საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 17 ივლისი 2018

საჩხერე – ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

12:07 - 07 ნოემბერი 2017 hits 2065
ფოტო: გიორგი ნიკოლავა
საზოგადოება
ფოტო: გიორგი ნიკოლავა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი 5 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობის პირველი ეტაპი საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე 3-5 მეტრის მოხრეშილი გზაა, რომლის რეკონსტრუქცია-მშენებლობაცაა დაგეგმილი. მონაკვეთი სრულდება მდინარე ჯრუჭულას ხიდამდე და მისი საერთო სიგრძე 5 537 მეტრია.

პირველი 5 კილომეტრის მშენებლობის პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918.00 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება.

ზემო იმერეთი რაჭის დამაკავშირებელი, დაახლოებით 50 კილომეტრიანი ახალი საავტომობილო გზა თბილისიდან ონამდე მგზავრობის დროს, 5 საათიდან 3 საათამდე შეამცირებს. გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გზის მშენებლობაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ხელისუფლება საჩხერე რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის 4 მარშრუტს განიხილავდა, აქედან სამი მარშრუტი საჩხერეს ამბროლაურთან აკავშირებდა, ერთი კი ონთან. საბოლოოდ გზის მშენებლობა საჩხერიდან უზუნთა–შქმერი – ონის მიმართულებით გადაწყდა.

ვარაუდობენ, რომ ახალი საავტომობილო გზა ონის რაიონში მიგრაციას შეამცირებს. სტატისტიკური მონაცემებით, ონის რაიონში, ქალაქსა და 64 სოფელში სულ 6500–მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 22 სოფელში 1–დან 10–მდე კომლიღაა დარჩენილი. 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვი აღარ არის. 2016 წელს სულ 36 ბავშვი დაიბადა – ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაანონსა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში