საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ირმა ცქიფაშვილი - შუაფხოს სკოლის დირექტორი და ათი შვილის დედა

19:56 - 30 დეკემბერი 2016 hits 16917

„ფშავში ახალ წელს, როგორც წესი, ძველი სტილით აღნიშნავენ. ოჯახი აუცილებლად გადის სალოცავში, სადაც საკლავიც იკვლება. ჩვენც, ტრადიციულად, მივდივართ იახსარში. იქიდან პირველი მეკვლე ბრუნდება და სამჯერ აგორებს გოგას, ერთგვარ პურს, თუ გოგა წაღმა დაჯდა, კარგი წელი ექნება ოჯახს. სალოცავში გასვლის მერე იყო ხოლმე ლექსაობა, კაფიაობა, ქეიფი. ახლა ქადა, ბედის კვერებიც ცხვება, ხინკალი და გოზინაყიც კეთდება, მაგრამ ძველებური ტრადიციული სუფრა ნაკლებად იშლება, ფშაური კაფიაც ნაკლებად იმართება ახლა, ხალხი აღარ არის“, - გვიამბობს ირმა ცქიფაშვილი. ის თავად მაღაროსკარიდან არის, მაგრამ 17 წელია უკანაფშავში, თხილიანაში ცხოვრობს.

ირმა შუაფხოს სკოლის დირექტორია. სკოლაში სულ 13 მოსწავლეა, აქედან 6 ირმას შვილია. სანამ ირმა სკოლაშია, სამი უმცროსი შვილი შინ ელის. დიდი თხოვნის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა, რომ შუაფხოში საბაზო სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთებულიყო, ამიტომ ირმას უფროსი შვილი, მეათეკლასელი ბარბარე მაღაროსკარში სწავლობს და ბებოსთან, ირმას დედასთან რჩება. დედა ამბობს, როგორც კი საშუალო სკოლა გაიხსნება, ბარბარეც დაბრუნდება მშობლიურ სკოლაში.

ახალი წლის არდადეგები დაიწყო და ბარბარე სახლშია მშობლებთან და და-ძმებთან. სამაგიეროდ, ახლა სახლებში წავიდნენ მასწავლებლები, რომლებიც, უკვე წლებია, ირმას და ზაზას ოჯახში ცხოვრობენ. მასწავლებლები წავლენ, ცოტა გული დაწყდებათ მასპინძლებს, მაგრამ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ.

ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის ულამაზესი ოჯახი შუაფხოს თემის სოფელ თხილიანაში ცხოვრობს. ბარბარე, იოსები, მარიამი, სალომე, თინათინი, ჯაბა, ნინო, ნაზი, ელენე და დავითი - ეს საოცარი გოგო-ბიჭები არიან ირმას და ზაზას, თუმცა არა მხოლოდ მათი, ფშავისხევის მთავარი სიმდიდრე, ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თავიანთ თანატოლთან ერთად აცოცხლებენ სკოლას და მთელ ხეობას. უფროსი, ბარბარე, 15 წლისაა, უმცროსი - დავითი თებერვალში ხდება 1 წლის.

ფშავლები ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავენ, მაგრამ ქვეყანას ხომ არ ჩამორჩებიან და ბავშვებსაც გულს არ დაწყვეტენ, დღეს საღამოს ჯაბანიშვილების ოჯახშიც დაიწყება საახალწლო სამზადისი. სამზადისში ყველა ერთნაირად ჩაებმება. აქ ხომ, ასაკის შესაბამისად, ყველამ, დიდმაც და პატარამაც იცის თავისი საქმე.        

მართალია, ფშავამდე ვერც ჩვენებური თოვლის პაპა აღწევს და ვერც სანტა კლაუსი, მაგრამ თხილიანელები არც ამას ჩივიან, აქვე მეზობლად ორი ბავშვიანი ოჯახია.

„გართობით ჩვენი ბავშვები არ არიან განებივრებულები“, - ამბობს ირმა, თუმცა გასართობს რა დაულევთ მოზარდებს. თან გარშემო ისეთი თოვლია, ბარში სანატრელად რომ აქვთ მათ თანატოლებს.  

ირმას მეუღლეს, ზაზა ჯაბანიშვილს ბევრი საუბარი არ უყვარს. ჯობს ირმამ ისაუბროსო, გვეუბნება და ოთახიდან გადის. ზაზას და პატარა ნაზის ფოტოს გადაღებაზეც ძლივს ვითანხმებთ. სამაგიეროდ, მთელ უკანაფშავში, რომ იტყვიან, ყველას პატრონი და „გაჭირვების ტალკვესია“ ზაზა: კვირაში ორ-სამჯერ ხომ სარეისო ტრანსპორტზე მუშაობს, ასევე სკოლის მოსწავლეები დაჰყავს მანქანით და კიდევ მთელ ხეობაში ვინმეს რამე რომ დასჭირდება, ზღაპრული ჯინივით ზაზას უხმობს. ჩვენ რომ მივედით, სოფელ უკანაფშავში იყო ტრაქტორისტის გადასაყვანად წასული და მერეც მთელი საღამო, იმ სიცივეში ჩვენი ჟურნალისტური ექსპედიციის მანქანასა და მძღოლს არ მოცილებია გვერდიდან.

„ირმაზე, როგორც სკოლის დირექტორზე და, როგორც ჩემს მასპინძელზე, ბევრი შემიძლია ვთქვა. ძალიან აქტიური ქალია, ყველაფერს ასწრებს, გაკვირვებული ვარ:

სკოლა, ბავშვები, სახლი, მეურნეობა, საქონელი. ირმას დამსახურებაა, ეს სკოლა რომ არსებობს. ბავშვებს ყველანაირად ხელს უწყობს, რომ რამე ისწავლონ. მასწავლებლებსაც, ვინც აქ ვართ, მაქსიმალურად გვეხმარება.

ექვსი ადამიანი მის ოჯახში ვცხოვრობთ“, - ამბობს სკოლის ინგლისურის მასწავლებელი გაგა შეთეკაური. ნესტან ხორხომელიძე მერვე წელია ამ ოჯახში ცხოვრობს, თიკო გაბრიაძე - მეშვიდე, იზაბელა კუსიანი და ირინა კალანდაძე მესამე, მაია თვალიაშვილი წელს წამოვიდა პროექტით, გაგა კი პროექტის გარეშე მუშაობს შუაფხოში და ცხოვრებით ზაზასა და ირმას ოჯახში ცხოვრობს.

რთულია იყო მთაში ქალი?

„რთულია. ჯერ მარტო კაცისთვის არის რთული აქ ცხოვრება და ქალსაც ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც კაცს. ერთადერთი ხელსაქმე და ქსოვა ითვლება ქალის საქმედ, თორემ სხვა ყველაფერს - საქონელი იქნება, თუ მიწაზე მუშაობა, ერთად აკეთებენ.

მეც სამსახურის მერე ჩვეულებრივი მთის ქალი ვარ, ვეწევი მეურნეობას, დიდს არა, მცირეს,  მაგრამ მაინც.  

მაქსიმალურად ვცდილობ, საქმე შევუმსუბუქო ჩემს მეუღლეს, მეც ვასრულებ ხოლმე კაცის მოვალეობას და ზაზაც შეძლებისდაგვარად მეხმარება. სკოლაში რომ წაგვიყვანს, ხშირად ბავშვებსაც იტოვებს. ყველა ბავშვმაც თავისი საქმე იცის. ასე ითხოვს დღევანდელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“, - ამბობს ირმა ცქიფაშვილი.

ირმას შვილებიც ასე იზრდებიან: „აქ მინდა იყოს საშუალო სკოლა, თორემ მეც რომ მომიწიოს წასვლა, ჩემებს ვინ დაეხმარება?“ - გვითხრა სოსომ, ირმას უფროსმა ვაჟმა. ბარბარე ხომ მაღაროსკარში სწავლობს და იქ, ბებოსთან რჩება.

„მასწავლებელო, რა კარგი იქნებოდა, ათ-ათი რომ ვიყოთო“, - ირმას ერთ-ერთ შვილს უთქვამს მასწავლებლისთვის.

„კი, მაგრამ ხომ ხართ ათიო“, - უპასუხია მასწავლებელს და

„არა, ყველა ოჯახში რომ ათ-ათი შვილი იყოს, რა ბევრი ვიქნებოდით და რა მხიარულად ვიცხოვრებდითო“.

სწორედ ამ ოჯახიდან გვინდოდა მოგველოცა ახალი წელი!

სიკეთე, სიუხვე და სიმრავლე დაგბედებოდეთ!  

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში