კოოპერატივი შექმენით და ახალი საინტერესო პერსპექტივების წინაშე დგახართ.

- ამ ორი წლის წინ რამდენიმე მეფუტკრე გავერთიანდით და „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში შევქმენით კოოპერატივი, რათა ჩვენი მეფუტკრეობა გაგვეძლიერებინა. „ფუტკრის სახლი ფშავში“ - ასე ჰქვია კოოპერატივს. სახელი შემთხვევით არ შეგვირჩევია, ხუთივე ფშაველი ვართ - ოთხი მამაკაცია და მხოლოდ მე ვარ ქალი.

თანადაფინანსებით გავაკეთეთ საწარმო-ქარხანა, რომელიც მაღაროსკარშივე, კუდოში მდებარეობს. პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ ყველანაირი ინვენტარი, კოოპერატივების სააგენტო სკებითაც დაგვეხმარა.

დღეს ყველანაირი პირობა გვაქვს და ვფიქრობთ, შემოდგომით ჩამოვასხათ პირველი თაფლი, რომელსაც „ოქრო თაფლი“ ერქმევა. უკვე მაღაზიებშიც შევიტანთ. სამომავლოდ არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ.  

- რა პრივილეგიები აქვს თქვენს პროდუქტს?

- ადგილი, სადაც ფუტკარი გვყავს, ეკოლოგიურად სუფთაა და ეს უკვე ჩვენი დიდი პრივილეგიაა. კოოპერატივის წევრებიდან მხოლოდ ერთადერთი მეფუტკრე ამთაბარებს ფუტკარს, ზამთარში ბარში ჰყავს და ზაფხულში შუაფხოში აჰყავს.  ქვემოთ, ბარში ხეხილი იწამლება და ფუტკარი ამითაც ავადდება. ჩვენც მუდმივად მაღაროსკარში ვართ, თუმცა ვფიქრობთ, ზაფხულობით ავიყვანოთ ხოლმე უფრო მაღალ მთაში, ჩარგლის ზემოთ, ბოწახში, მამაპაპისეულ ტერიტორიაზე, სადაც მანქანაც არ მოძრაობს და სათიბები, ალპური მდელოებია.

მოკლედ, მთის სუფთა თაფლი გვაქვს და მასშტაბების გაზრდის შემთხვევაშიც, ვფიქრობ, კლიენტის პოვნა არ გაგვიჭირდება".

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში