საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

რას ითხოვს თუშეთში დაბრუნებული ახალგაზრდა სახელმწიფოსგან

15:17 - 22 აპრილი 2018 hits 11425

„ზაფხულობით ყოველ წელს აქ ვიყავი, მაგრამ ზამთარში არ ვყოფილვარ. ყველა იმას მეუბნებოდა შესაწყენიაო. მე არ შემწყენია. ვაპირებ რომ მომდევნო წლებშიც დავრჩე და ვნახოთ რა იქნება“, - გოჩა რაინაული 36 წლის არის. წარმოშობით თუშეთის სოფელ ვესტმოდანაა, თუმცა გომეწრის ხეობის ამ სოფლამდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. ზამთარში იქ არც არავინ რჩება. გოჩამაც სოფელ შენაქოში გამოიზამთრა - ბოლო 8 წლის განმავლობაში ის ამ სოფლის მეოთხე მცხოვრები პირველად იყო.

„მაინტერესებდა ზამთარში მთაში ცხოვრება როგორი იყო. უფრო ამ მიზნით დავრჩი. აქ საქონელს ვუვლი, თორმეტი ძროხა მყავს მოსაგები, შვიდი ცხენი, ფრინველი. მთაში უფრო მარჯვეა საქონლის შენახვა, მაგრამ მეტი შრომა სჭირდება. ყველაფერს ხელით ვაკეთებ. ხელით ვთიბავ, თივას ხელით ვაგროვებ, საპრესი ძველი იყო და გაფუჭდა, აღარ ვარგა. ბალახი ხელით შევიტანეთ საფარში და ზვინებად დავდგით. საქონლის შესანახად დაახლოებით 2 ათასი ცალი პრესი მაინც მინდა. ტექნიკა საერთოდ არ გვაქვს. ძროხასაც ხელით ვწველი, ყველსაც ხელით ვაკეთებ, მამა-პაპური წესით.

„მთავრობისგან არანაირი ტექნიკური ხელშეწყობა არ გვაქვს. კოოპერატივი შექმენით და დაგეხმარებითო, გვითხრეს, მაგრამ კოოპერატივი ვისთან ერთად შევქმნა? სულ 4 ადამიანი ვართ მთელ შენაქოში“.

1978 წლიდან შენაქოში მუდმივად ცხოვრობენ კაკო ბუქვაიძე და მისი მეუღლე ელიკო. რამდენიმე წელია შენაქოში იზამთრებს კაკოს ბიძაშვილი, ელდარ ბუქვაიძეც.

გოჩას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახის წევრები ბარში, სოფელ ქვემო ალვანში დატოვა: „ზამთარში ცოლ-შვილი აქ ვერ ამომყავს. ბავშვები სკოლაში დადიან. თუშეთში სკოლა არ არის. ამიტომ, ოჯახში არ გვისაუბრია ამ თემაზე - იცხოვრებდნენ თუ არა ჩემთან ერთად თუშეთში მუდმივად. მე მომწონს აქ ცხოვრება. მართალია ალვანში ბევრი ხალხია, აქ ავსაც და კარგსაც მოწყვეტილი ხარ, მაგრამ ტელეფონი მუშაობს, დღისით ინტერნეტიც გვაქვს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ვეცნობი, მეგობრებს ვუკავშირდები. ვერტმფრენი კვირაში ერთხელ დაფრინავს. რამე რომ გაგიჭირდეს, იზამ რაღაცას. ვერტმფრენი ჩვენთვის დიდი შეღავათია“.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები 2017 წლის გაზაფხულიდან სრულდება, ნოემბრიდან მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში, თითქმის 7 თვის განმავლობაში, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავების გამო დაკეტილია. ვერტმფრენით თუშეთში მგზავრობა იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც იქ ცხოვრობს, ფერმერულ საქმიანობას ეწევა ან დროებით სამუშაოებზეა დასაქმებული. მგზავრობა უფასოა.

„რთულია, დაახლოებით 6-7 თვე გზა რომ არ გვაქვს. შენაქოს გარდა შუქიც არ არის თუშეთის სხვა სოფლებში, ბევრგან ტელეფონიც არ იჭერს. ეს აფრთხობს ბევრ ადამიანს, ვისაც უფიქრია აქ ცხოვრებაზე. სახელმწიფომ ცოტა მეტი რომ იზრუნოს, შუქი რომ იყოს რამდენიმე სოფელში, ტელეფონი და სკოლა - პანსიონით, შეიცვლებოდა სიტუაცია, დარჩებოდა აქ ხალხი. ზოგი საქონელს მოაშენებდა, ზოგი ფუტკარს. წეღანაც გითხარით, მე მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა - ტრაქტორის სათიბი მაინც მოგვცენ სოფელს. პროგრამები მთის სოფლებში არსებულ მდგომარეობას უნდა მოარგონ, რამდენი ადამიანიც ვართ, იმის გათვალისწინებით უნდა შეძლონ აქაურების მხარდაჭერა“, - ამბობს გოჩა.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. წელს, ზამთარში მთელ თუშეთში მხოლოდ 22 ადამიანი დარჩა, აქედან 4 სოფელ შენაქოში, 18 კი ქვემო ომალოში. მოზამთრეებიდან სამია ახალგაზრდა, ნინო გაწერიძე - თუშეთის ექთანი, რომელიც მთაში 2 შვილთან ერთად ცხოვრობს; 36 წლის ზურაბ იჭირაული - დასაოჯახებელი და გოჩა რაინაული.

ერთ თვეში, როცა თუშეთი ახმიანდება, გოჩა თავისი ცხენებით ტურისტებს თუშეთის ხეობებში, ასევე თუშეთიდან ხევსურეთში და პირიქით, ხევსურეთიდან თუშეთში უმეგზურებს.

 

ამ თემაზე:

7 თვე არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი - მარტოკაცი გომეწრის ხეობიდან

24 გადარჩენილი სიცოცხლე - რა პირობებში მუშაობს თუშეთის ერთადერთი ექიმი

„სოფელი სოფელს გასძახის: „დაილიე თუ ხარაო“ – ბოლო პერიოდში 223 სოფელი იქცა ნასოფლარად 

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში