საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გახარიას ლექსი მიუძღვნა

17:42 - 29 მარტი 2020 hits 20865

მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას - პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა 25 მარტს გამოაქვეყნა ლექსი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეძღვნება.

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,

თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე...

გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის

იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.

დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,

ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,

შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,

რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.

სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,

ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,

საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,

დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.

არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,

დიდი იქნები - თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,

სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,

მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..

ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,

დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,

ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ „შვილო“ ხვალისთვის,

სხვა გზა არა არის! - ხანჯლის პირზე უნდა იარო...

ლექსს პოეტი პაატა შამუგია ასე გამოეხმაურა: „გალაკტიონს ცოლი რომ გადაუსახლეს და მერე გადამსახლებლებს დითირამბებს უძღვნიდა, ეგ მას აპატია მკითხველმა ორი მიზეზის გამო – პირველი: დიდი პოეტი იყო და მეორე და მთავარი: ანტიადამიანური რეჟიმი იყო და მასთან გასამკლავებლად ინდივიდი, უბრალოდ, უძლური იყო. შეუძლებელს გალაკტიონისგანაც არ ითხოვენ.

აი, დღეს, როცა ბელადზე ლექსის არდაწერის გამო არც ცოლს გადაგისახლებენ და არც ფსიქიატრიულში გამოგამწყვდევენ

და შენ მაინც ადგები, გახარიაზე ლექსს დაწერ, თან გიორგი ბრწყინვალეს შეადარებ ადამიანს, რომელმაც კარიერა იმით დაიწყო, რომ მისმა თანამშრომლებმა შენი ხელფეხშეკრული კოლეგა საპატიმროში აწამეს, მერე ამ შენგან ხოტბამისხმულმა კაცმა 19-20 წლის გოგო-ბიჭებს თვალები დასთხარა და ბოდიშიც კი არ მოუხდია, მაგას მკითხველი ნამდვილად არ გაპატიებს.

თან, გალაკტიონიც არ ხარ...

კარგად ვიცნობ იმ პოეტს, რომელმაც ეს ჩაიდინა და განსაკუთრებით ამის გამო დამწყდა გული. უწერენ ახლა იქ სამთავრობო ბოტები და ტროლები, გენიალური ხართ ორივე – თქვენც და გახარიაცო...“

პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც შამუგია ახსენებს, პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. რატიანის თქმით, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მისი ქურთუკის ფერი არ მოწონათ. რატიანის დაკავება პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს და მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონდამრღვევად მიიჩნია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რატიანმა ქვეყანა დატოვა. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

პაატა შამუგია თავის კომენტარში ასევე ახსენებს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, როცა მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის რუსულ ენაზე გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ვირუსმა მსოფლიოში უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 600 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირებულია. საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18. კარანტინის რეჟიმშია - 4 717 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 ადამიანი. საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებთან ერთად და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროცესებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში