საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

თბილისიდან რაჭაში - 26 წლის ტყუპი ძმების ბიზნესი დაცარიელებულ სოფელში

06:03 - 24 აგვისტო 2017 hits 132357

„სიყვარულმა დაგვაბრუნა. აქ ვართ გაზრდილები, ბებიამ და ბაბუამ შეგვაყვარა აქაობა. გული მწყდებოდა, რომ დაიკეტა და დაიცალა სოფელი. აღარავინ იყო მოსახლე. ამ ტკივილის გამო წამოვედით სოფელში. ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც გვეუბნებოდნენ - ცხოვრება გაგიჭირდებათო, მაგრამ აქაობის სიყვარულით დავძლიეთ ყველაფერი“.

26 წლის ტყუპებმა, შოთა და მირიან მეტრეველებმა ბევრისთვის გაუგებარი და მათთვის სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს - 3 წლის წინ, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, ონის რაიონის თითქმის დაცარიელებულ სოფელში - ბოყვაში გადასახლდნენ.

ჩარაზული ჭიშკრის მიღმა უამრავი პრობლემა ელოდათ - ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი მოსაწყობი ჰქონდათ.

„აღარავინ იყო აქ, სოფელი იკეტებოდა. ერთი 80 წელს მიღწეული კაცი, კუჭა - იური კერესელიძე და ნუნუ მესხი ამაგრებდნენ სოფელს. მე და ჩემი ძმა წამოვედით და ერთმანეთის დახმარებით, გვერდში დგომით, სოფელს ჩვენი წილი სიცოცხლე შევმატეთ, ავახმაურეთ“.

გაუჭირდათ, თუმცა სიძნელეების დაძლევა მოახერხეს. ლორის საწარმოებლად ღორები მოაშენეს. შემოდგომაზე კაკალს აგროვებდნენ, ფიზიკურადაც მუშაობდნენ. მამის დახმარებით საქონელიც იყიდეს. დღეს უკვე 20 სული ჰყავთ და რძის პროდუქციას, ძირითადად, ყველს აწარმოებენ. კილოგრამ ლორს - 25, ყველს კი 8 ლარად ყიდიან. ეამაყებათ, რომ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი აქვთ, კლიენტები სახლშიც კი აკითხავენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ, მეტიც, როცა საკუთარი პროდუქცია (700-800 კგ წელიწადში) უთავდებათ, ლორის გაყიდვაში მეგობრებსა და ახლობლებსაც ეხმარებიან. ყველაფერთან ერთად მეფუტკრეობასაც მისდევენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 3 სკა აქვთ.

ზაფხული ყველაზე დატვირთული პერიოდია. ზამთრისთვის მზადება ყოველდღიურ, მძიმე შრომას მოითხოვს. 

ძმების სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება. საქონელს მოუვლიან, მოწველიან, შემდეგ ღორებს აჭმევენ. მოწესრიგდებიან, ისაუზმებენ, ყველს ამოიყვანენ და სათიბად გადიან. საღამოს 8 საათისთვის საქონელი უნდა მორეკონ. დააბინავებენ, მოწველიან და კიდევ რამდენიმე თავ ყველს ამოიყვანენ. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ, თუმცა ერთმანეთს ენაცვლებიან, ცოტა მაინც რომ დაისვენონ.

„ჩვენი საქმე გვაძლებინებს აქ, მოსაწყენად არ გვცალია. ცდილობ მალე მოითავო ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მეტხანს დაისვენო. ძალიან თუ გადაიღალე, შეიძლება საქმეს ავნო.

მეგობრები დღესაც გვეუბნებიან, მოეშვით მაგ საქმეს, ყველაფერი გაყიდეთ და ცოტა იოლი ცხოვრებით იცხოვრეთო, მაგრამ, რაკი დავიწყეთ, გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ“.

მარტო ცხოვრება უძნელდებათ. თოვლი რომ დადებს, მიმოსვლაც ჭირს და შეიძლება მთელი კვირა ისე გავიდეს, ადამიანს ვერ გამოელაპარაკონ.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ბოყვას რაიონულ ცენტრთან (ონი) 12 კილომეტრიანი სამანქანო გზა აკავშირებს. სოფელს ელექტროენერგიაც მიეწოდება, ინტერნეტიც და ტელეფონიც იჭერს.

მიუხედავად ამისა, ბოყვა თითქმის დაცლილია და 4 ადამიანიღა ცხოვრობს.

მირიანი იხსენებს, რომ 8 წლის წინ, სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში მისი 70-მდე თანატოლი წავიდა და მათგან მხოლოდ 10-15 კაცი თუ დაუბრუნდა რაიონს.  

არადა, შოთასა და მირიანის გზაც სხვაგვარი შეიძლება ყოფილიყო. მათი თანატოლების უმეტესობის მსგავსად, სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისში რომ წავიდნენ, ტყუპებსაც შეეძლოთ დედაქალაქში დარჩენა, მითუმეტეს, გარკვეული შემოსავალიც ჰქონდათ. შოთა „ფოლკსვაგენის“ ცენტრში მუშაობდა. ანაზღაურება გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული და 700-800 ლარს იღებდა. მირიანს და მის ბიძაშვილს სამარშრუტო ტაქტსი ჰქონდათ და აქედან მიღებული შემოსავლით ირჩენდა თავს.

„ყველა მიდის, სწავლა, სწავლა და სწავლაო. ყველას უნდა თანამდებობა, კაბინეტში ჯდომა და ხელფასი. ჩვენთან დასაქმებაა ყველაზე დიდი პრობლემაა. აქაურობას სასაზღვრო პოლიცია თუ ინახავს, თორემ პერსპექტიულად დასაქმების სხვა ვარიანტი არ არის. ერთჯერადი სამუშაოებია, მერე ეს ხალხი აღარ დასჭირდებათ და გაუშვებენ“.

რთული პირობებისა და მძიმე შრომის მიუხედავად, ძმები არათუ სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ, სამომავლო, ამბიციური გეგმებიც აქვთ - რძის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობა სურთ. კოოპერატივი უკვე ჩამოაყალიბეს. 35 ათას ევროდ შეფასებულ დანადგარებს სახელმწიფო უფინანსებს. კოოპერატივის მხრიდან შენობა-ნაგებობის მოწყობაა საჭირო. ძმები ვარაუდობენ, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ყველაფერი მზად ექნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ რძის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობაში სახელმწიფო პროგრამა ეხმარებათ, ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები გლეხებისა და ფერმერების პრობლემებს კარგად არ იცნობენ, „შორიდან ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ“ და შესაბამისად, მხარდაჭერა გლეხის საჭიროებებზე არაა მორგებული - „პროფესიული ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგებიც ისეთ დროსაა, ხალხი ვერ იცლის. ისეთი პერიოდს უნდა არჩევდნენ, გლეხს რომ მეტი თავისუფალი დრო აქვს და შეუძლია დასწრება“.

აგვისტოს ბოლოდან სოფელს საზაფხულოდ ჩამოსული მოსახლეები დატოვებენ. ოქტომბრის ბოლოს კი შოთა და მირიან მეტრეველები მარტონი, ერთმანეთის იმედადღა დარჩებიან. ყინვები რომ დაიჭერს, ღორებს დაკლავენ და ლორს მოამზადებენ. რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის აშენებაც უნდა მოასწრონ. საქმე მრავლად აქვთ და მოსაწყენად არა სცალიათ.

„ბევრჯერ მითქვამს, რა ძალა მადგა, რატომ გავყავი ასეთ შარში თავი მეთქი. მაგრამ, რო ავდგეთ და წავიდეთ, დაიკეტება სოფელი, სოფელმა თუ არ აირსება კიდე, მგონი ქვეყანაც ვერ იარსებებს“.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში