საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 17 ივლისი 2018

პირველი რუსულენოვანი არხი სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას ახალ წლამდე დაიწყებს

00:01 - 11 დეკემბერი 2017 hits 3212

„ტოკ ტვ“ - ასე ჰქვია ახალ და საქართველოში ერთადერთ რუსულენოვან არხს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას ახალ წლამდე დაიწყებს. ტელეკომპანიამ რეგიონში რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკური სომეხია, დაახლოებით 80%-მა კი ქართული ენა არ იცის, კონკურენცია უნდა გაუწიოს რუსეთის არხებს და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს.

ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი არხის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობა მოხერხდა. გადამცემი ინფრასტრუქტურა „დამალას“ მთაზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მოეწყო და ეროვნული და რეგიონული მაუწყებლების სიგნალს იმ სოფლებშიც კი ავრცელებს, რომელშიც აქამდე ქართული არხები საერთოდ არ აჩვენებდა. ჯავახეთი ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც 2015 წლიდან, მას მერე რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ადგილობრივი ტელეკომპანიები მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო. ნინოწმინდის „ფარვანამ“ და ახალქალაქის „ატვ 12“-მა ქსელის აწყობა ვერ შეძლეს და მცირე მასშტაბით მხოლოდ საკაბელო სისტემით ახერხებდნენ მაუწყებლობას.

ორწლიანმა წყვეტამ ჯავახეთში სომხეთის და რუსეთის არხებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ეს მონაცემები მანამდეც საგანგაშო იყო: 2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულ არხებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის 40 %-ზე მეტი უყურებს, ასევე მაღალია სომხური არხების ყურების მაჩვენებელი, ქართული ეროვნული მაუწყებლების მაჩვენებელი კი 10%-მდეც ვერ აღწევს. რუსული არხებს შორის NTV და ORT ლიდერობს.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორ“-ის ხელმძღვანელის არარატ ტტტიანის თქმით, სომხეთის და რუსეთის არხების ყურების მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევიდან ჩანს. არარატი სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ სომხეთის არხებს ჯავახეთის მოსახლეობის დაახლოებით 80% უყურებს, რუსეთის არხებს კი 60%.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მთლიანად ჩავხსნით რუსულ არხებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ წილ სარეველას ნამდვილად მოვთხრით“ - ნათია კუპრაშვილი

„საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ინფორმაციას სომხური და რუსული არხებიდან იღებენ, თან იმგვარი ინტერპრეტაციით და ხედვით, როგორც ეს რუსეთის ინტერესებშია. ახალი არხი მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ შესაძლებლობას გააჩენს და იქნებ რუსული გავლენაც შეამციროს“, - უთხრა „მთის ამბებს“ ახალქალაქში მცხოვრებმა პედაგოგმა დალი აღდგომელაძემ.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 38 895 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 16 462 ადიგენში, 10 372 ასპინძაში, 45 070 ახალქალაქში, 25 214 ბორჯომში და 24 491 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 81 089 ადამიანი ეთნიკური სომეხია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 57 610 ადამიანი არ ფლობს ქართულ ენას.

ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები საეჭვოა მაკა ანთაძისთვის, რომელიც 2003 წლიდან ნინოწმინდაში მუშაობს. ის სოფელ განძის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელია. 9 წლის განმავლობაში, 2015 წლის ჩათვლით, ამავე სოფელში მასპინძელ ოჯახში ცხოვრობდა. მაკა ამბობს, რომ სოფელში, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მის გარშემო ქართული ენა არავინ იცოდა: „მინდოდა ბავშვებს სახლებში ქართულენოვანი ამინდის პროგნოზისთვის მაინც მოესმინათ და ჩაეწერათ, მაგრამ არ აჩვენებდა ქართული არხები. ე.წ. სატელიტური ანტენები ძირითადად სომხური და რუსული არხების მისაღებად აქვთ მიმართული. საღამოს 7-ზე და 10 საათზე ზოგიერთ ოჯახში უყურებდნენ ადგილობრივ ტელეკომპანია „ფარვანას “, რომელიც ნინოწმინდის ამბებს აშუქებდა. ნინოწმინდაში, ქალაქში უფრო იციან ქართული ენა, ვიდრე სოფლებში, თუმცა ცენტრშიც ძალიან ცოტამ. შეუძლებელია 20 ათასმა ადამიანმა ქართული ენა იცოდეს ორივე მუნიციპალიტეტში ერთად. ახალგაზრდები უფრო სწავლობენ ახლა, ბოლო წლებში, რაც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ბავშვებს ვასწავლით სკოლაში, მაგრამ სკოლის იქით ქართულ ენაზე კომუნიკაცია არ აქვთ და ავიწყდებათ“.

ახალი ტელეარხი „ტოკ ტვ“-ის მაუწყებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მთლიანად მოიცავს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა. ვალდებულების მიხედვით, არხმა ქართულ და რუსულ ენებზე დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი უნდა იმაუწყებლოს.

„TOK TV-ის კონცეფცია უმეტესად რუსულენოვანი რეგიონული არხის ფორმირებას ეფუძნება, რომლის სამაუწყებლო პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგრამებით. ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი ტელეპროექტები - BBG-დან, DW-ის გასართობი და მხატვრულ შემოქმედებითი პროგრამები, პარტნიორი უკრაინული არხების გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, სერიალები და ფილმები, ესტონეთის რუსულენოვანი არხის პროგრამები. ასევე მოხდება ადგილობრივი წარმოების რუსულენოვანი ადაპტირებაც. ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრი, რომელიც ამ არხს ქმნის, უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს რეგიონული აუდიტორიისთვის საინტერესო პროგრამებს - აგრო სიახლეებს, სადისკუსიო გადაცემებს. დაწყებულია საბავშვო პროგრამის წარმოება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსულენოვან პროგრამასთან პარტნიორობით და ამ სტუდენტების ჩართულობით, ვფიქრობთ, ახალი ამბების დაიჯესტის მომზადებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადგილზე გაძლიერდნენ აქტორები. თუ ისინი სატელევიზიო კონტენტს მოამზადებენ, ჩვენ მათ სივრცეს დავუთმობთ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

დამფუძნებლები გეგმავენ „ტოკ ტვ“-ის ეთერში ქართული ენის შესწავლის სატელევიზიო პროგრამებიც გაუშვან: „ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მთლიანად ჩავხსნით რუსულ არხებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ წილ სარეველას ნამდვილად მოვთხრით. შევავიწროვებთ ამ არხებს ადგილზე. ეს არის ჩვენი ამბიცია და ამას მოვახერხებთ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში