საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთიულეთში მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი ხანდოს ხეობასა და ფასანაურზე აღარ გაივლის

20:20 - 20 ოქტომბერი 2017 hits 7099

500 კილოვატიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი სტეფანწმინდა“ ხანდოს ხეობასა და დაბა ფასანაურის ტერიტორიაზე აღარ გაივლის. მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მარშრუტი შეცვალა. ელექტროგადამცემ ხაზს მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროს ფერდობებზე გადაიტანენ.

„ქსანი სტეფანწმინდას“ მშენებლობის  პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით, მისივე შვილობილი კომპანია შპს „ენერგოტრანსი“ ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი მთიულეთში ათამდე სოფელს კვეთდა და საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეული მეტრით იყო დაშორებული. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივების შედეგად სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკები იზრდებოდა.

მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზის მიმართულების შეცვლის მოთხოვნით მთიულებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რამდენჯერმე მშენებლობის პროცესი შეაჩერეს კიდეც. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, 2–ჯერ სპეცრაზმის მობილიზაციაც მოხდა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მხარდაჭერით მოსახლეობამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. სასამართლო დავის მიუხედავად, ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი ილია ელოშვილი აცხადებდა, რომ ქსანი–სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგებოდა და ის აუცილებლად აშენდებოდა. მოსახლეობის პროტესტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქმა ხელისუფლებას მოუწოდა, მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადაედგა და სადაც შესაძლებელია, ხაზის გასაყვანად ალტერნატიული მარშრუტები შემუშავებულიყო. წინასაარჩევნოდ სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერდა. ხელისუფლება მთიულებს მათი მოთხოვნების გათვალისწინებას დაპირდა.

17 ოქტომბერს, გარემოს დაცვის სამინისტრომ „ქსანი-სტეფანწმინდას“ შეცვლილი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტით დაცული იყო უახლოესი საცხოვრებელი ზონებიდან ხაზის დაცილების ნორმირებული მანძილები, „ენერგოტრანსის“ მიერ მიღებულ იქნა ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო დერეფნის შეცვლის გადაწყვეტილება. იცვლება 133–ე და 162–ე საყრდენებს შორის მოქცეული მონაკვეთი, სულ 12.6 კილომეტრი.

 

შეცვლილი მარშრუტის დეტალური აღწერა

ანგარიშის მიხედვით, ალტერნატიული ხაზი იწყება 133–ე ანძიდან, რომელიც მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროს ზედა ნიშნულებზე, სოფელ ხამუშას მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მონაკვეთზე საპროექტო ხაზის დერეფანი გადის ხშირი ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, უახლოესი საცხოვრებელი სახლიდან დაცილება კი 150 მეტრია. შემდეგ ხაზი უხვევს აღმოსავლეთის მიმართულებით, გადაკვეთს საქართველოს სამხედრო გზას, მდინარე არაგვს და ადის არაგვის მარცხენა სანაპიროს მაღალ ნიშნულებზე.

ელექტროგადამცემი ხაზი მიემართება სოფელ ბანცურის მიმდებარე ტერიტორიისკენ და სოფლიდან 600-650 მეტრის დაცილებით გაივლის. სოფელ ბანცურამდე ხაზი გადაკვეთს ერთ ბუნებრივ ხევს. აქედან ხაზი მიემართება სოფელ ცხვედიეთის მიმართულებით, რომელსაც გაუვლის აღმოსავლეთის მხრიდან არანაკლებ 300-350 მეტრის დაცილებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სოფელ ბანცურში მუდმივი მოსახლეობა არ არის, ხოლო სოფელ ცხვედიეთში მუდმივად ერთი მოსახლეა.

ცხვედიეთთან ხაზი გადაკვეთს ბუნებრივ ხევს და გრძელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, ხეობის მაღალ ნიშნულებზე სოფელ დიხჩოს მიმართულებით.

სოფელ ბახანის ერთ–ერთი უბნის განაპირა საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე მდებარეობს, ხაზი დაცილებული იქნება 150-160 მეტრით, ხოლო სოფელ დიხჩოს განაპირა საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 500 მეტრით.

დიხჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანი ეშვება მდინარე შავი არაგვის კალაპოტისაკენ, მდინარის გადაკვეთა მოხდება სოფელ წინამხრის ქვედა დინებაში, საიდანაც ხაზი ადის მდინარის მარჯვენა სანაპიროს ფერდობზე, გადაკვეთს საავტომობილო გზას და შედის წიწვოვანი სახეობებით გატყიანებულ კორომში. ამის შემდეგ ხაზი გაივლის სოფელ წინამხრის მიმდებარედ არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ჩრდილოეთის მხრიდან. ჩრდილოეთის მხრიდან შემოუვლის სოფელ წინამხარს და შეუერთდება ძირითადი პროექტის დერეფანს.

„ენერგოტრანსის“ მტკიცებით, როგორც ეკლესიიდან, ასევე სოფელ წინამხრის განაპირა საცხოვრებელი სახლიდან დაცილების მანძილები არ იქნება 300-350 მეტრზე ნაკლები. მათივე განცხადებით, ეკლესიიდან დაცილების მანძილი არქეოლოგიური დასკვნის მიხედვით განსაზღვრულია არანაკლებ 50 მეტრით, მაგრამ დაცილების მანძილი გაიზარდა ე.წ. „ხატის ტყის“ დაცვის მიზნით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ნათქვამია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის დიდი დახრილობის ფერდობებზე, სადაც გზების გაყვანა და საყრდენებისთვის სამშენებლო მოედნების მომზადება დაკავშირებული იქნება ეროზიული პროცესების მაღალ რისკებთან, რაც საჭიროებს მნიშვნელოვანი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2017 წლის 4 დეკემბერს, 14:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში