საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ლაშა ღლონტის მოგზაურობის დღიური – გურია – აჭარა– ჯავახეთი

15:23 - 10 მაისი 2017 hits 2891
ფოტო: ლაშა ღლონტი
მოგზაურის დღიური
ფოტო: ლაშა ღლონტი

ზამთრის დღეებში თოვლის საფარქვეშ ჩარჩენილი მოგონებები ძლიერი სიმძაფრით დამხვდნენ. ადრე განცდილმა ემოციებმა მალევე შემახსენეს თავი. ახლა, სახლის სახურავზე ვწევარ და მზის სხივებს ჩემ გაყინულ და დაღლილ სხეულს ვუშვერ. სახურავზე განა იმიტომ, თითქოს მზესთან უფრო ახლოს ყოფნა მინდოდა, უბრალოდ თოვლითაა სავსე მთელი პირველი სართული.

მოკლედ, დღეს ლაშქრობა დილით დაიწყო. როგორც ყოველთვის მოულოდნელი მოვლენა მოხდა - დიდი თოვლი. არა, თოვლში სიარული ჩემთვის დაბრკოლება არასდროს ყოფილა, მაგრამ ამხელა თოვლს ნამდვილად არ ველოდი, თან მეგზურად უკვე გამოცდილი ირაკლი მყავს. ერთმანეთი უკვე გამოვცადეთ ლევანის ტბისკენ მიმავალ გზაზე და ახლაც თვითდაჯერებულნი ვართ.

ბავშვობიდან ვოცნებობ მთაში სახლზე. წარმოიდგინეთ, ტყით დახუნძლული მთა და მცირედ მოტიტვლებულ ადგილზე ხის კოხტა სახლი, სადაც სიტკბო, სიყვარული, სიმშვიდე, ნამდვილი და ჭეშმარიტია. მხოლოდ ასეთ ადგილზე ხარ რეალურად შენ თავთან პირისპირ. აანალიზებ შენ შესაძლებლობებს და ყველაფრისთვის მზად ხარ, იმისთვის რაც ერთი ან ათასი შეხედვითაც მიუღწეველი ჩანს. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ მარტოობა მწვდება ფეხებში თავისი საცეცებით და ნელ-ნელა მფარავს. რა იქნებოდა ამ სამოთხეში ერთი ლამაზი გოგოც იყოს ჩემს გვერდით. იცით როგორი? თვალებში ჩახედვისთანავე გული რომ გიჩქარდება და უსიტყვოდ იცი, რა სჭირდება და როგორ გააბედნიერო, მთელი შენი დღის საზრუნავი მხოლოდ მისი გაღიმებაა.

გომისმთიდან სოფელ თავპატარაში გადავედით. სოფლის ბოლოში გზა მოვჭერით და ბოლო კოტეჯში დავიდეთ ბინა. თოვლი აქაც მაღალია და აივნიდან შესვლა მოგვიწია. ზაფხულში ჩიტები დანავარდობენ აივანზე, ზამთარში ჩვენ. სახლში, რამდენიმე საწოლი, ღუმელი და შეშის დიდი მარაგი დაგვხვდა, რამაც ძალიან გაგვაბედნიერა. ღუმელი მაშინვე ავაგუზგუზეთ და ჩვენი სველი სამოსის გაშრობა დავიწყეთ. დიდთოვლობა თავისას შვრება, მანძილს გვიმძიმებს და დროს გვიწელავს. საკვები კი, ჩვეულებისამებრ ცოტა გვაქვს. ეკონომიურ კვებაზე გადავედით. თუმცა, ასეთი ფიქრები მალე მივატოვეთ. რა ჯობს, ღუმელის პირდაპირ მჯდომი, შეშის ტკაცა-ტკუცს რომ უსმენ და სიმშვიდის ზღვაში იძირები... ძილის დროა.

