საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 17 ივლისი 2018

თუშეთის გზა სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში გაიხსნება

15:34 - 08 მაისი 2018 hits 1598

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასის მოწყვეტისა და მდინარე ალაზნის დაგუბების გამო, წელსაც დაგვიანებით, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიხსნება.

თუშეთის გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენლის, ტარიელ წიკლაურის თქმით, გზა მთებიდან ჩამონაშალი მასისგან და ზვავებისგან უკვე გაწმენდილია აბანოს უღელტეხილის ჩათვლით და ტექნიკა უკვე ქვემოთაა ჩასული, ე.წ. „ფიცრის ჭალასთან“.

„გზის 53-ე და 54-ე კილომეტრზე ორ ადგილას ზვავებია. გავწმენდთ თუ არა ამ მონაკვეთებს, მალევე მივალთ 56-ე კილომეტრზე, სადაც გასული წლის მსგავსად, ისევ მოწყვეტილია მთის ნაწილი და დაგუბებულია მდინარე. ვერტმფრენიდან რაც დავათვალიერეთ, წყლის სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრს აღემატება და საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დაგუბებული. მთიდან მოწყვეტილი მასაც ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი იქნება. წინასწარ იმის თქმა, რა დრო დაგვჭირდება ამ ადგილას გზის აღსადგენად, საკმაოდ რთულია“, - აღნიშნა ტარიელ წიკლაურმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში, როგორც კი მეწყრულ მონაკვეთამდე მისასვლელი გზა გაიწმინდება, სოფელ ხისოსთან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფი.

ამ პრობლემის გამო გასულ წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით, 12 ივნისს გაიხსნა, რამაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩაბმული ადგილობრივი მეწარმეები დააზარალა. საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე თუშები, რომლებსაც თუშეთში საოჯახო სასტუმროები ან მეურნეობა აქვთ, დატბორილ მდინარეში ნავებით გადაადგილდებოდნენ. თუშეთში ტურისტული სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და 3–4 თვე გრძელდება.

რაც შეეხება თუშეთის შიდა გზებს, რომელიც ძირითადი გზის დაგვიანებით გახსნის გამო, ადგილობრივებმა გასულ წელს ხელით გაწმინდეს და ზვავები ელექტროხერხითა და ნიჩბებით გაჭრეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, წელს ისევ შპს „თუშეთგზამ“ გაიმარჯვა, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოა. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს 80 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა „თუშეთგზამ“ ტენდერი 72 400 ლარად მოიგო.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ომალო დოჭუ-ილურთა ჯვარბოსელი-ვერხოვანი-კოკლათა-წოვათის გზის გაწმენდა ჩამონაშალი მასისგან ბულდოზერით, ვერხოვნის ხიდის სავალი ნაწილის მოწყობა ხე-მასალით მოაჯირის ჩათვლით, ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია, რაზედაც ჯამში 27 885 ლარი უნდა დაიხარჯოს. ომალო-დართლო-კვავლო-გირევის გზა გაწმენდაზე 11 235 ლარია გათვალისწინებული; ხისო-შტროლთა-ჟველურთა ჩიგლაურთა-ხახაბო-ცოკალთა-ქუმელაურთას - გზის გაწმენდაზე 5060 ლარი; ომალო შენაქოს გზის საფარის გაწმენდის გარდა, დაგეგმილია ხიდის დამცავი გაბიონის მოწყობა, ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დახერხილი ხე-მასალით, მოაჯირის მოწყობა. ამ სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ჯამში 7 645 ლარი უნდა ეყოს. ომალოს შიდა გზების რეაბილიტაცია - გზების მოხრეშვაზე 1770 ლარი დაიხარჯება. დანარჩენი სხვა ხარჯებია.

ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ტრაქტორისტებს თუშეთში შიდა გზების გაწმენდა დღეიდან უნდა დაეწყოთ, თუმცა გუშინ ახმეტიდან გაფრენილი ვერტმფრენი, რომელსაც მგზავრები თუშეთში გადაჰყავდა, უამინდობის გამო შუა გზიდან უკან მობრუნდა.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში