საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შატილს იქითაც საქართველოა!

18:52 - 19 სექტემბერი 2018 hits 31824

ხევსურეთში პრემიერი მოდისო, ამბავი აუტანიათ მუცოში.

საიდან გაიგეო ბალღო, უკითხავთ.

შატილში ხიდს მოაჯირები შეაბეს და ინგური (კოშკებს შორის ბილიკი) ნაგვისგან გაწმინდესო.

მუცოში, არდოტისა და ხონეს გასაყართან შეიკრიბნენ - „შატილში ამოსული პრემიერი აქეთაც გამოიხედავსო“.

***

წელს, შატილობა 1-ელ სექტემბერს აღნიშნეს. თბილისიდან შატილამდე, სამანქანო გზაზე, მსუბუქი ავტომობილებიც თავისუფლად მოძრაობენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი პირიქითა ხევსურეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩაფრინდა. მამუკა ბახტაძეს გუბერნატორი, მაჟორიტარი, მერი დახვდნენ და საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, დღესასწაულის მისალოცად მიიწვიეს.

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს მასპინძლებს. მართლაც ძალიან რთულია, როდესაც ამ სილამაზეს უყურებ, სიტყვებს თავი მოუყარო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის. შატილი საუკუნეების განმავლობაში იყო დარაჯი ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრების. თითოეული ქართველი ამაყობს ამ ძეგლით და მე ვიტყოდი, მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით. როდესაც მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას ძალიან სწრაფად ვახორციელებთ, გზების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადგილებში დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები, დაბრუნდეთ თქვენ, დაუბრუნდეთ თქვენს მამაპაპისეულ მიწაწყალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - პრემიერი მასპინძლებს კი მიმართავდა, მაგრამ შატილიონებზე ბევრად მეტნი პრემიერის დასახვედრად მობილიზებული საჯარო მოსამსახურეები იყვნენ, ტურისტებიც.

მუცოში შეკრებილ ხევსურებს პრემიერისთვის სწორედ გამძლეობაზე უნდოდათ ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ მთავრობის მეთაურმა ცოტა ხანს ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენებას უცქირა, მერე ხევსურული ლუდი დააგემოვნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბარიდან მიწვეულმა ხევსურმა თამადამაც დაილოცა. ბოლოს პრემიერმა შატილის კოშკები შეათვალიერა და გაფრინდა.

არღუნო ჩემი მოსისხლე გქვია

საფიხვნოზე შეკრებილებს შორის პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფლის, არჭილოს მკვიდრი, 47 წლის ხვიჩა ზვიადაურიც იყო. მისი 33 წლის ძმა მდინარე ანდაქში (უწოდებენ არღუნსაც) 2010 წელს დაიხრჩო. შატილში პროდუქტის შესაძენად ჩასული არჭილოში ბრუნდებოდა. კლდეზე გაჭრილი ვიწრო ბილიკიდან ცხენი მდინარეში გადავარდა.

„ქამარი და მაიკა ვიპოვეთ მარტო, შემოდგომაზე თავის ქალის ნაწილი. დანარჩენი ვერა. სულ ვეძებეთ, ჩავარდნის დღიდან ზამთრამდე. სამანქანო გზას ხომ არ ვითხოვთ, ვითხოვთ საფეხითო გზას, ცხენით და ჩვენ თვითონ რომ გავიაროთ. საქონელი გავატაროთ“, - ხვიჩა ზვიადაურს პრემიერი კი არა, სოფელში ხელისუფლებიდან ასული არავინ ახსოვს:

„მე მგონი ეგეც არ იციან, რომ შატილს იქით კიდევ საქართველოა. არავინ აქ არ დამინახავს მთავრობიდან, მკვდრადა ვართ ჩათვლილები“.

ძმის სიკვდილის შემდეგ არჭილოში ზაფხულობითღა ცხოვრობს.

ავთო დაიაურს ვერც ძმის და ვერც შვილის სიკვდილმა ვერ ათქმევინა უარი მუცოსჭალაში ცხოვრებაზე. ძმა, 16 წლის ფრიდონ დაიაური 1989 წელს დაიხრჩო. მდინარეში მხოლოდ მისი ველოსიპედი და ქუდი იპოვეს. 2003 წელს შვილი დაეხრჩო, 4 წლის გიორგი დაიაური.

69-ე დღეს იპოვეს ნიკო არდოტელის მამის ცხედარი. ისიც საცალფეხო ხიდიდან გადავარდა.

„რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, მუცო-არდოტსა და ხახაბოში წყლისგან, ზვავისგან, ქვისგან 48 ადამიანი გვყავს დაღუპული. გელა დაიაურის ოჯახის ტრაგედიაც ხომ გახსოვთ. ჩემი ცოლისძმაც, ფრიდონ დაიაურიც წყალმა წაიღო და დღემდე არ არის ნაპოვნი. ბადრი ზვიადაურიც კლდიდან გადავარდა, ერთი ბიჭი და მეუღლე დარჩა. ყველა ნათესავი წყალმა მომიკლა, ძმაც, დისშვილიც, სიძეც. სადაც მამაჩემი ვიპოვეთ, წყალთან, პატარა კოშკი ავაგე, ჩავედი ერთხელ და დავწერე:

ვერ ამოგშალე სულში აქვეა,

გულში რომ ბორგავს ჯავრის გრიგალი,

არღუნო, ჩემი მოსისხლე გქვია,

ვრჩები მე შენთან შეურიგალი.

როგორ უნდა შევურიგდე? მაგრამ ეს ჩვენი მიუხედავობის ბრალია, უნდა ვუშველოთ გზას და ხიდებს. რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლებამ რკინის რელსები მოგვცა, მუცოდან მხრებით და ზურგით ვათრიეთ, როგორც შეგვეძლო საცალფეხო ხიდები გავდეთ მდინარეზე, მაგრამ წყალი მოვარდა და ზოგან მთლიანად წაიღო, ზოგან კი დააზიანა. იმდენიც აღარ დავრჩით, რომ ბილიკი გავჭრათ“, - ნიკო არდოტელი ხელისუფლებას უსაფრთხო გზისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობას სთხოვს:

„განა ჩვენ პური და წყალი გვინდა? არა, ამას თვითონაც ვახერხებთ, ისეთ რამეებში გვინდა ხელის შეშველება, რასაც ჩვენ ვერ ვერევით. მდინარეზე ხიდი იყოს, რომ გახვიდე და აღარ მოკვდე“.

სამანქანო გზა სოფელ არდოტთან წყდება. არდოტს იქით, ანდაქის მარჯვენა მხარეს, ჯერ კიდევ არის სოფლები ხახაბო, ბახაო (არდოტელების საზამთრო სოფელი), ანდაქი და არჭილო. ანდაქის მარცხნივ ხონეს ხეობაა ორი სოფლით. შეთეკაურები ზაფხულობით ხონისჭალაში არიან, 4 ოჯახი კი ოქტომბრიდან მაისამდე ხონეში ცხოვრობს, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან. წლის განმავლობაში 7 თვე გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. არც ტელეფონი იჭერს, არც შუქი აქვთ, არც გზა უახლოეს სასაზღვრო სექტორამდეც კი, რომელიც 7-8 კილომეტრშია. მყუდროებას დათვი ან რუსეთიდან შემოსული ვერტმფრენი თუ დაურღვევთ.

ხახაბოში ზამთარში აღარავინ რჩება, ზაფხულობით ხახაბოსჭალაში 78 წლის მარიამ მინდიკაური და მისი შვილი, ბადრი ცხოვრობენ, ციხესოფელ ხახაბოში კი 36 წლის პაატა ხახიაური.

არდოტიდან ხახაბომდე ვიწრო ბილიკი კლდეებსა და ციცაბო მთას მიუყვება. ზამთარში ზვავებისგან დაზიანებულ ბილიკს, ყოველი წლის გვიან გაზაფხულზე, ბადრი და პაატა თხრიან. მარიამ მინდიკაური იხსენებს კიდეც, „რამდენჯერ ცხენ გადავარდა და რამდენჯერ მთლიანი გუდა წყალში გაუგორდა: „მაშ ის არ შეუძლია მთავრობას, მუშებ რო მაინც აიყვანონ და ამ ორ ადამიანს არ ათხრევინონ ეს ბილიკები და დაგვახმარონ, არ შეუძლია?“

ზაფხულობით უგზოდ დარჩენილ ხევსურებს მიხა ექიმი ეიმედებათ. „რაც არ უნდა იყოს, წყალში ივლის და მაინც მივა იქამდე, სადაც ადამიანს უჭირსო“. თოვლის, ზვავებისა და ყინვის გამო, ზამთარში გადაადგილება კიდევ უფრო რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. არდოტიდან ანდაქამდე საცალფეხო ბილიკს მდინარე ხუთ ადგილას კვეთს.

ანდაქში სოსო ზვიადაურია დარჩენილი, ზაფხულობით მეუღლესთან და შვილთან ერთად, ზამთარში მარტო. სოსო მესაზღვრეა. ნახევარი თვე მუცოს სექტორზეა, დანარჩენი ანდაქში. ძველი ხევსურული სახლი აქვს. მის აღდგენას ტრადიციული წესით ცდილობს.

არდოტიდან ანდაქ -არჭილოს გავლით, გზა (გზა ჰქვია თორემ...) ბორბალოს მთაზე გადადის, იქიდან კი თუშეთში, წოვათას ხეობაში. ეს მარშრუტი თუშეთ-ხევსურეთით დაინტერესებული ტურისტებისთვის მიმზიდველია, მაგრამ მდინარეებზე საცალფეხო ხიდების არქონის გამო, ამ გზით მოგზაურობას თავს არიდებენ. სოსოს ტურისტების მიღება უკვე შეუძლია, მაგრამ სტუმრები ჯერ არ ჰყავს.

კიდევ უფრო მიტოვებულია წოვათა. 7 სოფლიდან მუდმივი მცხოვრებნი ორ სოფელშიც აღარ არიან.

ხევსურეთში უსაფრთხო გზის არსებობა არდოტის, ანდაქისა და არჭილოს გაცოცხლებისა და განვითარების ხელშეწყობის გარდა, წოვათასაც მოასულიერებდა.


„მთის ამბებმა“ დაიწყო ადვოკატირების კამპანია - უსაფრთხო გზა ხევსურეთის სოფლებს. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო მასალების მომზადების გარდა, სხვა აქტივობებსაც ვგეგმავთ. შემოგვიერთდი!

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში