საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პარასკევი, 17 აგვისტო 2018

23 წლიანი წყვეტის შემდეგ რაჭის სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

16:38 - 09 თებერვალი 2018 hits 10891

საქართველოს რეგიონებში შობადობასთან შედარებით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია. მოსახლეობაც ყველაზე მეტად აქ შემცირდა. მთელ რეგიონში, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, თვეში მხოლოდ 19 ბავშვი იბადება, ანუ ერთ მუნიციპალიტეტში კვირაში მხოლოდ ერთი ბავშვი. ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტში სულ 6130 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, 9277 ცხოვრობდა, შემცირებულია 3147 ადამიანით.

ონის მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე სოფელიღაა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ს აჭარბებს. უწერის თემი (4 სოფელი) - 388 ადამიანი, ღარი (2 სოფელი) 388, ღები (3 სოფელი) 424, შეუბნის თემი (6 სოფელი) 379, საკაოს თემი (5 სოფელი) 225.

მოსახლეობის რაოდენობა სოფელ გლოლაშიც შემცირდა. თუ 2002 წელს 385 ადამიანი იყო რეგისტრირებული, ახლა 279-ია.

გლოლა ზღვის დონიდან 1280 მეტრზეა, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. რთული სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატური პირობების მიუხედავად, განსაკუთრებით ზამთარში, გლოლაში მაინც შემორჩნენ ახალგაზრდა ოჯახები. სკოლის არსებობა ერთ-ერთი მიზეზია, რამაც სოფელი დაცლას გადაარჩინა. სკოლაში ამჟამად 20 მოსწავლეა, აქედან 1-ელ და მე-4 კლასებში 4-4 ბავშვი სწავლობს, მე-3 კლასში 3 ბავშვია. მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასებში თითო-თითო მოსწავლეა, მე-12 კლასში 3 მოსწავლე. სკოლაში მე-4 და მე-10 კლასები არ აქვთ. სკოლაში 14 მასწავლებელია და ბავშვებს ყველა საგანს ასწავლიან.

„გლოლაშიც და ონის დანარჩენ სოფლებშიც შობადობის შემცირების მთავარი მიზეზი მიგრაციასთან ერთად ისიც არის, რომ აქ დარჩენილი მამაკაცები დაოჯახებულები არ არიან“.

ზამთარში რთულია აქ ცხოვრება“, - უთხრა „მთის ამბებს“ გლოლაში მცხოვრებმა მაია გრიგოლაშვილმა, რომელიც 17 წელია სოფელში საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს.

დირექტორი იხსენებს, რომ ამ პერიოდში გლოლის სკოლის პირველ კლასში არასდროს შესულა ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლება ექნებოდა მიღებული. „ბავშვები, რომლებიც სკოლაში შესვლამდე საბავშვო ბაღში დადიან, უფრო ადვილად ამყარებენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სკოლის პროგრამებსაც უფრო ადვილად ითვისებენ, ფსიქოლოგიურადაც უფრო მომზადებული არიან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენს სოფელში ბავშვებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მეზობელი სოფელი - უწერა კი, დაახლოებით 14 კილომეტრშია. ტრანსპორტიც არ დადის და ამხელა მანძილზე ვერ ატარებ ბავშვს“, - ამბობს მაია გრიგოლაშვილი.

ადრეული და სკოლამდელი ასაკის აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე კანონით, სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.

მუნიციპალიტეტები კი ვალდებულები არიან დანერგონ და უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების მიწოდება ბავშვებისთვის.

გლოლაში საბავშვო ბაღი 1994 წლის შემდეგ, 23 წელი აღარ ფუნქციონირებდა. 2017 წელს სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რაზედაც 110 ათასი ლარი დაიხარჯა.

გლოლის საბავშვო ბაღი მესამეა მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასკოლო მზაობის ცენტრები მუშაობს. სოფელ ჭიორაში სასკოლო მზაობის ცენტრში 3 ბავშვია, ღარშიც ამდენივე, გლოლაში კი უკვე 9 ბავშვი ჰყავთ, 4-დან 6 წლამდე ასაკის. გლოლაში ბავშვებს 2 აღმზრდელი ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში ამეცადინებს.

ჭიორას, ღარის და გლოლის სასკოლო მზაობის ცენტრები ონის საბავშვო ბაღის დაქვემდებარებაშია. ეს ერთადერთი საბავშვო ბაღია მუნიციპალიტეტში, სადაც სააღმზრდელო პროცესი დილიდან საღამომდე მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტი ბავშვებს სამჯერადი კვებითაც უზრუნველყოფს. ონის საბავშვო ბაღის 5 ჯგუფში, 113 ბავშვი იღებს სკოლამდელ განათლებას.

საბავშვო ბაღის მენეჯერის, მზია გუგეშაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ბოლომდე ინარჩუნებდა სასკოლო მზაობის ცენტრს სოფელ უწერაშიც, სადაც აღმზრდელი მხოლოდ ერთ ბავშვს ამეცადინებდა, თუმცა გასული წლის მაისის ბოლოს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.2018 წლის ბიუჯეტში ონის საბავშვო ბაღის დასაფინანსებლად 190 ათასი ლარია გათვალისწინებული. მზია გუგეშაშვილი ამბობს, რომ სასკოლო მზაობის ცენტრის გახსნა სოფელ ღებშიც იგეგმება.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების სპეციალისტის ანა ჯანელიძის თქმით, ერთი ბავშვიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მას ხელი მიუწვდებოდეს სკოლამდელ განათლებაზე.

„საკმარისი რაოდენობა კანონის მიხედვით არის ერთი ბავშვიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელში, სადაც შეიძლება ერთი ან ორი ბავშვი იყოს, უნდა გაიხსნას ტრადიციული, 9 საათიანი საბავშვო ბაღი. ის ვერც შეასრულებს გარკვეულწილად იმ ფუნქციას, თუ ბავშვს არ აქვს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება, ბავშვს არ ექნება მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად შესაძლებელი იყოს მრავალფეროვანი სერვისების არსებობა. ანუ მხოლოდ 9 საათიანი, ტრადიციული, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სკოლამდელი დაწესებულება კი არ იყოს დაშვებული კანონით, არამედ სხვა ტიპისაც, რომლის გამოცდილებაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. ბევრი ტიპის სერვისი შეიძლება იყოს, მათ შორის დღეში 4 საათიანი, ან უფრო მცირე პროგრამებითაც არის შესაძლებელი იმ შედეგების მიღწევა, რაც აუცილებელია ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისთვის“, – ამბობს ანა ჯანელიძე.

მისივე თქმით, ადრეული ასაკი, პირველი 6 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის, მისი ტვინის ფორმირებისთვის. „კვლევები გვეუბნება სწორედ იმას, რომ თუ ამ პერიოდს არ გამოვიყენებთ და მაქსიმალურად არ შევუწყობთ ხელს ბავშვის განვითარებას, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რომელიც შესაბამის გარემოში იზრდება როგორც ოჯახში, ასევე საბავშვო ბაღში, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვს სკოლაში; სოციალური თვალსაზრისით, ემოციური უნარჩვევები უფრო მეტად აქვს განვითარებული, ვიდრე იმ თანატოლებს ვინც არ დადიოდნენ ხარისხიან საბავშვო ბაღში. ნაკლები შანსია, რომ როცა ზრდასრულები გახდებიან, უმუშევრები იყვნენ, დამოკიდებული იყვნენ სოციალურ დახმარებაზე, ჩაერთონ რაიმე ტიპის კრიმინალურ აქტივობაში და ა.შ“, – აღნიშნავს ანა ჯანელიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე ხელი 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების 35%–ს არ მიუწვდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში