საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა

06:03 - 27 აგვისტო 2017 hits 3810

1963 წლის აგვისტოში, სპორტულ ჯგუფთან ერთად, ქართველმა ფოტოგრაფმა და ალპინისტმა გურამ თიკანაძემ თეთნულდი დალაშქა. 21 აგვისტოს ჯგუფი შხარაზე ავიდა. 6 დღის შემდეგ, საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალიდან დაშვებისას, გურამ თიკანაძე ტრაგიკულად დაიღუპა.

ბუნებით უშუალო ადამიანი ყოფილა. გეოგრაფ-გეოლოგს მოგზაურობა და ბუნებაში ყოფნა ხშირად უწევდა. ამას ალპინიზმით გატაცებაც დაერთო და თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა. საქართველოს კუთხეებს გაეცნო და ნანახი და განცდილი თავისი შემოქმედების მთავარ თემად აქცია.

1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშის“ ფოტოკორესპონდენტად; 1959 წელს ვენის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი არის პირველი საერთაშორისო ჯილდო ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში; მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი - სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“.

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.”

მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად, ნაადრევ ასაკში, დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან.

„4 ივლისი. 1958 წელი. დღეს ჩემი დაბადების დღეა. [...] ყოველთვის მინდა, რომ ყველამ იცოდეს, უზარმაზარი ქეიფი გადავიხადო, სიმღერებით – სამდღიანი ღრეობით, ცხენებით, მაგრამ უმეტესად გზაში ვხვდები ან სახლიდან შორს. ოთხი წლის წინ თიკანაძე გურამი და მე შევხვდით პიატიგორსკის სადგურზე, ორას-ორასი გრამი არაყი დავლიეთ ცივ პერაშკთან ერთად. მერე საღამოს ორი ქალი მოვჩანგლეთ, ერთი – აშკარად უშნო იყო – ის გურამმა თავისთვის აირჩია, მერე ის ქალი აღარ წამოვიდა, მე მერგო ფარულად უშნო და წელზე ხელშემოხვეული დავდიოდი საღამოს მასთან ერთად...“ (გურამ რჩეულიშვილის დღიურიდან)

გურამ თიკანაძის დაღუპვას, 1964 წელს, ლექსი მიუძღვნა მურმან ლებანიძემ.

„ვოი“

ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი!

რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –

ყინულის ლოგინში!

 

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,

ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.

მთელი სვანეთი შეკრებილა,

მთლად საქართველო შეკრებილა,

შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…

ვოი! შხარა სისხლით შეღებილა –

კოხტა თიკანაძე მომკვდარა…

 

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები

გასჩრიათ ყელში…

 

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, –

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი – ერთადერთი ჩაუბია,

თავი – სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

 

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები

გასჩრიათ ყელში…

 

– „ხოჩა საკაცე გამითალეთ,

დავაწყო ხორცი და ძვალი!

სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ

აღმართში – კვნესით ამიტანეთ,

ვაკეზე – მითხარით ზარი!..“

 

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,

შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,

ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი

საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

 

– „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!

შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!

ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –

რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

 

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს

და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე…

შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,

შენ დასახარჯი უკვე დახარჯე…

შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,

შენ საქართველოს ღამე გახაზე…

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს

და მიტივტივებს

შენი საკაცე…

 

ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი!

რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –

ყინულის ლოგინში!

 

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია,

ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია!

ვარსკვლავი

ვარსკვლავებს მომწყდარა!

 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.546

გურამ რჩეულიშვილი 1956-1960, გამომცემლობა „ინტელექტი“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

თავში