აისი ასეთ ადგილებში ულამაზესია. თეთრ თოვლზე გადმოღვრილი ოქროსფერი სხივები და ცხელი ყავით ავსებული ჭიქა. დილა დაიწყო. სვლა სოფელ ხონოს მიმართულებით განვაგრძეთ, თოვლი გაყინულია და ჩვენც ტემპს ვუმატებთ. ქედზე ავედით. სიმაღლეს არ ვკარგავთ. ასე სიარული უფრო გვიმარტივდება, მაგრამ სირთულე იმაშია, რომ ეს ქედი ბოლომდე სწორი არ არის. პირველ „უნაგირს“ მივადექით. აქვე გავჩერდით და ქვემოთ ჩავიხედეთ. ვიცით, რომ არ იქნება მარტივი სიმაღლის დაკარგვის შემდეგ ზევით სვლა. შედარებით მარტივი ბილიკი ავარჩიეთ და „უნაგირში“ ჩავეშვით. ეს ლაშქრობა აღარაა, უფრო მთამსვლელის მარშუტს ჰგავს. მალევე ავედით, მაგრამ არც აქ გაგვიმართლა, წინ იგივე ტიპის „უნაგირი“ გამოჩნდა. ბევრი აღარ გვიფიქრია, მალევე დავეშვით და ავცოცდით. მალე სოფელი შვეილა გამოჩნდა, მცირე რაოდენობის კოტეჯებით. არასოდეს მესმოდა აჭარლების. ხომ შეიძლება ისეთ ადგილზე დასახლდნენ, სადაც რელიეფი ასეთი მკაცრი არ არის. აქ რა უნდათ, რატომ წვალობენ? მაგრამ ჩემი ბავშვობის ოცნება მახსენდება და მალევე ვჩუმდები.

ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ ამოიჭიმა ჰორიზონტზე სხვა სოფელი. საინტერესო არქიტექტურის კოტეჯები ერთი მეორეს მიყოლებით დგას, თითოეული ერთმანეთს ჰგავს. პირველ სართულზე ბოსელია, მეორეზე საცხოვრებელი. საცხოვრებლის გვერდით საპირფარეშო, რომელიც ჰაერშია „დგას“. ისევ სახლის აივანზე ამოვყავით თავი და წავიხემსეთ. ვხვდებით, რომ საკვები მალე გაგვითავდება. გზის სირთულეზე ფიქრებს ახლა საკვების პრობლემაც დაემატა, არადა სად გინდა ამხელა თოვლში საჭმელი იშოვო?

გზა განვაგრძეთ. მზე ზენიტშია და თოვლმა დნობა დაიწყო. ნაბიჯებს სიმყარე აკლდება და თოვლში ვიფლობით, ფეხსაცმელიც წყლით იჟღინთება და მძიმდება. გაჩერებაც არ შეიძლება, თორემ გაიყინება. რა ლამაზია აქაურობა, უნდა გავჩერდე. თოვლიანი მთები, ქედები, ტყეები, ხეობები, ხის სახლები ფერადი ნახატებით სავსე წიგნივითაა გადაშლილი ჩემ წინ. ღრუბლების რბოლა ჩრდილების თეატრის ეფექტს ქმნის. აქ სიმშვიდეა, რაღაც სამოთხის მსგავსი, შეიძლება სამოთხეც სწორედ ეს არის.

დიდმაღალაზე ავედით და შევისვენეთ. თითქოს ყველაფერი დამავიწყდა, თითქოს უდარდელი ვარ. ჩემი უდარდელობა დიდხანს არ გაგრძელებულა, წინ შემდეგი „უნაგირი“ გვაქვს გადასალახი. ამ ქედს, ყველაზე კარგად ადგება მზე, ამიტომაც თოვლი თითქმის დამდანრია. წელამდე თოვლში ვართ ჩაფლული და ისე მივდივართ. ეტყობა აქაურობა ცდილობს, რამენაირად ჩაგვითრიოს და საბოლოოდ დაგვტოვოს. სოფელიც გამოჩნდა, სადაც ღამე უნდა გავათენოთ და დავრჩები კიდეც, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ღამე ჯერ-ჯერობით დღეზე სწრაფია და მალევე წამოგვეწია. ამიტომაც სხვა სოფელში მოგვიწია დარჩენა.

სოფელი დავათვალიერეთ. არცერთ სახლს არ აქვს ღუმელის მილი. შეუძლებელია სოფელში ღუმელი არ იყოს. ჩანთები მშრალ ადგილას დავაწყეთ და სახურავები კიდევ ერთხელ შევათვალიერეთ. ერთ-ერთ სახურავზე პატარა ნახვრეტი აღმოვაჩინეთ. შიგნით შევედით, ოთახში ღუმელი დგას და იქვე მილები დევს. ელვის სისწრაფით ავაწყეთ. ფანჯრების ნაცვლად ხის ფიცრებია ჩასმული, სინათლე გვჭირდებოდა და მაშინვე მოვხსენით, ღუმელიც დავანთეთ და ტანსაცმლის გაშრობა დავიწყეთ. კარგი სახლია, შეკრული და მალევე გათბა. აი მოგვშივდა კიდეც... ირაკლიმ ჩანთიდან საკვების პარკი ამოიღო. მხოლოდ ძეხვის პატარა ნაჭერია, არადა წინ კიდევ ორი დღე გვაქვს. მაგიდაზე დავდეთ და ძილის წინ ჭამა გადავწყვიტეთ. დაღამდა, ღუმელს მივუსხედით. სიჩუმეში ჩაძირულს უცებ ირაკლის წამოძახილი მაბრუნებს უკან: ბიჭო შეხედე კედელს!!! - ვერაფერი შევაჩნიე.

- აბა რას ხედავ ლაშა?

- რავიცი, კედელს.

- კედელს კაირა ლობიოს ბიჭოო!

კედელზე ორი ლურსმანია, რომელზეც ჩამოკიდულია ძაფზე აცმული გამხმარი ლობიო. ერთად წამოვხტით და გარჩევა დავიწყეთ. იმდენია, ორივეს კარგად დაგვანაყრებს. მალევე გავარჩიეთ და ასადუღებლად ღუმელზე დავდგით. მშიერი მტაცებლებივით ველოდებით მოხარშვას. ამასობაში დარჩენილი ძეხვის ნაჭერიც შემოგვეჭამა. აღარაფერი გვაქვს მხოლოდ ლობიოთი ვიმშვიდებთ გულს. ხან რაზე ვფიქრობთ, ხან რაზე, ხან რას ვატყუებთ ერთმანეთს, მაგრამ შიმშილის დავიწყება შეუძლებელია. ორი საათია ლობიოს მოხარშვას ველოდებით და ჯერ კიდევ ბევრი უკლია. შიმშილისგან ოთახში წანწალი დავიწყე. ოთახის გვერდით სამზარეულოში გავედი. რამდენიმე ამოპირქვავებული ქვაბი, რკინის დოქი და თეფშები დევს. კუთხეში დიდი, გრძელი თაროა, რომელზეც მუყაოს ყუთია. ასე, უბრალოდ მივედი და თავი მოვხადე. ქილები და შუშის ბოთლები ეწყო. ერთ-ერთი ამოვიღე და ისევ დავდე. ეე, რაღაც კარგი ფერი აქვს. ისევ ავიღე, პომიდვრის საწებელს ჰგავს, ირაკლის ძახილით ოთახში შემოვიტანე. ვიფიქრე. პური მაინც გვქონდეს მეთქი. მაგიდაზე დავდე და ისევ იმ ყუთისკენ გავიქეცი. ჯანდაბა! ეს ყუთი მურაბებითაა სავსე. როგორ ავხსნა სიხარულის ის ემოცია არ ვიცი. მაშინვე თითო-თითო ქილა ავირჩიეთ. მე ბლის შემხვდა, ირაკლის მსხლის. ცოტა ამოვისუნთქეთ. ამასობაში ლობიოც წამოგვეწია. დღევანდელმა დღემაც მშვიდობით ჩაიარა. სახლის პატრონი ალბათ ძალიან გაბრაზდება, დაუკითხავად ვესტუმრეთ, ავიღეთ ორი მურაბის ქილა და ლობიო შევუჭამეთ. მადლობას გადავუხდიდი პირადად, მაგრამ არვიცი რა წარმოდგენა აქვს ჩვენზე. სხვა გზა არ გვქონდა. ყველაფერი მოვაწესრიგეთ, ღუმელი დავშალეთ, მილები თავის ადგილზე დავაწყეთ, ფანჯარასაც პირველადი სახე დავუბრუნეთ და გზა გავაგრძელეთ.

ჩვენს წინ დიდი მთაა აღმართული. ასვლას დიდი ხანი მოვუნდით. ნისლიც ჩამოწვა, აღარაფერი ჩანს. მთიდან ხინოს მიმართულებით სოფელი გამოჩნდა და მაშინვე ნისლმა შთანთქა. დაღმართი მალე ჩავირბინეთ. დიდხანს ველოდეთ ნისლის გადასვლას, მაგრამ მივხვდით, რომ არ აპირებდა. აქ დარჩენა არ შეიძლება. ნისლში სიარული გავაგრძელეთ. გათოვდა კიდეც და გადაადგილება ძალიან გაჭირდა. ვერაფერს ვხედავთ. ნისლში ცხოველის კვალს გავყევით. მთის წვერში აგვიყვანა. აქვე კლდის დიდი ლოდებია. ამ ლოდებს მოვეფარეთ და ჯიპიესის გამოყენება ვცადეთ. მიმართულება ავიღეთ და ტელეფონიც გაიყინა. მთიდან დაშვებისას ირაკლი თოვლში გაიჭედა ჩემგან სამი მეტრის მოშორებით. უკან მოტრიალება ვცადე და მეც მაშინვე ჩავვარდი. ფეხებს ვერ ვამოძრავებ, ჩანთაც ზემოდან მაწვება, ერთმანეთს ვუყურებთ და ვერ ვექანებით. ჯოხს სახელურთან პატარა თოკები აქვს, ამოვატრიალე და ირაკლის ჯოხს ჩავაბი. ერთმანეთის დაქაჩვა ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ჯოხის დახმარებით თოვლის გათხრა დავიწყეთ, მუხლებამდე ჩავედი, ცოტა ფეხი გავამოძრავე, ამოვიღე და მაშინვე მეორე მხარეს ჩავვარდი, ირაკლისკენ ახლოს. ცოტათი მივუახლოვდი და ერთმანეთი ამოვათრიეთ. თითქმის 2 საათი მოვუნდით ამ საშინელებიდან გამოღწევას. მთას მივადექით და ასვლა დავიწყეთ. იქვე კლდის ლოდებს მოვეფარეთ. ქარი მურაბის ჭამას არ გვაცდის. ტელეფონები თბილ ადგილას შევინახეთ და გზა გავაგრძელეთ. ეს მთაც გადავლახეთ. ნისლიც გადავიდა. მომდევნო სოფელი გამოჩნდა.  სოფელსა და ჩვენ შორის ტყეა. ეს ხეობა მდინარის პირას ჩადის, სოფელი კი მდინარის მეორე მხარესაა ტყის თავზე. ბევრი დრო არ გვაქვს. ხეობაში დავეშვით. გადავიარეთ მდინარე, რომელზეც ხიდივით იყო დიდი ყინულის ლოდი. ტყეს ავუყევით, ყველგან კოდალას შემზარავი ხმებია. სოფელში ავედით და მალევე დავბანაკდით. აქაც მოგვიწია ფანჯრების შეცვლა, შუშის ფანჯრები ჩავსვით. ამასობაში დაბნელდა კიდეც. გარეთ მზის სიწითლე  შევამჩნიე და გამოვედი. ღრუბლებს ზემოთ ვართ. ჩვენს პირდაპირ წითელი ფერის მზეა. ეს წამი მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო, არასდროს მომბეზრდებოდა ამის ყურება.

დილით მზიანი ამინდი დაგვხვდა, სახურავიც მალე გათბა და გასვლამდე ფეხსაცმელების გაშრობა დავიწყეთ. ამასობაში ჩვენს გზას გადავხედეთ. ეს გზა გომისმთისკენ მიდიოდა, გუშინდელი მზე და ღრუბლები გომის მთის თავზე იყო. ჯიპიესი ჩავრთე და ხინო სულ სხვა მხარეს მაჩვენა. ძალიან ამრია, მთელი ეს პერიოდი შეცდომით მოვყავდი. იქვე აივანზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე. უკან იგივე გზას ვერ გავივლიდით, უკვე მეორედ დამემართა ასეთი რამ, მარშრუტი მეშლება. აღარ მინდა ისევ ოზურგეთის გზით დაბრუნება, მაგრამ უკვე სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მთელი ეს გზა ტბიყელსა და ხინოზე (კინტრიშის ხეობაზე) ფიქრში გავატარე. ამ ფიქრებმა ჩამოგვიყვანა გომისმთამდე.

აქ დიდხანს აღარ გავჩერდით და ოზურგეთისკენ დავეშვით. ერთმანეთის დახმარებით 35 კილომეტრის გავლა მოგვიწია. ტელეფონმა დაიჭირა. მაშინვე ვალოს, ჩემს მეგობარს დავურეკე, რომელიც შემოქმედში მანქანით დაგვხვდა და სახლამდე მიგვაცილა. ვალო ბახმაროში მყავდა 5 დეკემბერს. იმის მერე ლაშქრობაში აღარ დამყვება, გასარკვევი მაქვს რატომ.

სახლში მივედი, სადაც ანერვიულებული ბებია მელოდებოდა. ოთხი დღე მირეკავდა, მე კი ვერ ვპასუხობდი, უგზოობაში გზას ვიკვლევდი. შეხვედრისას ორივემ თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. რამდენი სევდა და დარდი იმალებოდა ნაოჭებით გარშემორტყმულ თვალებში, როგორი მონატრება და ნერვიულობა. ჩემ თვალებში, ალბათ იმედგაცრუება ჭარბობდა. გადავეხვიეთ და უხმოდ მივხვდით ერთმანეთის გულისტკივილს, თუმცა აღარ გადაგვიშლია გული. მსუბუქად მოვუყევით გავლილი დღის ამბები, შემდეგ გვასადილა და დასაძინებლად გაგვიშვა დაღლილები.

დღეს ჩემი დაბადების დღეა, რიგით 23-ე დაბადების დღე. დილით ვალო ბათუმში მიდიოდა და ჩვენც გავყევით. ბათუმი ჩემი ქალაქია. იმდენი კარგი მოგონება მაქვს, რამდენი წვეთიცაა ღამესავით შავ ზღვაში. ჩემთვის სიყვარულის ქალაქი პარიზი კი არა, ბათუმია. ახლა ქალაქი ცარიელია. ბულვარში მხოლოდ მშენებლები არიან, რომლებიც აწესრიგებენ და ამზადებენ აქაურობას ზაფხულში სტუმრების მისაღებად. ზღვის სანაპიროს გავუყევი, ზღვის ტალღებით გადმოცემულ ამბებს მოვუსმინე და ისევ მთაში წასვლა ვამჯობინე.

დანისპარაულის მარშუტკაში ჩავსხედით და კურორტ გოდერძისკენ ავიღეთ გეზი. ირაკლის დავურეკე. ირაკლი კურორტ გოდერძის სამაშველოს უფროსია, ჩემი კარგი მეგობარი. სამწუხაროდ, თბილისშია, მაგრამ დარჩენის პრობლემა მომიგვარა. აჭარულად ვიმგზავრეთ. მარშუტკაში ზუსტად ორი თავისუფალი ადგილი ჩვენ დავიკავეთ. მძღოლი ყველას ახლობელი იყო, ამიტომ გზაზე ვერავის ტოვებდა. ჩვენს მერე კიდევ რამდენიმე კაცი ამოვიდა, სკამების ქვეშ რამდენიმე ჯორკო იდო. ხალხი ემატებოდა და ემატებოდა. ხულომდე ასე მოგვიწია მგზავრობა. ხულოში გოდერძი ამოვიდა, გოდერძიც ჩემი მეგობარია, წელს გავიცანი გოდერძიზე, მითხრა აქ ჩავაბარეო. ტურიზმზე სწავლობს, დანისპარაულიდანაა. ისეთია, სულ რომ უნდა რაღაცით დაგეხმაროს. გამიხარდა მისი დანახვა. წინა წელი გავიხსენეთ. შუამთობაზე დამპატიჟა. მითხრა, მერეც დარჩი, კარგ ადგილებს გაჩვენებ, ცხენით წავიდეთ და თან კალმახებზე ვითევზაოთო. მეც აუცილებლად ჩავაკითხავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში მივდივარ, მეორე სახლში.

გზაზე კარგად იგრძნობოდა გაზაფხულის მოსვლა, გამწვანებული ხეები და ხის მძაფრი სუნი. დანისპარაულში ჩავედით. იქვე, ბოლო გაჩერებასთან თავშეყრის ადგილი იყო. გაუკვირდათ ჩვენი დანახვა და ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. რამდენიმემ მიცნო. ჩემზე ამბობდნენ, ეს ხომ ისაა, ზამთარში კარვით მარტო რომ იყოო. გამეღიმა. მათთან მივედი, გავეცანი. რამდენიმე ნაცნობს შევხვდი, ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ. აქედან დაიწყო ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა და ცოტა დავლიეთ. მთაშია შემორჩენილი ყველაფერი წმინდა, ბოროტება ვერ აღწევს აქ და იცით რატომ? აქ ყველაფერშია სიკეთე, სიცოცხლით და უსაზღვრო სიყვარულით სავსე ხალხი, რაც ძალიან მახარებს. მადლობა არაფერია იმ ხალხისთვის, რომლებიც ყველა ტრადიციის  მიმდევარნი არიან და თავიანთ ღელე-ღურდანს (კუთხეს) არ ტოვებენ. ვერ აღვწერ იმ სიხარულს და ყველა განცდას, რაც მთაში გეუფლება.

ცოტა დაგვაგვიანდა აქ სტუმრობა. უკვე აღარაა სეზონი, შეცვლილა აქაურობა, სასტუმროს მშენებლობაც დაუწყიათ. სასტუმროში ნუკრი დაგვხვდა, რომელმაც სიხარულით მიგვიღო, ოთახი მოგვცა. საუკეთესოდ მოვეწყეთ, შხაპი მივიღეთ, ყავა დავლიეთ და სუფრას მივუსხედით. ნუკრისთან ერთად ძველი დრო გავიხსენეთ, მეგობრები მოვიკითხეთ და კარგად მოვილხინეთ.

დილით ნუკრის და კურორტ გოდერძის დავემშვიდობეთ. გზას დავადექით და აბასთუმნისკენ გავეშურეთ. საინტერესოდ და ექსტრემალურად გამოიყურება გოდერძი-ადიგენის უღელტეხილი, გაწმენდილი გზა, რომლის გვერდებზეც თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს. გზაზე მიკროავტობუსი წამოგვეწია. ჩვენი მასპინძლები, ხულოელები იყვნენ, რომლებიც ახალციხეში ქორწილში მიდიოდნენ. მიკროავტობუსში 20-მდე ტომარა კარტოფილი ეწყო, რომლებზეც რბილად ვიჯექით. წინ კარგად შეხვეული აჭარული ბაქლავა გვიდევს, რომელიც ქორწილში საჩუქრად მიჰქონდათ. აბასთუმნის გადასახვევამდე ჩამოგვიყვანეს, საიდანაც აბასთუმნამდე დიდი დრო აღარ დაგვჭირდა.

აბასთუმანში რატის შევხვდი, რატიც ჩემი მეგობარია. ხუჭუჭა, ბუჩქივით თმა აქვს. თავისუფალი და მშვიდი ბიჭია, თავაზიანი და ზრდილობიანი. გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა, მასთან ჩანთები დავტოვეთ და სასეირნოთ გავედით, ის ჩვენი გიდი იყო. პირველად რომანოვების სასახლეს ვესტუმრეთ, მერე ტყისკენ ბილიკს ავუყევით, რამდენიმე საათით ვისეირნეთ. რატიმ ყავაზე დაგვპატიჟა, ცოტახნით შევისვენეთ და თბილისს დავბრუნდით.

ლაშა ღლონტი

მოგზაური, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტი, საფეხმავლო გამყოლი მაღალმთიან რეგიონებში. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში